გადაწყვეტილება №96127/1/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.06.2025
№ დოკუმენტი 96127/1/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№96127/1/2025

30 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, შპს ------- 9.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №96127/1/2025).

 

დავის საგანი:

1. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №077-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11171 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 168 984,33 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 105 939,34

ჯარიმა - 52 970

საურავი - 10 074,99

 

პროცედურული გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო საქმიანობა. კომპანია მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ქალაქ -------.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 31 მარტის №6047 ბრძანება და ამავე თარიღის №077-8 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11171 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული ფორმით, შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოწმების მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები და ახსნა/განმარტებები.

2025 წლის 4 თებერვალს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული). კომპანიის საბანკო ამონაწერების მიხედვით ფიქსირდება საბანკო ტერმინალიდან თანხების განაღდება დანიშნულების გარეშე, ასევე სხვადასხვა პირადი მოხმარების გადახდები საბანკო ტერმინალებით.

საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხები და პირადი გადახდები განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე და 97–ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ გაანგარიშებაში ასახულია 80 000 ლარი, რომელიც 2022 წლის დეკემბერში ტრაქტორის შესაძენად ჩაურიცხა ინდივიდუალურ მეწარმეს, ხოლო ვინაიდან ტრაქტორი იყო გაუმართავ მდგომარეობაში არ მომხდარა მისი გადმოფორმება. გადამხდელი აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული ტრაქტორი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და ზედნადებით გადავიდა შპს „-------“ საკუთრებაში და აღნიშნულ თანხაზე შემმოწმებლის მიერ განხორციელებული დარიცხვა ექვემდებარება გაუქმებას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შესწავლილ იქნა გაანგარიშება და მათი ვარაუდით მასში არ მონაწილეობს დამფუძნებლის ------- მიერ კომპანიაში განხორციელებული გარკვეული შენატანები 12 000 ლარამდე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას. ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, ინტერნეტ მაღაზიების მიერ კომპანიის ანგარიშზე დაბრუნებული თანხების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშებიდან განხორციელებულია პირადი გადახდები ინტერნეტ მაღაზიებზე, რომლიდანაც დაბრუნებული თანხები (911 ლარი) გათვალისწინებულია ფულის ნაშთის გაანგარიშებისას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ტრაქტორის შეძენაზე გადახდილი (80 000 ლარი) თანხის და კომპანიის დამფუძნებლის მიერ განხორციელებული შენატანების (12 000 ლარი) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და თუ დასტურდება ტრაქტორის შეძენა/დამფუძნებლის შენატანი, აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის დეკემბრის თვეში სამშენებლო ტექნიკის შესაძენად 90 000 ლარი გადასცა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც დღემდე ვერ უზრუნველყო დაკვეთის შესრულება, რის გამოც შპს ,,-------" მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება, რომელიც სრულად განთავსდება კომპანიის საბანკო ანგარიშზე. ამასთან, წარმოშობილი დარიცხვა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის მიერ დაშვებული შეცდომებით საგადასახადო კოდექსის არცოდნით და არ არის განზრახული გადასახადისაგან თავის არიდება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს, 90 000 ლარის კომპანიის ანგარიშზე დაბრუნების პირობით, შემოსავლების სამსახურმა მოახდინოს დარიცხული თანხის კორექტირება, ხოლო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ 90 000 ლარი გადახდილია უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ტექნიკის შესაძენად. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში ითხოვდა აღნიშნულის გათვალისწინებას, თუმცა ეს ეპიზოდი არ არის განხილული ამავე სამსახურის მიერ. ასევე აღნიშნა, რომ ტექნიკის შესაძენად გადახდილი თანხა 90 000 ლარის ოდენობით თვის ბოლომდე იქნება დაბრუნებული და აისახება ანგარიშზე.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა, საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ პირადი მოხმარებისთვის გატანილი თანხები და დანიშნულების გარეშე განაღდებული თანხები (საბანკო ანგარიშით მხოლოდ) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. 90 000 ლართან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თანხა ბანკიდან არ არის გატანილი. კომპანიას სალარო არ აქვს და არც სალაროში ნაღდი ფულის არსებობა დასტურდება. შესაბამისად, რა ფორმითაა გადახდილი ეს თანხა, მისთვის არ არის ცნობილი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციის (სამშენებლო ტექნიკის შესაძენად გადახდილი თანხის (90 000 ლარის) უკან დაბრუნების გათვალისწინებით, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება) შესწავლა არ მომხდარა, შესაბამისად, არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №077-8 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 52 970 ლარის ოდენობით და დაეკისრა საურავი - 10 074,99 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11171 ბრძანება;

3. საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული ფორმით, შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოწმების მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები და ახსნა/განმარტებები. განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული). კომპანიის საბანკო ამონაწერების მიხედვით ფიქსირდება საბანკო ტერმინალიდან თანხების განაღდება დანიშნულების გარეშე, ასევე სხვადასხვა პირადი მოხმარების გადახდები საბანკო ტერმინალებით. საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხები და პირადი გადახდები განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციის შესწავლა არ მომხდარა, შესაბამისად, არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

საბჭოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 269(7)