გადაწყვეტილება № 26783/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.04.2026
№ დოკუმენტი 26783/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 26783/2/2026

22 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ----- 20.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ----- 2.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26783/2/2026).

 

დავის საგანი:

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №15213 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 10 თებერვლის №2827 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 86 345.32 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

2024 წლის 25 აპრილს მომჩივანმა, №11111/C47533 საბაჟო დეკლარაციით, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დაადეკლარირა 609 785.36 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (რეზერვუარი ლუდის ფერმენტაციისთვის – 5 ერთეული; თხევადი ნახშირორჟანგის რეზერვუარი – 1 ერთეული), რომელიც პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (EUR1 №----- 25.04.2024) საფუძველზე გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან.

აღნიშნულ დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ დეკლარირებისას წარმოდგენილი №----- (25.04.2024) წარმოშობის სერტიფიკატი (EUR.1) არ იყო გაცემული ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ და მასზე დატანილი შტამპი არ შეესაბამებოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რის გამოც პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი არ იქნა გათვალისწინებული.

სადავო საქონლის საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე, საქმის მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2025 წლის 19 ივნისის №----- წერილით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება. ვინაიდან მომჩივანს, იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №15213 ბრძანებით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით (86 345.32 ლარი) ოდენობით.

საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №15213 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 აგვისტოს №18822 ბრძანებით საჩივარი, არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.11.2025 წლის №25851/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №----- გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული სს „-----“ საჩივარი, რომელიც ამავე სამსახურის 10.02.2026 წლის №2827 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 36-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით, 167-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციებისაგან ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებების” (დანართი №1) მე-4 პუნქტზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა არ განიხილა საჩივარი ჯეროვნად, არ გაითვალისწინა საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია, ყურადღება არ მიაქცია საჩივართან ერთად მისთვის წარდგენილ დოკუმენტებს და მის მიერ გამოცემული ბრძანებით უსამართლოდ განაცხადა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. გასაჩივრებული ბრძანებები უკანონოა, დაუსაბუთებელია, გაუმართავია, გამოტანილია საგადასახადო კოდექსისა და საბაჟო კოდექსის მოთხოვნ(ებ)ის დარღვევით, ეწინააღმდეგება კანონ(ებ)ს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მომჩივნის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებ(ებ)ის გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს (ბათილად იქნეს ცნობილი) საბაჟო დეპარტამენტის უსამართლო ბრძანების საფუძველზე უსაფუძვლოდ და არასწორად დარიცხულ ჯარიმასთან ერთად და ეს ჯარიმა უნდა დაუბრუნდეს მომჩივანს.

საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინა საბაჟო დეკლარაცია, რომელიც შეავსო სრულიად კეთილსინდისიერად და ყოველგვარი მართლსაწინააღმდეგო ან/და ბრალეული ქმედების გარეშე და არ მიუთითა იმპორტის გადასახდელი, რადგან ის ტვირთი, რომელიც აღწერილი იყო ამ საბაჟო დეკლარაციაში, საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიოდა ევროკავშირის ტერიტორიიდან, ამ ტვირთის გამყიდველი გახლდათ ევროკავშირში რეგისტრირებული იურიდიული პირი და მომჩივანს მისგან მიღებული ჰქონდა წარმოშობის სერტიფიკატ(ებ)ი (EUR.1), რომლის ნამდვილობაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონია.

მეორე მხრივ, მომჩივანს ფიზიკურად არ შეეძლო აღნიშნული წარმოშობის სერტიფიკატების ავთენტიკურობის გადამოწმება, რადგან მას (განსხვავებით საბაჟო დეპარტამენტისგან) არ ჰქონდა წვდომა იმ ბაზებზე, რომელთა გამოყენებითაც შეძლებდა იმის დადგენას, შეესაბამებოდა თუ არა მასზე დატანილი შტამპი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

შესაბამისად, აშკარაა, რომ მომჩივანს ვერ ექნებოდა გასაჩივრებულ ბრძანებებში აღწერილი სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვა. მომჩივანი იყო აბსოლუტურად კეთილსინდისიერი მის არაბრალეულ ქმედებებში და ის უბრალოდ ვერ ჩაიდენდა იმ სამართალდარღვევას, რომლის გამოც მას სრულიად უსაფუძვლოდ და კანონსაწინააღმდეგოდ დაეკისრა პასუხისმგებლობა. ამას ადასტურებს ისიც, რომ როგორც კი მომჩივანმა შეიტყო წარმოშობის სერტიფიკატთან (EUR.1) დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შესახებ, მან, ერთი მხრივ, დაუყოვნებლივ გადაიხადა იმპორტის გადასახდელი და მეორე მხრივ, ტვირთის გამომგზავნს შეატყობინა ამ პრობლემის შესახებ და მოსთხოვა სიტუაციაში გარკვევა.

მომჩივანის კეთილსინდისიერება, არაბრალეულობა და მის ქმედებებში განზრახვის არარსებობა ასევე დასტურდება იმითაც, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოძიებაც კი არ დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით.

