გადაწყვეტილება №21644/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21644/2/2023
10 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 18.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21644/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №031-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29835 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 63 490 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 31 653
დღგ - 30 600
მოგების გადასახადი -1 053
ჯარიმა - 24 963
საურავი - 6 874
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათით საბითუმო ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 28.12.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №24734 ბრძანება და №031-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29835 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ფაქტების აღწერა კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებს. 2022 წლის 28 აპრილს გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც გამოვლინდა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტი. სალაროსა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოწმების პროცესში, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები. შედეგად, დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები საქონლის 18 ჯგუფისათვის. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირდა იმავე საქონლის, უახლოესი პერიოდის, დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი. შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთს (0 ლარი) დაემატა დოკუმენტური შეძენა და გამოაკლდა დეკლარირებული საქონლის ნაშთი წლების ჭრილში, ხოლო 2023 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთად გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი (200 000 ლარი დღგ-ის გარეშე). გამოიყო საცალო და დოკუმენტური რეალიზაცია სრული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებიდან წლების ჭრილში, რამაც გამოავლინა ცალკეული შემთხვევები (კვერცხი, ლობიო, მაიონეზი, საფუარი, ფქვილი, შაქარი), როდესაც დოკუმენტურად რეალიზებულია იმაზე მეტი საქონელი, ვიდრე შეძენაში ფიქსირდება, როგორც თვითღირებულებით, ისე რაოდენობრივად. აღნიშნულ შემთხვევებში ხარჯად გათვალისწინებული იქნა სარეალიზაციო ღირებულების 75%. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი, დოკუმენტური ფასნამატი. დადგენილი შემოსავალი, შესამოწმებელ პერიოდში, გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
„სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი 9) მიხედვით, თვის ჭრილში გამოანგარიშებული ნაღდის ფულის ნაშთი, ამავე მეთოდური მითითების მიხედვით, შემოწმებით გამოანგარიშებული გონივრული ნაშთის ფარგლებშია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელს გადასახადი და ჯარიმა არ დაერიცხა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ცხრილში ფასნამატისთვის დაკავშირებული საქონლის სახეობები არ იყო იდენტური, შესაბამისად, ხდებოდა ფასნამატის ხელოვნურად შემცირება. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი იქნა აუდიტორის მიერ წარმოებული გაანგარიშების ცხრილები, სადაც ასევე მითითებული იქნა გადასახადის გადამხდელისთვის მის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ხარვეზები.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუთითებს სადავო საკითხის ნაწილში შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტორის პოზიციებზე და აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას მრავალი მიზეზის გამო, კერძოდ:
- პირველი და მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, რაც საგადასახადო შემოწმების აქტში ფიქსირდება არის ის, რომ გადასახადის გადამხდელი პერიოდული სისტემით ახდენდა საქონლის ჩამოწერას, ახორციელებდა დოკუმენტური რეალიზაციის ანალიზს პერიოდულად, ატარებდა ინვენტარიზაციებს და საცალო რეალიზაციების კონტროლს და შესაბამისი ნაშთის ჩამოწერის სიზუსტეს აკონტროლებდა ფაქტიური ინვენტარიზაციით;
- როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული, „აუდიტის მიერ გაანგარიშებულ იქნა ფასნამატი 18 სასაქონლო ჯგუფზე, გამოანგარიშებული ფასნამატი გავრცელებულ იქნა საცალო რეალიზაციის რპთ-ზე და გაანგარიშებულ იქნა ერთობლივი შემოსავალი.“ ვერ დაეთანხმება აუდიტის დეპარტამენტს ზემოაღნიშნული გაანგარიშების სისწორეში, ვინაიდან ძალიან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, აუდიტის დეპარტამენტს ჰქონდა მომზადებული გაანგარიშების პროექტი 2023 წლის აგვისტოს თვეში, რაც თითქმის ემთხვეოდა გადასახადის გადამხდელის გაანგარიშებას და თანხმდებოდნენ გაანგარიშებულ მონაცემებზე, მაგრამ, ამავე წლის სექტემბრის თვეში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გასაცნობად გამოეგზავნა შეცვლილი გაანგარიშება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა უკვე გავლილი და შეთანხმებული გაანგარიშებისაგან. აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ გარკვეულ კატეგორიებში ფიქსირდებოდა შეძენაზე მეტი რაოდენობრივი რეალიზაცია, რითაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაც და ამონაგები თანხაც განხილულ იქნა სესხად. ზემოაღნიშნული კატეგორიები მაგ: შაქარი, ფქვილი, კვერცხი, ლობიო და საფუარი ხელახლა გაანალიზებული იქნა კომპანიის მიერ, რომლის შედეგადაც დაადგინეს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს და ეცნობა ზემოაღნიშნული ანალიზის შედეგები აუდიტის დეპარტამენტს მათ გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომის შესახებ, მაგრამ საბოლოო შედეგები აუდიტის დეპარტამენტმა დატოვა უცვლელი. ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ერთობლივი შემოსავლის ხელახალ შესწავლას მათი უშუალო მონაწილეობით, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
- უსაფუძვლოდ გაზრდილი დღგ-ის ბრუნვის შედეგად ასევე, უსაფუძვლოდ გაიზარდა სალაროში არსებული ფულადი სახსრების ოდენობა, რომელიც განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ითხოვს, შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების საფუძველზე შესწავლილი იქნეს ზემოაღნიშნული საკითხი, დადგინდეს სალაროში განკარგვადი ფულადი სახსრების ოდენობა და ზენორმატიული ნაშთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განხილული იქნეს დირექტორზე გაცემულ სესხად;
- აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოებები არასაკმარისს საფუძველს წარმოადგენს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისთვის, მაგრამ თუ სხვა რაიმე ფაქტობრივი გარემოებებით გამოვლინდა საქონლის არ არსებობა, ითხოვს, გამოვლენილი დანაკლისი საგადასახადო კოდექსის მიერ განსაზღვრული კანონმდებლობის შესაბამისად ასახულ იქნეს იმ საანგარიშო პერიოდში, რა პერიოდშიც მოხდა მისი გამოვლენა.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 24 963 ლარი და განესაზღვრა საურავი 6 873.76 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 და 22 ნაწილებზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29835 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათით საბითუმო ვაჭრობა.
კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებს. გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც გამოვლინდა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტი. სალაროსა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოწმების პროცესში, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები. შედეგად, დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები საქონლის ჯგუფებისათვის. გამოიყო საცალო და დოკუმენტური რეალიზაცია სრული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებიდან წლების ჭრილში, რამაც გამოავლინა ცალკეული შემთხვევები, როდესაც დოკუმენტურად რეალიზებულია იმაზე მეტი საქონელი, ვიდრე შეძენაში ფიქსირდება, როგორც თვითღირებულებით, ისე რაოდენობრივად. აღნიშნულ შემთხვევებში ხარჯად გათვალისწინებული იქნა სარეალიზაციო ღირებულების 75%. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი, დოკუმენტური ფასნამატი. დადგენილი შემოსავალი, შესამოწმებელ პერიოდში, გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 163(1,2); 164(1); 269(7)