გადაწყვეტილება №19480/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.05.2023
№ დოკუმენტი 19480/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19480/2/2023

25.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 23.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19480/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.06.2021 წლის №19126 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №007-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7316 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 224 369,32 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 112 213

დღგ - 43 800

საშემოსავლო გადასახადი - 67 670

ქონების გადასახადი - 743

ჯარიმა - 60 069

საურავი - 52 087,32

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულის/მასალის შესყიდვა და ავეჯის წარმოება.

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2020 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2017 წლიდან 1.08.2020 წლამდე პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვა არ ხორციელდება სრულყოფილად კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერები რეალიზებული პროდუქციის შესახებ არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრი ბაზები.

გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია (წარმოდგენილია მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც 1.08.2020 წლის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება შეადგენს 85 123 ლარს, კრედიტორული დავალიანება 57 556 ლარს, ხოლო სალაროს ნაშთი - 56 321 ლარს). შემოწმების მიერ სალაროს მოძრაობა გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, წარმოდგენილ და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ გაანგარიშდა სალაროში შემოსული (რეალიზაციიდან მისაღებ შემოსავალს გამოაკლდა ბანკით მიღებული შემოსავალი, დაემატა ბანკიდან ანგარიშვალდებული პირის მიერ გამოტანილი თანხები) და სალაროდან გასული თანხები (გასაწევ ხარჯებს გამოაკლდა ბანკით გაწეული ხარჯები, დაემატა ბანკში ანგარიშვალდებული პირის მიერ შეტანილი თანხები და ხელფასები). საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (პერიოდის ბოლოს არსებული დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების და სალაროს ნაშთის) გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დადგენილი სალაროს ნაშთი ჩაითვალა დაქირავებულ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2020 წლის №007-567 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.06.2021 წლის №19126 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დამატებითი შემოსავლის (რეალიზაციიდან ამონაგები თანხის) დღგ-ის მიზნებისთვის გაზრდის და ამ თანხის საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის ე.წ. „აგროსვის“ საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.06.2021 წლის №19126 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას მიღებული/მისაღები შემოსავალი, რომელიც იბეგრება დღგ-ით, მოიცავს დღგ-ის თანხას. აღნიშნულ გაანგარიშებაში ჩართულია შემოსავლები და ხარჯები დღგ-ის ჩათვლით, ასევე სხვა კომპონენტები შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლებიც გავლენას ახდენენ წმინდა ფულადი ნაკადების ნაშთზე. შესაბამისად, გაანგარიშებიდან დღგ-ის თანხის გამოყოფა არალოგიკურია და არ ხდება.

ასევე, ვინაიდან საწარმოს წარმომადგენლის მიერ შემოწმების მიერ დადგენილი სალაროს ნაშთი საწარმოდან სრულადაა გატანილი (სადაც შემოსავალი მოიცავდა დღგ-ს), ხელფასად დაბეგვრას ექვემდებარება აგრეთვე დღგ-ის ჩათვლით თანხები. ამასთან, საწარმოდან გატანილი სალაროს ნაშთის თანხა წარმოადგენს „ხელზე“ გატანილ ნეტო თანხას, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოიყენება ე.წ. „გროსაფის“ მეთოდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება.

აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №007-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7316 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერები რეალიზებული პროდუქციის შესახებ არ შეესაბამება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს. ამასთან, გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ სალაროს მოძრაობა გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დადგენილი სალაროს ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო დავის და გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას მიღებული/მისაღები შემოსავალი, რომელიც იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით, მოიცავს დღგ-ის თანხას. აღნიშნულ გაანგარიშებაში ჩართულია შემოსავლები და ხარჯები დღგ-ის ჩათვლით, შესაბამისად, გაანგარიშებიდან დღგ-ის თანხის გამოყოფა არ ხდება, ვინაიდან შემოწმების მიერ დადგენილი სალაროს ნაშთი საწარმოდან სრულადაა გატანილი.

რაც შეეხება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და დანაკარგების გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს რომ ამ ნაწილში საჩივარი 15.06.2021 წლის №19126 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საკითხი არასწორად არის განხილული. საქმიანობა არის სპეციფიური და საკითხის შესწავლა მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომებს. აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა არცერთი გარემოება:

- არ დაადგინა წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, დანაკარგების სავარაუდო ოდენობები;

- არ შეისწავლა ნედლეულიდან და მასალებიდან გამოსავლიანობის საკითხები;

- საწარმოო წუნისა და სხვა მრავალი არსებითი ხასიათი გარემოებები;

- არ გაურკვევია დანაკარგების ოდენობები კლიენტის მიერ პროდუქციის დაწუნების შემთხვევებში;

- არ შეუდარებია სხვა ანალოგიური წარმოებისათვის (ყოველ შემთხვევაში, ასეთი მინიშნებაც კი არ არის აქტში).

