გადაწყეტილება №24084/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24084/2/2024
19 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ
მომჩივანი: ------------ (პას. №---------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ის 8.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24084/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 28.06.2024 წლის №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 5.08.2024 წლის №18047 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 34 417.30 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
28.06.2024 წელს, ------ აეროპორტიდან „-------ის“ რეისით მიმავალ მომჩივანს საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის სავალდებულო გავლისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული თანხა, 121 500 აშშ დოლარის (მოცემული დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად – 344 173.05 ლარი) ოდენობით.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა გადატანისთვის, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 28.06.2024 წლის №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 34 417.30 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.08.2024 წლის №18047 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-5, მე-6, 27-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 157-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ სამართალდამრღვევი შეეცადა დეკლარირებას დაქვემდებარებული 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამდენად, საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მომჩივნისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
რაც შეეხება, მომჩივნის არგუმენტს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
მომჩივნის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებით, არ დადასტურდება, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163- ე მუხლის მე11 ნაწილის გამოყენება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სასაზღვრო კონტროლის გავლამდე მიმართა უნიფორმაში ჩაცმულ პირს და განუცხადა, რომ ------ი გაყიდა უძრავი ქონება და მიღებული თანხა თან მიჰქონდა. თანხის წარმოშობის დამადასტურებლად წარადგინა საჯარო რეესტრის მიერ დამოწმებული 2 ხელშეკრულება --- ენაზე თარგმანითურთ - 2023 და 2024 წელს გაყიდული უძრავი ქონების თაობაზე. უნიფორმიანმა პირმა ----ი ენის არცოდნის გამო, ვერ გაიგო ვერაფერი და დაუძახა სხვა პირს, რომელმაც ჯერ მისთვის გაუგებარ ენაზე დაუწყო საუბარი, შემდგომ კი წაიყვანა ოთახში, სადაც ასევე გაგრძელდა მისთვის გაუგებარ ენაზე საუბარი. მომჩივანი შეეცადა აეხსნა, რომ ------ი გაყიდა უძრავი ქონება და მიღებული თანხა თან ქონდა. დამადასტურებლად წარადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება და დაასახელა მის ხელთ არსებული თანხის ოდენობა, თუმცა ენის არცოდნის გამო, აღნიშნულ პირებს ვერაფერი გააგებინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ პირმა ამობეჭდა რაღაც ფურცელი და ხელი მოაწერინა. აღნიშნულის შემდეგ ფურცელზე დაუწერა თანხა და მიუთითა, თუ სად უნდა გადაეხადა. ვინაიდან ვერაფერს მიხვდა, თუ რა თანხის გადახდას სთხოვდნენ, ტელეფონით დაუკავშირდა მის ნაცნობს, რომელიც ფლობდა ქართულ და ----- ენებს და სთხოვა, ტელეფონით დალაპარაკებოდა მებაჟეს და გაერკვია, თუ რაში იყო საქმე. მეგობარმა მებაჟესთან გასაუბრების შემდეგ განუმარტა, რომ დაჯარიმებული იყო ფულის დეკლარირების ვალდებულების დარღვევის გამო და ჯარიმის გადახდის გარეშე არ მიეცემოდა ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა, რის გამოც იძულებული გახდა ჯარიმა გადაეხადა. ჯარიმის გადახდის შემდეგ გადასცეს სამართალდარღვევის ოქმი.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ არ ჰქონია არანაირი განზრახვა, რათა დაემალა თანხა (თანხის გატანა არ იბეგრება გადასახადით). პირიქით, მისი ინტერესი იყო, რომ პირნათელი ყოფილიყო სახელმწიფოს წინაშე და სწორედ ამიტომ აიღო საჯარო რეესტრიდან როგორც 2023 წელს გაყიდული, ასევე 2024 წელს გაყიდული უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რათა თანხის გატანისას აეროპორტში არ შექმნოდა პრობლემა, თუკი მოსთხოვდნენ თანხის (121 000 აშშ დოლარი) წარმოშობის დადასტურებას. თუ რაიმე დანაშაული მიუძღვის, ეს არის უცხო ენის (ქართული/----ი) არცოდნა, რის გამოც დაუშვებელია იგი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად. პირიქით, ადმინისტრაციული ორგანო/თანამდებობის პირი იყო ვალდებული, რომ განემარტა თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობის თაობაზე. საბაჟო ორგანოს ეს ვალდებულება დადგენილია „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქცია 24-ე მუხლის მე-6 პუნქტით. ამავე პუნქტითაა დადგენილი უფლებების განმარტების ვალდებულებაც.