2024 წლის 14 ივნისს მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინა განცხადება, რომელსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად თან ერთვოდა წარმოშობის სერტიფიკატები (EUR.1), რომლებიც გაცემული იყო ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ. აღნიშნულის მიუხედავად, 2025 წლის 7 ივლისს საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება №15213, რომლითაც სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკისრა მომჩივანს პასუხისმგებლობა იმ საბაჟო სამართალდარღვევისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, რადგან მას ჰქონდა სრული უფლება შეემცირებინა იმპორტის გადასახდელი, ანუ მოეთხოვა იმპორტის გადასახადისგან განთავისუფლება, თუმცა ამის მიუხედავად მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის ბრძანების გამოცემის მომენტისთვის არ ჰქონდა შემცირებული იმპორტის გადასახდელი (და შესაბამისად იმპორტის გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადი) და სრულად ჰქონდა გადახდილი ის, რაც ნიშნავს იმას, რომ მომჩივანს არ ჩაუდენია საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა (განზრახი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება), ანუ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ დაჯარიმდა მომჩივანი და მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული ბრძანებები და მომჩივანს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ჯარიმა ისევე, როგორც ეს მოხდა იმპორტის გადასახდელის შემთხვევაში, რითაც დადასტურდა, რომ მომჩივანს არ ეკისრებოდა იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება და მას სრული უფლება ჰქონდა მის მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის წარდგენილი წარმოშობის სერტიფიკატების (EUR.1) საფუძველზე და მათი გამოყენებით შეემცირებინა იმპორტის გადასახდელის ოდენობა.

ცალსახად აღსანიშნავია, რომ მომჩივანს არათუ განზრახ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად არ შეუმცირებია იმპორტის გადასახდელი, არამედ პირიქით, მან კეთილსინდისიერად დაადეკლარირა და გადაიხადა იმპორტის გადასახდელი (ანუ როგორც იმპორტის გადასახადი, ისე დამატებული ღირებულების გადასახადი) და რაც მთავარია, მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინა წარმოშობის სერტიფიკატები (EUR.1), რომლებიც შეესაბამებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსისა და საქართველოევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს, რაც მას უფლებას აძლევდა შეემცირებინა იმპორტის გადასახდელი (ანუ განთავისუფლებულიყო როგორც იმპორტის გადასახადისგან, ისე დამატებული ღირებულების გადასახადისგან) და მოეთხოვა მის მიერ გადახდილი იმპორტის გადასახდელის უკან დაბრუნება. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ სახეზე არ არის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებებიც, რადგან, როგორც ზემოთ აღნიშნა, მომჩივანს განზრახ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად არ შეუმცირებია იმპორტის გადასახდელი და უფრო მეტიც, ერთი მხრივ, მან სრულად გადაიხადა ის და მეორე მხრივ, მის მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტებში, ანუ წარმოშობის სერტიფიკატებში (EUR.1) არ ყოფილა არანაირი არასწორი მონაცემი და რომც ყოფილიყო, ეს იქნებოდა შეცდომა/არცოდნა, რაც იქნებოდა მომჩივანის საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების პირდაპირი საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა 2026 წლის 10 თებერვლის N2827 ბრძანებაში საჩივრის დაუკმაყოფილებლობის მიზეზად მიუთითა, რომ “საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით, 167-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციებისაგან ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებების” (დანართი №1) მე-4 პუნქტით დადგინდა, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისათვის (რაც გამოწვეულია საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის არასწორად გამოყენებით) საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული სანქციისაგან პირის გათავისუფლება შესაძლებელია განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ: ა) სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია; ბ) საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენილი საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალის, სათანადოდ დამოწმებული ასლის ან რეტროსპექტიულად გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციაში განხორციელებულია შესაბამისი ცვლილება (შემცირებულია იმპორტის გადასახდელის თანხა); გ) საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილია საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადება. ამ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანება საბაჟო სანქციისგან პირის გათავისუფლების შესახებ და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი ჯარიმის თანხის კორექტირება”.

მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მეთოდური მითითებით ვერ შეიზღუდება გადასახადის გადამხდელისთვის კანონით (საქართველოს საბაჟო კოდექსით) გარანტირებული უფლებები. აღნიშნული მეთოდური მითითება ადგენს საგადასახადო ორგანოების შიდა სახელმძღვანელო პრინციპებს და არ შეიძლება ისე იქნეს განმარტებული, თითქოს მას რაიმე მბოჭავი ძალა აქვს გადასახადის გადამხდელებზე. ამასთან, სს “----” გათავისუფლება სანქციისგან რელევანტურია იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიამ მართლაც ჩაიდინა რაიმე სახის სამართალდარღვევა. მიაჩნია, რომ მომჩივანს არავითარი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რაც ცალსახაა თავად იმ მუხლის შინაარსიდანაც, რომლის საფუძველზეც მოხდა სანქციის დაკისრება. კერძოდ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, “საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით”. მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო დაეთანხმა გადასახადის გადამხდელის პოზიციას, რომ ამ უკანასკნელს ჰქონდა უფლება შეემცირებინა იმპორტის გადასახადი და საბოლოოდ, სადავო დეკლარაციაში იმპორტის გადასახადის ოდენობად სწორედ მომჩივნის მიერ თავდაპირველად მითითებული ოდენობა იქნა დაფიქსირებული. შესაბამისად, გაუგებარია, ჯარიმის დაკისრებისას, რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრა სს “-----”. თუკი საგადასახადო ორგანო ეთანხმება, რომ იმპორტის დეკლარაციაში დასადეკლარირებელი თანხის თავდაპირველად მითითებული ოდენობა სწორია, მაშინ ლოგიკურად ივარაუდება, რომ იმპორტის გადასახდელის ოდენობა არ შემცირებულა. აქედან გამომდინარე, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა გაანგარიშებაზე დაყრდნობით უნდა დაეკისროს კომპანიას 86 345,32 ლარიანი ჯარიმა.

ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და არგუმენტებიდან, ასევე ზემოთ ციტირებული ნორმებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამებოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასევე მომჩივანის ქმედებები იყო კეთილსინდისიერი და არ ეწინააღმდეგებოდა და არ არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას (მათ შორის საქართველოს საბაჟო კოდექსს), ამიტომ არ არსებობდა მომჩივანისთვის ჯარიმის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული ბრძანებები (როგორც საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება, ისე შემოსავლების სამსახურის ბრძანებები) და მომჩივანს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილების შესაბამისად:

1. საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა;

11. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული, „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ (დანართი 1) მეთოდური მითითების მე-4 მუხლის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისათვის (რაც გამოწვეულია საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის არასწორად გამოყენებით) საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული სანქციისაგან პირის გათავისუფლება შესაძლებელია განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ:

ა) სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია;

ბ) საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენილი საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალის, სათანადოდ დამოწმებული ასლის ან რეტროსპექტიულად გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციაში განხორციელებულია შესაბამისი ცვლილება (შემცირებულია იმპორტის გადასახდელის თანხა);

გ) საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილია საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადება.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანმა 2024 წლის 14 ივნისს №---- განცხადებით საბაჟო ორგანოს წარუდგინა ბერძნული პრეფერენციული გადაადგილების სერთიფიკატები (EUR.1), რომელთა ავთენტურობის დადგენის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტმა №21-10/47629 20.06.2024 წერილით მიმართა საბერძნეთის შესაბამის სამსახურს.

საბერძნეთის საბაჟო სამსახურის საპასუხო წერილით, დადასტურდა სს „------“ მიერ წარდგენილი პრეფერენციული გადაადგილების სერთიფიკატების (EUR.1) ნამდვილობა, რის საფუძველზეც, 2025 წლის 6 აგვისტოს ცვლილება შევიდა ---- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში და 86 345.32 ლარით შემცირდა დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო დაეთანხმა გადასახადის გადამხდელის პოზიციას, რომ ამ უკანასკნელს ჰქონდა უფლება შეემცირებინა იმპორტის გადასახადი და საბოლოოდ, სადავო დეკლარაციაში იმპორტის გადასახადის ოდენობად სწორედ მომჩივნის მიერ თავდაპირველად მითითებული ოდენობა იქნა დაფიქსირებული. შესაბამისად, გაუგებარია, ჯარიმის დაკისრებისას, რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრა სს “------”. თუკი საგადასახადო ორგანო ეთანხმება, რომ იმპორტის დეკლარაციაში დასადეკლარირებელი თანხის თავდაპირველად მითითებული ოდენობა სწორია, მაშინ ლოგიკურად ივარაუდება, რომ იმპორტის გადასახდელის ოდენობა არ შემცირებულა. აქედან გამომდინარე, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა გაანგარიშებაზე დაყრდნობით უნდა დაეკისროს კომპანიას 86 345,32 ლარიანი ჯარიმა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

გადასახადის გადამხდელს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია;

2025 წლის 6 აგვისტოს ცვლილება შევიდა ---- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში და 86 345.32 ლარით შემცირდა დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი;

საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებიდან იმავე დღეს (საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 5 და 6 აგვისტოს).

საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა გადასახადის გადამხდელის საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების სამართლებრივი წინაპირობები, რის გამოც მიზანშეწონილად მიაჩნია, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, მომჩივნის გათავისუფლება, საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით შეფარდებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2025 წლის 7 ივლისის №15213 ბრძანებით შეფარდებული ჯარიმისგან;

3. საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში საბაჟო ღირებულების საქონელზე არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის თანხის შემცირებას. პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებით, მას დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 86345.32 ლარის ოდენობით. წერილობითი მიმართვის საფუძველზე შევიდა ცვლილება და საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შემცირდა დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი თანხა.

 

გადაწყვეტილება

აჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა გადასახადის გადამხდელის საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების სამართლებრივი წინაპირობები, რის გამოც მიზანშეწონილად მიაჩნია, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, მომჩივნის გათავისუფლება, საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით შეფარდებული ჯარიმისგან.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:163;167