გადაწყვეტილება №20347/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.11.2023
№ დოკუმენტი 20347/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20347/2/2023

22 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-iის 21.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20347/2/2023).

 

დავის საგანი:

ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის მიწოდებული კომერციული ფართისა და ავტოფარეხის საბაზრო ღირებულებას და გარიგების ფასს შორის სხვაობის საფუძველზე დღგ-ის და მოგების გადასახადის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-630 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11485 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 306 280 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 742 042

დღგ - 323 212

მოგების გადასახადი - 255 009

საშემოსავლო გადასახადი - 163 821

ჯარიმა - 369 032

საურავი - 195 206

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 19.03.2019 წლიდან 1.10.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 22.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

საწარმომ 2022 წლის თებერვალში დირექტორს საცხოვრებელ კომპლექსში გადასცა 344.22 კვ.მ. არასაცხოვრებელი კომერციული ფართი და 281 კვ.მ. ავტოსადგომი 350 000 ლარად. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის მე-18, მე-19 მუხლების, 97-ე, 981 მუხლების საფუძველზე, ვინაიდან საწარმოს მიერ საქონელი მიწოდებული იყო ურთიერთდამოკიდებულ პირზე და გარიგების ფასი განსხვავდებოდა მისი საბაზრო ფასისაგან, შემოწმების შედეგად საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გათვალისწინებით, მიწოდებული კომერციული ფართის და ავტოფარეხის საბაზრო ღირებულებასა (1 795 050 ლარი) და გარიგების ფასს (350 000 ლარი) შორის სხვაობა 1 445 050 ლარი (მოგების გადასახადის გარეშე) დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საწარმოს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე, შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადამხდელს 344.22 კვ.მ. არასაცხოვრებელი კომერციული ფართი და 281 კვ.მ. ავტოსადგომის გადაცემა (საკუთრების უფლების რეგისტრაციისას) დაბეგრილი ჰქონდა დღგ-ით, დასაბეგრი ბრუნვა კი შეადგენდა 296 610 ლარს (დღგ-ის გარეშე). შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე, 159-ე 160-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე გამოვლენილი სხვაობა 1 224 619 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 26.12.2022 წლის №32854 ბრძანება და ამავე თარიღის №006–630 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 25.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2023 წლის №11485 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის (საწარმოსა და დირექტორს შორის) დადებული გარიგების საფუძველზე 2022 წლის თებერვალში განხორციელდა საცხოვრებელ კომპლექსში 344.22 კვ.მ. არასაცხოვრებელი კომერციული ფართისა და 281 კვ.მ. ავტოსადგომის გადაცემა საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად. კერძოდ, გარიგების ფასი შეადგენდა 350 000 ლარს, ხოლო შემოწმებით საბაზრო ფასმა შეადგინა 1 795 050 ლარი, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიაჩნია რომ საბაზრო ფასის განსაზღვრა მოხდა არასწორად. ასევე არ გაცნობია შეფასების დასკვნას ან რაიმე სახის დოკუმენტს, რითაც დადგენილია საქონლის სარეალიზაციო ფართი. მოცემულ ეტაპზე მიმართა შესაბამის საშემფასებლო კომპანიებს და აპირებს წარმოადგინოს დასაბუთებული შეფასება საქონლის საბაზრო ფასის ადეკვატურად განსაზღვრის მიზნებისათვის, ითხოვს წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით და დავის პროცესში წარსადგენი შეფასების საფუძველზე მოხდეს დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების გაუქმება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და მე-5 ნაწილის თანახმად:

1.ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;

5. ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების და მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:

1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

11. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის და მე-4 ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების შესაბამისად:

1. განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. 4. მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ და „რ.ა“ ქვეპუნქტების თანახმად:

რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:

რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

7. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

დადგენილია, რომ საწარმომ საქონელი (არასაცხოვრებელი კომერციული ფართი და ავტოსადგომი) 2022 წლის თებერვალში მიაწოდა ურთიერთდამოკიდებულ პირს ("------"-ს (დირექტორს)). საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგინდა, რომ გარიგების ფასი (350 000 ლარი) განსხვავდებოდა მისი საბაზრო ფასისაგან (1 795 050 ლარი).

მომჩივანი მიუთითებს, რომ საბაზრო ფასის განსაზღვრა მოხდა არასწორად. მიმართა შესაბამის საშემფასებლო კომპანიებს და აპირებს წარმოადგინოს დასაბუთებული შეფასება საქონლის საბაზრო ფასის ადეკვატურად განსაზღვრის მიზნებისათვის, ითხოვს წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით და დავის პროცესში წარსადგენი შეფასების საფუძველზე მოხდეს დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების გაუქმება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საბაზრო ფასის განსაზღვრისას დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ასევე კომპანიის მიერ ინტერნეტ სივრცეში გაცხადებულ ფასებს, რომლებიც ემთხვეოდა ერთმანეთს და მკვეთრად განსხვავდებოდა გარიგების ფასისგან. რაც შეეხება, მომჩივნის განცხადებას საბაზრო ფასთან დაკავშირებით საშემფასებლო დასკვნის წარმოდგენაზე, აღნიშნულზე მიუთითებდა შემოწმების მიმდინარეობისას და დავის პირველ ეტაპზეც, თუმცა დღემდე წარმოდგენილი არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული კომერციული ფართის და ავტოფარეხის საბაზრო ღირებულებასა (1 795 050 ლარი) და გარიგების ფასს (350 000 ლარი) შორის სხვაობის დაბეგვრა დღგ-ის და მოგების გადასახადით მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მოჩივანს მიაჩნია რომ საბაზრო ფასის განსაზღვრა მოხდა არასწორად.

ითხოვს წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით და დავის პროცესში წარსადგენი შეფასების საფუძველზე მოხდეს დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმომ 2022 წლის თებერვალში დირექტორს საცხოვრებელ კომპლექსში გადასცა არასაცხოვრებელი კომერციული ფართი და ავტოსადგომი.ვინაიდან საწარმოს მიერ საქონელი მიწოდებული იყო ურთიერთდამოკიდებულ პირზე და გარიგების ფასი განსხვავდებოდა მისი საბაზრო ფასისაგან, შემოწმების შედეგად მიწოდებული კომერციული ფართის და ავტოფარეხის საბაზრო ღირებულებასა და გარიგების ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საწარმოს დაეკისრა ჯარიმა.

ასევე, შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადამხდელს არასაცხოვრებელი კომერციული ფართი და ავტოსადგომის გადაცემა დაბეგრილი ჰქონდა დღგ-ით, გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული კომერციული ფართის და ავტოფარეხის საბაზრო ღირებულებასა და გარიგების ფასს შორის სხვაობის დაბეგვრა დღგ-ის და მოგების გადასახადით მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

97,981,163,164.