გადაწყვეტილება №19862/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19862/2/2023
05 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ 3.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19862/2/2023).
დავის საგანი:
1.2019 წლის პირველ იანვრამდე სალაროში შემოსული ავანსის, რომლის მიღებაც შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით არ არის დაბეგრილი, ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში მიღებულად ჩათვლა და დღგ-ით დაბეგვრა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის საგადასახადო
შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 14.12.2022 წლის №31451 ბრძანება და №047-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10898 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1.2019 წლის პირველ იანვრამდე სალაროში შემოსული ავანსის, რომლის მიღებაც შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით არ არის დაბეგრილი, ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში მიღებულად ჩათვლა და დღგ-ით დაბეგვრა.
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შპს „-------------“ (ს/ნ -------------) შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 1 641 963 ლარი. შემოწმებით დადგენილმა 18%-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა - 2 727 727 ლარი, დეკლარირებულზე 1 085 764 ლარით მეტი. შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამით, საბანკო ამონაწერით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №175799 წერილით და დანართებით. შედეგად, ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, 2019 წლის პირველ იანვრამდე სალაროში შემოსული ავანსი, რომლის მიღებაც არ არის შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით დაბეგრილი, დაიბეგრა ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში დამატებული ღირებულების გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლზე, მე-4 მუხლზე და აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ საწარმოს მიერ მიღებული ავანსის თანხა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარებოდა 2018 წლის საანგარიშო პერიოდში. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
დადგენილია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამით, საბანკო ამონაწერით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №----------- წერილით და დანართებით. შედეგად, ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, 2019 წლის პირველ იანვრამდე სალაროში შემოსული ავანსი, რომლის მიღებაც არ არის შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით დაბეგრილი, დაიბეგრა ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში დღგ-ით.
აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2023 წლის №----------- წერილის მიხედვით, 2019 წლის პირველ იანვრამდე სალაროში შემოსული ავანსი, რომლის მიღებაც არ არის შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით დაბეგრილი, ჩაითვალა ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში მიღებულად და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. აღნიშნული თემით დაიბეგრა არა 2019 წლამდე მიღებული ავანსი არამედ ის თანხები, რომლის მიღებაც არ დადასტურდა 2019 წლამდე და არც გადამხდელის მიერ იყო დღგ-ის დეკლარაციებში ასახული.
მომჩივნის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტები უსაფუძვლოა, ვინაიდან შემოწმებისას დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა არა 2019 წლამდე მიღებული ავანსი, არამედ ის თანხები რომლის მიღებაც არ დადასტურდა 2019 წლამდე და არც დღგ-ის დეკლარაციებში იყო ასახული.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №047-45 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა: ჯარიმა - 95 484 ლარი და საურავი - 77 427 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელები საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მოითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. 2019 წლის პირველ იანვრამდე სალაროში შემოსული ავანსის, რომლის მიღებაც შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით არ არის დაბეგრილი, ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში მიღებულად ჩათვლა და დღგ-ით დაბეგვრა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1.ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, 2019 წლის პირველ იანვრამდე სალაროში შემოსული ავანსი, რომლის მიღებაც არ არის შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით დაბეგრილი, დაიბეგრა ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში დამატებული ღირებულების გადასახადით.
2. აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №047-45 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა: ჯარიმა ი და საურავი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;160;161;269(7);