ბრძანება N 4460
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4460
28 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 25 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ----------) №87165/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №006-774 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურების დაკვალიფიცირებას დაქირავებული თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულებად და მათთვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ამ ოპერაციებზე გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და შესრულებულია შესაბამისი ტრანზაქციები. სამუშაოს არ ჰქონია მუდმივი ხასიათი, არ იყო განსაზღვრული კონკრეტული ანაზღაურების ოდენობა, აღნიშნული პირები არ ყოფილან დაქირავებულნი უწყვეტად, არ ეზღუდებოდათ სხვა პირთა სასარგებლოდ მომსახურების გაწევა და დეკლარირებული აქვთ სხვა შემოსავლებიც.
2. მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის ბალანსზე რიცხული ერთი ბინისა და 9 ავტოფარეხის საინვესტიციო ქონებად მიჩნევას და ქონების გადასახადის დარიცხვას. აღნიშნავს, რომ ბინა და ავტოსადგომები ბუღალტრულად აღრიცხულია როგორც სმფ-ები, აღნიშნული ფართებისგან კომპანიას არ მიუღია არანაირი ეკონომიკური სარგებელი, არის თეთრი კარკასის მდგომარეობაში და იგეგმება მათი რეალიზაცია. მიუთითებს, რომ ავტოფარეხების რეალიზაცია ხდებოდა პერიოდულად, ბოლო ფარეხი გაიყიდა 2023 წლის დეკემბერში, ხოლო ბინის რეალიზაცია შეფერხებულია მისი დიდი კვადრატულობიდან გამომდინარე და ელოდება შესაფერის მყიდველს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7449 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“-ის (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №33887 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-774 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 384 872 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 210 467 ლარი, ჯარიმა 96 218 ლარი და საურავი 78 187 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც სახელმწიფო შესყიდვის გზით, ასევე კერძო კომპანიებთან. კომპანია სამუშაოებს ასრულებდა საკუთარი მასალითა და მუშახელით. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა, საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტებები) და დადგინდა, რომ მშენებლობის პროცესისათვის კომპანიას დაქირავებული ჰყავდა მცირე მეწარმეები (45 პირი), რომლებიც ასრულებდნენ გარკვეული პერიოდის მანძილზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ პირებს არ განიხილავდა დაქირავებულ თანამშრომლებად. შემოწმებით შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ დაქირავებული მცირე მეწარმეები და გამიჯნულ იქნა მათგან ისეთი პირები (15 პირი), რომლებიც მხოლოდ შპს „---------“-სთან საქმიანობის ფარგლებში დადგნენ მცირე მეწარმეებად და მანამდე და მას შემდეგაც რაიმე ტიპის შემოსავლები არ უფიქსირდებოდათ. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული პირები განხილულ იქნა შპს „----------“-ის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელმა 2017 წელს დაასრულა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქ. --------ში. ფართების უმეტესობა იმავე პერიოდში იყო რეალიზებული. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, კომპანიას ბალანსზე ერიცხებოდა ერთი ბინა (თეთრი კარკასის მდგომარეობით 249 მ 2 ) და 9 ავტოფარეხი. კომპანია აღნიშნულს განიხილავდა სასაქონლო მატერიალურ მარაგად. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიას შეცვლილი ჰქონდა საქმიანობის სფერო და ახდენდა არასაცხოვრებელი ტიპის მშენებლობებს, კერძოდ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანია ელოდება ხელსაყრელ გარიგებას შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თუმცა შემოწმებისათვის არ იქნა არანაირი მტკიცებულება წარდგენილი იმის შესახებ, რომ კომპანიას ჰქონდა რეალიზაციის მცდელობა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული ჩაითვალა საინვესტიციო ქონებად ბასს 40-ის შესაბამისად, რადგან სამომავლოდ იგეგმება მისგან ეკონომიკური სარგებლის მიღება, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ქონება არ აკმაყოფილებდა სმფ-ების მოთხოვნებს. ქონება სტანდარტის შესაბამისად შეფასდა რეალურ ღირებულებად და