გადაწყვეტილება №23534/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23534/2/2024
05 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------ს“ 22.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23534/2/2024).
დავის საგანი:
1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
3. ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება;
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2024 წლის №065-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №16237 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 59 454,42 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 37 386
დღგ - 6 698
საშემოსავლო გადასახადი - 30 688
ჯარიმა - 18 542
საურავი - 3 526,42
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2024 წლის №065-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №16237 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის დამფუძნებელზე დივიდენდი გაცემული არ არის. შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი და განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის თანხა შეადგენდა 27 660 ლარს, ხოლო შემოწმებით განისაზღვრა 28 489 ლარი. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფულადი სახსრების მოძრაობაში გათვალისწინებულია, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ დაუდეკლარირებელი ხელფასის თანხა, ასევე, კომპანიის მიერ მიღებული მომსახურებებისთვის ფიზიკურ პირებზე ბანკიდან გადარიცხული თანხები. ამასთან, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით შემმოწმებლების მიერ ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ფულადი ნაკადების მოძრაობა, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ყველა ოპერაციაზე მისაღები თანხები განხილულ იქნა მიღებულად, ასევე არ განხორციელებულა დებიტორ-კრედიტორების ნაშთების კონტრაგენტებთან გადამოწმება. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საწარმოს განხორციელებული ყველა ოპერაციიდან დღემდე არ მიუღია ფულადი სახსრები, შეუძლია წარადგინოს შესაბამისი შედარების აქტები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ შემოწმების დროს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირდა ის თანხები, რომლებიც ფიზიკურად არ მიუღია საწარმოს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საწარმოს ფულადი ნაკადების მოძრაობაში გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ საწარმოს ელექტრონულ პორტალზე არსებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაშინ როცა საწარმოს ასევე აქვს მატერიალური ფორმის შესყიდვის აქტებიც. გარდა ზემოაღნიშნულისა, საწარმოს მიერ საბანკო ანგარიშიდან გაცემული ხელფასის თანხა, რომლის დეკლარირებაც გამორჩენილი იყო შემმოწმებლების მიერ დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, თუმცა ფულის მოძრაობისას გაანგარიშებისას არ მომხდარა აღნიშნული ხელფასის ხარჯის გათვალისწინება, გამოდის, რომ შემმოწმებლებმა საბანკო ანგარიშიდან გაცემული ხელფასის დაბეგვრა მოახდინეს ორჯერ, ერთის მხრივ გაცემის თვეში, ხოლო მეორეს მხრივ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ვინაიდან არ მოხდა მათ მიერვე დაბეგრილი ხელფასის ხარჯის ფულადი ნაკადების მოძრაობაში გათვალისწინება, შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა მისი დაბეგვრა მოხდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს როგორც დირექტორ -------ზე გაცემულ ხელფასად (ნაღდი ფულის დანაკლისად). აქედან გამომდინარე ითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ დაავალოთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და შედეგად შეგვიმციროთ არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ 12.02.2024 წლის კომპანიაში ჩატარდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 0 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ბანკიდან გადარიცხული ჰქონდა ხელფასები, რომლებიც არ იყო დეკლარირებული. ასევე, შემოწმების მიერ, განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში არსებული ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საბანკო ანგარიშიდან გაცემული ხელფასის ხარჯის შემოწმების მიერ ფულადი ნაკადების მოძრაობაში გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფულადი სახსრების მოძრაობაში გათვალისწინებულია, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ დაუდეკლარირებელი ხელფასის თანხა, ასევე, კომპანიის მიერ მიღებული მომსახურებებისთვის ფიზიკურ პირებზე ბანკიდან გადარიცხული თანხები. ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის მიერ მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------ს“ (ს/ნ ------------) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ჰქონდა დღგ-ის დეკლარაციები, დასაბეგრი ბრუნვით 1 189 893 ლარი. შემოწმებით, დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 218 661 ლარი. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 -ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164- ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სრულყოფილად არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით შემმოწმებლების მიერ ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილი იქნა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის შედეგადაც გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხათ დამატებული ღირებულების გადასახადი სანქციის თანხასთან ერთად, რაც შემმოწმებლების მხრიდან განხორციელდა მთელი რიგი პროცედურული დარღვევებითა და არასწორი ინტერპრეტაციებით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს თითქოს და დეკლარირებული აქვს 28 768 ლარით ნაკლები 18%-ით დასაბეგრი დღგ-ს ბრუნვა, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან საწარმოს საქმიანობას შეადგენდა ტენდერებში მონაწილეობა და ასევე სხვა საწარმოებისთვის საქვეკონტრაქტორო მომსახურებების გაწევა, შესაბამისად საწარმო ყველა ოპერაციაზე ახდენდა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას და მათ დაბეგვრას, დაუდგენელია რა მონაცემების მიხედვით იხელმძღვანელა შემმოწმებელმა და საიდან გაზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მაშინ როცა ყველა ოპერაციაზე არსებობს შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტი და ყველა ოპერაცია დაბეგრილია კანონმდებლობის დაცვით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საწარმოს ფიზიკურად არ უფიქსირდება გადასახადის არაგადამხდელ პირებთან ოპერაციები (უდოკუმენტო ოპერაციები) და შესაბამისად ყველა ოპერაციაზე გამოწერილია დოკუმენტი, რომლის ნახვაც მარტივად არის შესაძლებელი საწარმოს ელექტრონულ პორტალზე. აქედან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული დღგ-ისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და შედეგად შეგვიმციროთ არასწორად დარიცხული ძირითადი გადასახადისა და სანქციის თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სრულყოფილად არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს არ ჰქონდა დეკლარირებული 2023 წლის ნოემბრის თვეში ტენდერიდან მიღებული ავანსის თანხა და სხვადასხვა კომპანიიდან მიღებული თანხები. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
საბჭო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი ჰქონდა დღგ-ის დეკლარაციები დღგ-ის ჩასათვლელი თანხით, ჯამში 174 912 ლარი. შემოწმებით, დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 173 388 ლარი. ჩასათვლელი თანხა გაზრდილია 1 523 ლარით. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 174-ე და 176- ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო დღგ-ს ითვლიდა ანგარიშ-ფაქტურებისა და სპეც. ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, ზემოაღნიშნული ფაქტურებით შეძენილი ყველა საქონელი და მომსახურება კავშირშია საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან და შესაბამისად ყოვლად გაუგებარია თუ რის საფუძველზე მოხდა საწარმოს ჩასათვლელი დღგ-ს თანხების კორექტირება, მაშინ როცა საწარმოს არ უფიქსირდება არც კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურები და არც არაეკონომიკური ხარჯები, რომლის მიხედვითაც შესაძლოა არამართებულად ჩაეთვალა დღგ-ის თანხები საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით. აქედან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული დღგ-ისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად უნდა იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ- ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომელთა თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახდენდა, როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ისე შესაბამისი ოპერაციის განხორციელების შედეგად გამოწერილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების დღგ-ის ჩათვლას და არ ახორციელებდა მათ განაშთვას. ამდენად, შემოწმებით შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად ჩათვლილი დღგ-ის თანხა.
საბჭო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 30.05 2024 წლის №065-16 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 59 454 ლარი, მათ შორის ჯარიმა 18 542 ლარი და საურავი 3 526 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე და 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რადგან შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
განსახილველ შემთხვევაში, დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
3. ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება;
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი.საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №065-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №16237 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან,მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ .2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 174(1); 175(1 „ა“); 176(1„ა“); 269(1);