ბრძანება N 3492

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.02.2026
№ დოკუმენტი 3492
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3492

18 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „ ----- “ (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2025 წლის 29 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N 14) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 211193/01 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის N EL303511, N EL303512 და N EL303514 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ელექტრონულად დადასტურების დაგვიანება არ იყო განზრახი ქმედება და არ უკავშირდება კანონის მოთხოვნების უგულებელყოფას. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შიდა ორგანიზაციულ ხარვეზს, კერძოდ არასრულფასოვან კომუნიკაციას ცვლის უფროსსა და გამშვები პუნქტის ოპერატორს შორის, რაც მოხდა არასტანდარტულ სამუშაო საათებში (ღამის პერიოდში) და გამოიწვია ტექნიკური მოქმედების დროულად შეუსრულებლობა. მომჩივნის მითითებით, აღნიშნული ხარვეზით სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი არ მიუღია. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 15 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „----- “ გავლით N -----, N ----- და N ----- სარკინიგზო ვაგონებით საქართველოში შემოტანილ იქნა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) კუთვნილი საქონელი (მერქან - ბურბუშელის ფილები). აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა N ----- რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა.

2025 წლის 17 დეკემბერს შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა ზემოაღნიშნული საქონლის დროებით შენახვა შპს „-----“ საბაჟო საწყობში. მითითებული მომართვის საფუძველზე წარდგენილი დოკუმენტების დამუშავებისას, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----" თანამშრომლის მიერ დადგინდა, რომ N ----- აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული საქონელი შპს „-----“ (ს/ნ -----) საბაჟო საწყობში ( ----- ) გამოცხადდა 2025 წლის 16 დეკემბერს 22:00 საათზე, გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება კი განხორციელდა – 2025 წლის 17 დეკემბერს 15:49 საათზე. ვინაიდან შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 17 დეკემბერს შედგენილ იქნა N EL303511, N EL303512 და N EL303514 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „ ----- “ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა თითოეული ოქმით 6 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

“საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების დღის 24 საათამდე საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში – გამოცხადების ელექტრონული დადასტურებით.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „ საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ” ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის მიუთითებს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

მე-9 ნაწილი კი მიუთითებს, რომ საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევის ფაქტებს. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (განმეორებით ჩადენილი) დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საბაჟო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ სამართალდამრღვევი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2025 წლის 17 დეკემბრის N EL303511, N EL303512 და N EL303514 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დადგინდა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ქვეყანაში შემოტანილი საქონელი განთავსდა საბაჟო საწყობში, სადაც მისი გამოცხადება და ელექტრონული დადასტურება განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დარღვევით. სანებართვო პირობების განმეორებითი დარღვევის გამო საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა შეადგინა სამართალდარღვევის ოქმები და საწარმოს დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან . დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 163 (1-9-11); 176 (1 და 2);.