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ეხება ყველა სახის გადასახადის განსაზღვრას. ხსენებული ნორმით საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა მხოლოდ ამ ნაწილითა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით. ეს მასალები ან ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს თვით გადამხდელთან, მაგრამ არასრული სახით, ან საგადასახადო ორგანოში და ეხებოდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებულ სხვა პირს. ამ მასალების გამოყენებისას საგადასახადო ორგანომ, შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს გადამხდელთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების შესაბამისად. მიზანი კი არის ის, რომ სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე უნდა დადგინდეს საგადასახადო ვალდებულებები. იმისათვის, რომ საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი, იმის გამო, რომ იგი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონით დადგენილი წესით მოითხოვს მეტ დასაბუთებულობას. გადასახადის გადამხდელი აწარმოებს ბუღალტერიას და მარტოოდენ საგადასახადო ორგანოს დაუსაბუთებელი (ასეთი დასაბუთება არ მოიძებნება აქტში) ვერ გახდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობა, რადგან არ გამოვლენილა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელიმე ქვეპუნქტით დადგენილი სხვა დარღვევა.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებზე, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ზედაპირულად, საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. ჩვენი აზრით, სადავო აქტების გამოცემისას აუდიტის დეპარტამენტმა არ გამოიყენა კანონით მათთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაედგინა და შეესწავლა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ჩვენს შემთხვევაში არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკითხი შესწავლილი უნდა იქნას გადასახადის გადამხდელთან ერთად. წარმოდგენილი იქნება დეკლარაციების ნამდვილობის დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბაზასა და საზოგადოების მიერ დეკლარირებულ დასაბეგრ ბაზებს შორის, თვეების მიხედვით, არის არაარსებითი აცდენები. თანხა გაიზარდა მხოლოდ იმის გამო, რომ შესამოწმებელი პერიოდი არის დიდი - 43 თვე. ამ რაოდენობის თვეებში მცირეოდენმა აცდენამაც გამოიწვია ასეთი დიდი განსხვავება. დეკლარირებულსა და საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულს შორის განსხვავებები შეიძლება უკავშირდებოდეს მრავალ გარემოებას, ისეთებს როგორიცაა დანაკარგები, წუნი და სხვა. ეს გარემოებები აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ ყოფილა შესწავლილი და ბუნებრივია, ვერც იქნებოდა გათვალისწინებული.

განსხვავებული ბაზა სხვადასხვა გადასახადის მიზნებისათვის - ე.წ. აგროსილი თანხა დღგ-ის მიზნებისათვის, საგადასახდო ორგანომ, არაპირდაპირი მეთოდით (რომელიც არასწორია) განსაზღვრა ვირტუალური თანხა, რომლიდანაც საზოგადოება დაიბეგრა დღგ-ით. ეს თანხა შეადგენს 246 678 ლარს. ხოლო, საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის დასაბეგრი ბაზა, ე.წ. აგროსვის წყალობით, შეადგენს - 338 350 ლარს. სრულიად დაუსაბუთებლად, საგადასახადო ორგანომ გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ანუ, გაზარდა რეალიზაციიდან ამონაგები თანხა დღგ-ის მიზნებისათვის. ხოლო საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა კიდევ 20%-ით გაზარდა! არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული თანხის აგროსვა, იმ საფუძვლით, რომ ეს თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად, არის ინერციით განხორციელებული დარიცხვა.

თანხა რომ განაწილდეს სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირს შორის, ის ჯერ უნდა არსებობდეს. საკმაოდ საეჭვო გაანგარიშებებით, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ „დაადგინა“, რომ საზოგადოებას მიღებული აქვს 246 678 ლარით მეტი შემოსავალი. შესაბამისად, მხოლოდ ამ თანხის ფარგლებში შეიძლება იყოს მსჯელობა თუ რად განიხილავს საგადასახდო ორგანო და როგორი ვალდებულებები წარმოეშობა საზოგადოებას აგენტის ფუნქციის სახით: პროცენტიან ან უპროცენტო სესხად, დივიდენდად, ხელფასად, მაგრამ როდესაც საგადასახადო იწყებს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული თანხის, აგროსვის გამო კიდევ - 20%-ით გაზრდილი თანხის განაწილებას - ეწინააღმდეგება საკუთარ გაანგარიშებებსაც კი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი თანხის კიდევ 20%-ით გაზრდა სცილდება ყოველგვარ ლოგიკას, საღ აზრს და მოქმედ კანონმდებლობას.