განსახილველ შემთხვევაში, რადგან თარჯიმანი არ მოუწვევიათ, ბუნებრივია ვერც უფლებებს განუმარტავდნენ. აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი ტიპის დარღვევას, რაც ყოველგვარი დამატებითი არგუმენტაციების გარეშე, საკმარისია აქტის ბათილობისათვის. თარჯიმნით უზრუნველყოფისა და უფლებების განმარტების ვალდებულება ასევე რეგლამენტირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისი 252-ე მუხლით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი. საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.
მიმდინარე წარმოების ენა არ იცოდა, იგი გამოვიდა მის მშობლიურ ------ ენაზე, ითხოვა ----ი ენის მცოდნე პირის მოწვევა, თუმცა მებაჟეებს ვერაფერი გააგებინა, რამაც საბოლოოდ განაპირობა მისი დაჯარიმება 34 417 ლარით.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში, მითითებულია, რომ მწვანე დერეფანი აირჩია და ამით განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი. აღნიშნული არგუმენტი არ შეესაბამება სიმართლეს და პრაქტიკულადაც, შეუძლებელია მსგავსი რამ შეძლოს საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა. ------- აეროპორტის გაფრენის დარბაზში, მოფრენის დარბაზისგან განსხვავებით, წითელი და მწვანე დერეფნები არ არის განთავსებული ცალ-ცალკე. ნებისმიერი პირი, ვინც კი ტოვებს საქართველოს, აუცილებლად ხვდება ჯერ წითელ დერეფანში, შემდგომ მწვანე დერეფანში და ამის შემდეგ გადის საავიაციო უსაფრთხოების კონტროლს. წითელი და მწვანე დერეფნები წარმოადგენს ერთ საერთო დერეფანს. არც წითელ და არც მწვანე დერეფანთან მებაჟე არ ყოფილა, ვისთვისაც შეეძლო მიემართა. სწორედ ამიტომ მიმართა იმ პირს, ვინც პირველი დაინახა უნიფორმაში ჩაცმული და განუცხადა, რომ ------ი გაყიდა ბინა, რომლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა თან მიჰქონდა.
განსახილველი საკითხის გადაწყვეტისთვის და სამართალდარღვევის არსებობა/არარსებობის დადგენის მიზნებისთვის, აუცილებელია შეფასდეს, იყო თუ არა სახეზე სამართალდარღვევის შემადგენლობა. საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით, იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, სამართალდამრღვევად შეიძლება მიჩნეული იქნეს ისეთი პირი, ვინც ან საბაჟო ორგანოს გვერდის ავლით ცდილობს ფულის გადატანას ან გადმოტანას, ან მისგან მალულად, რაც უნდა გამოიხატებოდეს რაიმე მოქმედებაში (დამალვის მცდელობა ან რაიმე მსგავსი) ან უმოქმედობაში, კანონით დადგენილი მოქმედების სავალდებულობის შემთხვევაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არცერთს არ ჰქონია ადგილი, არც აქტიური მოქმედებით უცდია კანონის დარღვევა და არც რაიმე კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას ჰქონია ადგილი.
განსახილველ საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაეს სასამართლოს, კერძოდ უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „საკანონმდებლო მოწესრიგება ერთმანეთისაგან განასხვავებს სამართალდარღვევის ჩადენის ორ ალტერნატიულ შესაძლებლობას - საბაჟო კონტროლის გვერდის ავლა და საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადმოტანა/გადატანა. საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის გადმოტანის ან გადატანის მიმართ პირის განზრახვა გამოხატულია შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, მათ გარეთ არსებული სივრციდან სახელმწიფო საზღვრის შიგნით ან, პირიქით, საზღვრებს შიგნიდან - გარეთ საქონლის უკანონო გადაადგილების სურვილში, მაშინ, როდესაც საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაადგილების მიმართ არსებული განზრახვა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თუმცა მისგან ფარულად, საბაჟო კონტროლისათვის საქონლის გადაადგილების შემჩნევისათვის შემაფერხებელი გარემოებების შექმნის მცდელობით ვლინდება“
საზღვარს კვეთდა საბაჟო გამშვების პუნქტის გავლით და გამოხატა ნება, რომ წარედგინა მისი კუთვნილი თანხა და თანხის წარმოშობის დოკუმენტაცია საბაჟო ორგანოსთვის, თუმცა რადგან მებაჟე არ იმყოფებოდა წითელ დერეფანთა, მიმარტა მას, ვისთვისაც შეეძლო მიმართვა. აღნიშნული ქმედება გამორიცხავს შესაფასებელი ქმედების დაკვალიფიცირებას, როგორც - მალულად გადატანას.
მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტები სრულიად საკმარისია სადავო სამართალდარღვევის ოქმის გასაბათილებლად, თუმცა თუკი დავის განმხილველი ორგანო აღნიშნულ არგუმენტებს საკმარისად არ მიიჩნევს, სულ მცირე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სანქციისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ჟ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
ჟ) საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:
ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;
ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეოდა აუდიოჩაწერა);
გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;
დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში;
ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;
ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საბაჟო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „გ“ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია განსაზღვროს მარშრუტი, რომლითაც უნდა გადაადგილდეს გასატანი საქონელი, და ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი უნდა იქნეს გატანილი.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელსაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გააქვს.
3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევით წარმოებული საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, სისტემაში რეგისტრირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:
ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, რაც არ გამორიცხავს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, გაშვების შემდგომ აუცილებელი კონტროლის პირობით, რაც შეიძლება მოიცავდეს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის სისწორის ან/და საქონლის მიმართ დაწესებული აკრძალვებსა და შეზღუდვებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმებას, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიების განხორციელებასაც.
გ) „ყვითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას საქონლის დათვალიერების გარეშე, დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ხოლო საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში – საქონლის გაშვებას კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენით ან/და კუთვნილი იმპორტის გადასახდელის გადახდით;
დ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით, დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით ან მის გარეშე, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებასაც, ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის შესაბამისად.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივანს, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის სავალდებულო გავლისას, აღმოაჩნდა არადეკლარირებული თანხა, 121 500 აშშ დოლარის (ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსით – 344 173.05 ლარი) ოდენობით, რაზეც შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მომჩივანმა გაყიდა ქალაქ ----ში მდებარე უძრავი ქონება და მიღებული თანხა თან მიჰქონდა, რის დასადასტურებლად აეროპორტში წარადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა არ მიეცა თანხის გატანის უფლება და დაჯარიმდა. თანხის დამალვის განზრახვა მიზნად არ ჰქონია, პირიქით, ცდილობდა პირნათელი ყოფილიყო სახელმწიფოს წინაშე.
მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ მომჩივანმა არ იცოდა ქართული ენა და რადგან სამართალწარმოების პროცესში თარჯიმანი არ ყოფილა მოწვეული, არც უფლებები განემარტა. მომჩივანს მიაჩნია, რომ აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი ტიპის დარღვევას, რაც ყოველგვარი დამატებითი არგუმენტაციების გარეშე, საკმარისია აქტის ბათილობისათვის.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი მოსმენისას, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამართალდამრღვევი შეეცადა დეკლარირებას დაქვემდებარებული 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. რაც შეეხება, მომჩივნის არგუმენტს თარჯიმანთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ვინაიდან გასულია ვიდეო ჩანაწერების შენახვის ვადა, დაზუსტებით რთულია იმის თქმა, თუ რა ენაზე ხორციელდებოდა მომჩივანთან კომუნიკაცია. მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა თარჯიმნის ჩართვა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მომჩივანი საუბრობდა ინგლისურ ენაზე, შესაბამისად, როდესაც სამართალდამრღვევი პირი საუბრობს ინგლისური ენაზე, მასთან კომუნიკაცია ხორციელდება სწორედ ამავე ენაზე და არ ხდება თარჯიმნის მოწვევა. ამასთან, „-- აეროპორტი და --- ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ გაფრენის დარბაზში განთავსებულია წითელი და მწვანე დერეფნები, რომელსაც შესაბამისი ფერის მანიშნებელთან ერთად, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური,მ რუსული) აქვს შემდეგი მითითება: წითელი დერეფნის შემთხვევაში – „ექვემდებარება დეკლარირებას“ და მწვანე დერეფნის შემთხვევაში – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“.გამომდინარე აქედან, მომჩივანმა მწვანე დერეფნის არჩევით განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
საბჭო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საბჭოს მიაჩნია, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, საბჭო მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი შეცდა ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ამდენად, ვინაიდან მომჩივანი საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ, 100 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულს და მას არ მოუხდენია აღნიშნული თანხის დეკლარირება, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დაკისრებულის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის სავალდებულო გავლისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული თანხა, 121 500 აშშ დოლარის (მოცემული დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად – 344 173.05 ლარი) ოდენობით.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა გადატანისთვის, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 34 417.30 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №18047 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დაკისრებულის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 27(1); 157(1.2 „ა“.3 „გ“); 163(1.11); 169(3);