დაიბეგრა ქონების გადასახადით. ამდენად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მშენებლობის პროცესისათვის კომპანიას დაქირავებული ჰყავდა მცირე მეწარმეები, რომლებიც ასრულებდნენ გარკვეული პერიოდის მანძილზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ პირებს არ განიხილავდა დაქირავებულ თანამშრომლებად. შემოწმებამ შეისწავლა კომპანიის მიერ დაქირავებული მცირე მეწარმეები და გაიმიჯნა მათგან ისეთი პირები, რომლებიც მხოლოდ შპს „---------“- სთან საქმიანობის ფარგლებში დადგნენ მცირე მეწარმეებად და მანამდე და მას შემდეგაც რაიმე ტიპის შემოსავლები არ უფიქსირდებოდათ. შემოწმების მიერ, აღნიშნული პირები განხილულ იქნა შპს „---------“- ის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებად და შედეგად, ზემოხსენებულ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ტექნიკური შეცდომის შედეგად, გაანგარიშებაში ჩარჩენილია რამდენიმე პირი, რომლებზეც კომპანიას არ ეკუთვნოდა საშემოსავლო გადასახადის დაკავება (თანხობრივად ჯამში 59,390 ლარი, ხოლო მისი საშემოსავლო გადასახადი 14,847 ლარი).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში – ბასს) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 40-ის თანახმად, საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობა, ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავლების მიღების ან ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით, გარდა ისეთი მიზნებისა, როგორიცაა:
ა) გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის;
ბ) გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 28-ე ნაწილის თანახმად, სასაქონლომატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, ბინა და ავტოსადგომები ბუღალტრულად აღრიცხულია როგორც სმფები, აღნიშნული ფართებისგან კომპანიას არ მიუღია არანაირი ეკონომიკური სარგებელი, არის თეთრი კარკასის მდგომარეობაში, კომპანია ელოდება ხელსაყრელ გარიგებას და იგეგმება მათი რეალიზაცია. მომჩივანი მიუთითებს, რომ ავტოფარეხების რეალიზაცია ხდებოდა პერიოდულად, ბოლო ფარეხი გაიყიდა 2023 წლის დეკემბერში, ხოლო ბინის რეალიზაცია შეფერხებულია მისი დიდი კვადრატულობიდან გამომდინარე და ელოდება შესაფერის მყიდველს.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა მომჩივნის პოზიციას, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ სასაქონლო-მატერიალური მარაგების საინვესტიციო ქონებად განხილვა, მხოლოდ იმ გარემოებებზე მითითებით, რომ კომპანიამ შეიცვალა საქმიანობის სფერო, ახდენდა არასაცხოვრებელი ტიპის მშენებლობებს და არ ჰქონდა სმფ-ების რეალიზაციის მცდელობა დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია, შესაბამისად უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად აღრიცხული ქონების საინვესტიციო ქონებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლომატერიალურ ფასეულობად აღრიცხული ქონების საინვესტიციო ქონებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურების დაკვალიფიცირებას დაქირავებული თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულებად და მათთვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2. მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის ბალანსზე რიცხული ერთი ბინისა და 9 ავტოფარეხის საინვესტიციო ქონებად მიჩნევას და ქონების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მშენებლობის პროცესისათვის კომპანიას დაქირავებული ჰყავდა მცირე მეწარმეები, რომლებიც ასრულებდნენ გარკვეული პერიოდის მანძილზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ პირებს არ განიხილავდა დაქირავებულ თანამშრომლებად. შემოწმებამ შეისწავლა კომპანიის მიერ დაქირავებული მცირე მეწარმეები და გაიმიჯნა მათგან ისეთი პირები, რომლებიც მხოლოდ შპს - სთან საქმიანობის ფარგლებში დადგნენ მცირე მეწარმეებად და მანამდე და მას შემდეგაც რაიმე ტიპის შემოსავლები არ უფიქსირდებოდათ. შემოწმების მიერ, აღნიშნული პირები განხილულ იქნა შპს - ის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებად და შედეგად, ზემოხსენებულ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
2.კომპანიამ შეიცვალა საქმიანობის სფერო, ახდენდა არასაცხოვრებელი ტიპის მშენებლობებს და არ ჰქონდა სმფ-ების რეალიზაციის მცდელობა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1):8(28);145(1,3);