დავუშვათ, რომ საზოგადოებამ მიიღო 246 678 ლარით ნამეტი შემოსავალი. საიდან უნდა მოიტანოს საზოგადოებამ კიდევ 49 336 ლარი?! ამ გაურკვეველ თანხებზე დაკისრებულია ჯარიმა-საურავები!

საგადასახადო კოდექსში 1.01.2019 წლიდან შესულია ცვლილებები (27.12.2018 წლის №4225-რს კანონი), რომლის გათვალისწინებით, მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №007-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, დარიცხული საურავის და ჯარიმის ნაწილში.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, 269-ე მუხლის 21 ნაწილის და იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო დავა არ დასრულებულა, აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №007-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას დარიცხული საურავის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში შესული ცვლილების გამო. საურავი დარიცხულია 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში წარმოშობილ ვალდებულებებზე და საურავის დარიცხვა, გადასახადის ძირითად თანხაზე გრძელდება დღემდე. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, სხვადასხვა პერიოდულობით უნდა შეწყდეს ძირითად თანხაზე საურავის დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

შემოსავლების სამსახურის 15.06.2021 წლის №19126 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დამატებითი შემოსავლის (რეალიზაციიდან ამონაგები თანხის) დღგ-ის მიზნებისთვის გაზრდის და ამ თანხის საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის ე.წ. „აგროსვის“ საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას მიღებული/მისაღები შემოსავალი, რომელიც იბეგრება დღგ-ით, მოიცავს დღგ-ის თანხას. აღნიშნულ გაანგარიშებაში ჩართულია შემოსავლები და ხარჯები დღგ-ის ჩათვლით, ასევე სხვა კომპონენტები შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლებიც გავლენას ახდენენ წმინდა ფულადი ნაკადების ნაშთზე. ვინაიდან საწარმოს წარმომადგენლის მიერ შემოწმების მიერ დადგენილი სალაროს ნაშთი საწარმოდან სრულადაა გატანილი (სადაც შემოსავალი მოიცავდა დღგ-ს), ხელფასად დაბეგვრას ექვემდებარება აგრეთვე დღგ-ის ჩათვლით თანხები. საწარმოდან გატანილი სალაროს ნაშთის თანხა წარმოადგენს „ხელზე“ გატანილ ნეტო თანხას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოიყენება ე.წ. „გროსაფის“ მეთოდი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა საწარმოს მიერ წარდგენილი ბუღალტრული ჩანაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, რის საფუძველზეც გამოვლენილია სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. შემოწმებით გაანგარიშდა სალაროში შემოსული და სალაროდან გასული თანხები, რაც მოიცავდა დღგ-ის თანხებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ სალაროს ნაშთის განსაზღვრისას შემოსავალი რეალიზაციიდან დღგ-ის ჩათვლით გათვალისწინებულია მართლზომიერად. ამასთან, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დადგენილი სალაროს ნაშთი. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

მომჩივანი მიუთითებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ შეესაბამება კანონმდებლობას, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გამოვლენილი განსხვავებები შეიძლება უკავშირდებოდეს მრავალ გარემოებას. აუდიტის დეპარტამენტმა არ დაადგინა დანაკარგების სავარაუდო ოდენობები, არ შეისწავლა ნედლეულიდან და მასალებიდან გამოსავლიანობის საკითხები, საწარმოო წუნისა და სხვა მრავალი არსებითი ხასიათი გარემოებები, არ გაურკვევია დანაკარგების ოდენობები კლიენტის მიერ პროდუქციის დაწუნების შემთხვევებში, არ შეუდარებია სხვა ანალოგიური წარმოებისათვის. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 15.06.2021 წლის №19126 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 15.06.2021 წლის №19126 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

შემოსავლების სამსახურის 15.06.2021 წლის №19126 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულის/მასალის შესყიდვა და ავეჯის წარმოება. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2020 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2017 წლიდან 1.08.2020 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვა არ ხორციელდება სრულყოფილად კანონმდებლობის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. შემოწმების მიერ სალაროს მოძრაობა გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, წარმოდგენილ და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დადგენილი სალაროს ნაშთი ჩაითვალა დაქირავებულ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2020 წლის №007-567 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.06.2021 წლის №19126 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 15.06.2021 წლის №19126 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №007-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7316 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 15.06.2021 წლის №19126 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80(1), 100(3"ა"), 101(1).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის: 161(1).