ბრძანება N 18343
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18343
14 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 16 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 16 ივლისის №96884/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივლისის №001-134 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაანგარიშებულ ფასნამატს. მიუთითებს, რომ კერძების რეალიზაცია ხდება სტუდენტურ ფასებში, ხოლო ფასნამატი მერყეობს 37%-მდე. აცხადებს, რომ მოძიებული აქვს სარესტორნე ჩეკები, რომლითაც თითქმის 100%-ით დასტუდება კერძის დასახელება და დაბალი სარეალიზაციო ფასი, აღნიშნულ დოკუმენტაციას თან ახლავს ტერმინალის ჩეკები. შესაბამისად, ამ ფაქტების გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას. ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დირექტორის მიერ პირადი საბანკო ანგარიშიდან გადახდილი იჯარით აღებული ფართის კომუნალური გადასახადების ხარჯის გათვალისწინებას. აცხადებს, რომ აღნიშნულის დადასტურება შეუძლია ამონაწერით და გადახდის დოკუმენტებით.
2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მისაღები აქვს იჯარით აღებული ფართის მფლობელისგან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა ფართის მფლობელი ვერ ახერხებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოგზავნას. ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №9038 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 9 ივნისიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 2 ივლისის №14625 ბრძანება და ამავე თარიღის №001- 134 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 498 014 ლარი, მათ შორის, გადასახადი 304 303 ლარი, ჯარიმა 159 303 ლარი, საურავი 34 408 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
●საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სარესტორნო მომსახურების გაწევა იჯარით აღებულ ფართში. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 865 897 ლარს. ამავე პერიოდში სარესტორნო საქმიანობასთან დაკავშირებული სურსათის შესყიდვის ღირებულება შეადგენს 1 143 127 ლარს. შემოწმების ეტაპზე საწარმოში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რომლის მიხედვით დაიდენტიფიცირდა გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელისა („კოკა-კოლა“ და „მირინდა“) და კერძების სარეალიზაციო ღირებულება, რაც თანხვედრაშია იმავე პერიოდში რესტორნის საძიებო გვერდზე გამოქვეყნებულ მენიუსთან. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა კალკულაციები გარკვეული კერძების მიხედვით, რომლითაც დადგინდა, რომ ძირითადი კერძების საბაზისო პროდუქცია არის ქათმის ხორცი და ბრინჯი ან ცხვრის ხორცი და ბრინჯი. აღნიშნული საქონლისა და კერძების სარეალიზაციო ღირებულების მიხედვით დადგინდა შესაბამისი ფასნამატები (ცხვრის კერძი 102%, ქათმის კერძი 169%, უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი 140%), ხოლო საშუალო ფასნამატმა შეადგინა 104,8%. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო აღრიცხვაში ასახულია მხოლოდ ტერმინალის მონაცემები (საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებული შემოსავალი სულ 777 ლარს შეადგენს). საბუღალტრო პროგრამით დაფიქსირებული ფასნამატი შეადგენს 36,7%. ამასთან, საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირდა სამართალდარღვევა. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საწარმოს მენიუს ფასნამატებით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2023 წლის 17 ივლისს, ნაცვლად ამავე წლის 2 აგვისტოსი. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 101-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე, 282-ე მუხლების მიხედვით.
● გადასახადის გადამხდელს მიღებული მომსახურებებისა და საქონლის საფუძველზე სრულად არ აქვს მიღებული კუთვნილი დღგ-ის ჩათვლები. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის სახელზე გამოწერილი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, წარმოადგენს დღგ-ის თანხის ჩათვლის მიღების საფუძველს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს ჩასათვლელი თანხის გათვალისწინებით, შეუმცირდა გადასახადი დღგ-ის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების ეტაპზე საწარმოში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რომლის მიხედვით დაიდენტიფიცირდა გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელისა და კერძების სარეალიზაციო ღირებულება, რაც თანხვედრაშია იმავე პერიოდში რესტორნის საძიებო გვერდზე გამოქვეყნებულ მენიუსთან. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა კალკულაციები გარკვეული კერძების მიხედვით, რომლითაც დადგინდა, რომ ძირითადი კერძების საბაზისო პროდუქცია არის ქათმის ხორცი და ბრინჯი ან ცხვრის ხორცი და ბრინჯი. აღნიშნული საქონლისა და კერძების სარეალიზაციო ღირებულების მიხედვით დადგინდა შესაბამისი ფასნამატები (ცხვრის კერძი 102%, ქათმის კერძი 169%, უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი 140%), ხოლო საშუალო ფასნამატმა შეადგინა 104,8%. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო აღრიცხვაში ასახულია მხოლოდ ტერმინალის მონაცემები, ხოლო საბუღალტრო პროგრამით დაფიქსირებული ფასნამატი შეადგენს 36,7%. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საწარმოს მენიუს ფასნამატებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს მოძიებული აქვს სარესტორნე ჩეკები, რომლითაც თითქმის 100%-ით დასტუდება კერძის დასახელება და დაბალი სარეალიზაციო ფასი, აღნიშნულ დოკუმენტაციას თან ახლავს ტერმინალის ჩეკები. ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დირექტორის მიერ პირადი საბანკო ანგარიშიდან გადახდილი იჯარით აღებული ფართის კომუნალური გადასახადების ხარჯის გათვალისწინებას. აცხადებს, რომ აღნიშნულის დადასტურება შეუძლია ამონაწერით და გადახდის დოკუმენტებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ტერმინალით რეალიზებული საქონლის თვითღირებულების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია და კომუნალური გადასახადების ხარჯებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით განმარტავს, რომ მისაღები აქვს იჯარით აღებული ფართის მფლობელისგან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ტერმინალით რეალიზებული საქონლის თვითღირებულების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია და კომუნალური გადასახადების ხარჯებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაანგარიშებულ ფასნამატს.
2. გადასახადის გადამხდელს მისაღები აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა გამომწერი ვერ ახერხებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოგზავნას. ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სარესტორნო მომსახურების გაწევა იჯარით აღებულ ფართში. შემოწმების ეტაპზე საწარმოში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რომლის მიხედვით დაიდენტიფიცირდა გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელისა და კერძების სარეალიზაციო ღირებულება, რაც თანხვედრაშია იმავე პერიოდში რესტორნის საძიებო გვერდზე გამოქვეყნებულ მენიუსთან. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა კალკულაციები გარკვეული კერძების მიხედვით, რომლითაც დადგინდა ძირითადი კერძების ფასნამატები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საწარმოს მენიუს ფასნამატებით. ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელს მიღებული მომსახურებებისა და საქონლის საფუძველზე სრულად არ აქვს მიღებული კუთვნილი დღგ-ის ჩათვლები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის სახელზე გამოწერილი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, წარმოადგენს დღგ-ის თანხის ჩათვლის მიღების საფუძველს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს ჩასათვლელი თანხის გათვალისწინებით, შეუმცირდა გადასახადი დღგ-ის ნაწილში.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ტერმინალით რეალიზებული საქონლის თვითღირებულების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია და კომუნალური გადასახადების ხარჯებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 159; 101; 154; 174; 269(7)