ბრძანება N 32234

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 29.10.2020
№ დოკუმენტი 32234
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 32234

29/10/2020

შპს --------------------

(ფაქტ. მის: --------- )

სადავო საკთხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 09 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 15 სექტემბრის №53381/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 აგვისტოს №006-411 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და აცხადებს, რომ შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაითვალა ხანდაზმული პერიოდის ფულის მოძრაობა და მიღებული ნაშთი დაბეგრა 2018 წელს.არ ეთანხმება აღნიშნულს და განმარტავს, რომ როგორც მისთვის ცნობილია 2017 წლის 01 იანვრის მდგომარეობით კომპანიას არ გააჩნდა ფულადი სახსრები, უფრო მეტიც, შესამოწმებელ პერიოდში პერიოდულად კომპანიაში მიმდინარე ხარჯების დაფარვის მიზნით კომპანიას ესაჭიროებოდა ფინანსური დახმარება, რაც ხორციელდებოდა დამფუძნებლის დროებითი შენატანის მეშვეობით, ხოლო შემოწმების პოზიციით კომპანიას ამ პერიოდში სალაროში მუდმივად ჰქონდა 324 042 ლარი, რაც არარეალურია. 2017 წლამდე პერიოდზე ჰქონდა ინფორმაცია თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ არ მომხდარა აღნიშნული ინფორმაციის შენახვა. მიუთითებს, რომ სადავო საკითხის მიხედვით დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 13 თებერვლისა №3543 და 30 ივლისის №21948 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ბუღალტრული ნაშთის დადგენისა და ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისთვის შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 17 ივლისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 10 აგვისტოს №23385 ბრძანება და 11 აგვისტოს №006-411 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 244 571 ლარი, მათ შორის, გადასახადი 131 206 ლარი, ჯარიმა 70 165 ლარი, საურავი 43 200 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს. შესაბამისად, წარმოდგენილი არ არის საწარმოს აქტივებისა და პასივების საწყისი ნაშთები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესამოწმებელი პერიოდის ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში პერიოდულად ფულის ნაშთი მინუსდება, რაც გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ საწყისი ნაშთი მიჩნეულია ნულის ტოლად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების თანახმად გამომდინარე იქედან, რომ გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა შეუძლებელია, შემოწმებით 2017 წლის საწყისი სალაროს ნაშთის გაანგარიშება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებზე დაყრდნობით ჩატარებულ იქნა ანალიზი: დეკლარირებული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით, ასევე გატანილი დივიდენდების გათვალისწინებით გამოთვლილ იქნა 2017 წლის 01 იანვრის მდგომარეობით სალაროში არსებული ნაღდი ფულის საწყისი ნაშთის მოცულობა, რამაც შეადგინა 324 042 ლარი. ზემოაღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული სალაროს ნაშთი საწარმოს საქმიანობის შეჩერების საანგარიშო პერიოდში განხილულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელი პირის (დირექტორის) მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური საკითხის განხილვისას მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, განსაზღვრულია საგადასახადო შემოწმებისა და საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადები.

დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად 2017 წლის საწყისი სალაროს ნაშთის გაანგარიშება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებზე დაყრდნობით ჩატარებულ იქნა ანალიზი, დეკლარირებული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით, ასევე გატანილი დივიდენდების გათვალისწინებით გამოთვლილ იქნა 2017 წლის 01 იანვრის მდგომარეობით სალაროში არსებული ნაღდი ფულის საწყისი ნაშთი. ამასთან, დადგენილი გარემოების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით 2017 წლის საწყისი სალაროს ნაშთი შეადგენს 0-ს.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტი უნდა შეიცავდეს დასაბუთებას და აუცილებელია საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. განსახილველ შემთვევაში კი საგადასახადო შემოწმების აქტი მოკლებულია დასაბუთებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდით 2017 წლის საწყისი სალაროს ნაშთის გაანგარიშება და აღნიშნულის საწარმოს საქმიანობის შეჩერების საანგარიშო პერიოდში ანგარიშვალდებული პირის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირება დაუსაბუთებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდით 2017 წლამდე საანგარიშო პერიოდზე გაანგარიშებული სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს ----- ს 2020 წლის 15 სექტემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდით 2017 წლამდე საანგარიშო პერიოდზე გაანგარიშებული სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3.აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაანგარიშებულ ხანდაზმული პერიოდის ფულადი თანხების მოძრაობას და მიღებული ნაშთის დაბეგრას 2018 წელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს. გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა შეუძლებელია, შემოწმებით 2017 წლის საწყისი სალაროს ნაშთის გაანგარიშება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დეკლარირებული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით, ასევე გატანილი დივიდენდების გათვალისწინებით გამოთვლილ იქნა 2017 წლის 01 იანვრის მდგომარეობით სალაროში არსებული ნაღდი ფულის საწყისი ნაშთის მოცულობა, რომელიც განხილულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას სსკ-ს 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით 2017 წლის საწყისი სალაროს ნაშთის გაანგარიშება და აღნიშნულის საწარმოს საქმიანობის შეჩერების საანგარიშო პერიოდში ანგარიშვალდებული პირის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირება დაუსაბუთებელია. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4; 8(22); 73(4); 73(5,,ა“); 73(პ,,ბ“); 101(1); 154(1)