გადაწყვეტილება №22418/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22418/2/2024
28 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------29.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22418/2/2024).
დავის საგანი:
კაპიტალიდან დამფუძნებლის მიერ ქონების გატანის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა დ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №007-418 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2315 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 473 894 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 721 758
დღგ - 273 508
საშემოსავლო გადასახადი -448 250
ჯარიმა - 360 879
საურავი - 391 257
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მშენებლობის მომსახურების გაწევა, საცხოვრებელი და კომერციული ფართების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.11.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიაში, 2020 წლის 12 თებერვლის №35695 ბრძანებით, ჩატარებულია სრული საგადასახადო შემოწმება 1.01.2017 წლიდან 1.11.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე. 2021 წლის 29 დეკემბერს შედგენილი აქტით კომპანიაში კაპიტალი არ ფიქსირდება. 2020 წლის 21 დეკემბრის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, კომპანიის კაპიტალიდან გატანილია უძრავი ქონების ნაწილი --------- (აღნიშნული პერიოდისთვის დამფუძნებელი და დირექტორი) მიერ, კერძოდ, გატანილია შემდეგი ქონებები ს/კ ---------, ს/კ ---------.---------, ს/კ ---------, ს/კ ---------, ს/კ ---------, ს/კ ---------, ს/კ ---------, ს/კ ---------. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №-------- დასკვნის მიხედვით, ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1 793 000 ლარით (დღგ-ის ჩათვლით). კომპანიაში შენატანი ვერ დადასტურდა, ფაქტობრივი გარემოებით კი გადაცემული ქონება ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად. შემოწმებით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დასაბეგრი ოპერაციის დრო (2020 წლის დეკემბერი), დაერიცხა დღგ. ხოლო, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა განხილული იქნა დაქირავებულ პირზე საქონლის საბაზრო ფასით მიწოდებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33370 ბრძანება და №007-418 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2315 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სარგებლის ღირებულება შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და თუ, დადასტურდება სადავო ქონებაზე არსებული იპოთეკის ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების --------- მიერ დაფარვის ფაქტი, სარგებლის ღირებულება განისაზღვროს ქონების საბაზრო ფასსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობით და მის შესაბამისად განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2315 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალიდან ქონების გატანის მომენტში, ქონების უმრავლესობა იყო იპოთეკით დატვირთული, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებას არ გამოუთხოვია მასალა საჯარო რეესტრიდან, სადაც დადასტურებულია ის გარემოება, რომ დამფუძნებელმა გაიტანა იპოთეკით დატვირთული ქონება და იპოთეკისგან ნაწილი თავად დამფუძნებელმა გაათავისუფლა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2020 წლის 21 დეკემბრის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, კომპანიის კაპიტალიდან გატანილი უძრავი ქონების -------------- გადაცემის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ამასთან, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სარგებლის ღირებულება შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და თუ, დადასტურდება სადავო ქონებაზე არსებული იპოთეკის ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების ------------ მიერ დაფარვის ფაქტი, სარგებლის ღირებულება განისაზღვროს ქონების საბაზრო ფასსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობით და მის შესაბამისად განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს არ დაკმაყოფილებულ ნაწილში და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არაა შესწავლილი და გამოკვლეული არსებული მასალა, საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია და ასევე, ყველა საბანკო დაწესებულებიდან არ არის გამოთხოვილი სრულყოფილი ინფორმაცია, რაც საქმის სრულყოფილ შესწავლაში ხელს შეუწყობდა შემმოწმებელს და აღნიშნულის გათვალისწინებით შედგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე მოხდებოდა კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც გატანილია პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე, განხორციელებულია კანონის სრული დაცვით, ვინაიდან დამფუძნებლის შენატანი შეადგენდა, 2017 წლის იანვრიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით, დაახლოებით 967 021 ლარს (საბანკო ამონაწერით). აქვე აღნიშნავს, რომ 2011 წლიდან 2017 წლის იანვრამდე დამფუძნებლის შენატანი დაახლოებით 950 000 ლარს შედგენდა, რასაც დაზუსტებული ფორმით წარმოადგენს, კერძოდ 2011 წლიდან საბანკო ამონაწერს, სადაც დაფიქსირებული იქნება დაზუსტებული ციფრები დამფუძნებლის შენატანის.
როდესაც დამფუძნებლის მიერ მოხდა კომპანიის კაპიტალიდან ქონების გატანა, მნიშვნელოვანი გარემოება იყო ის, რომ უმრავლესობა ქონებისა იყო იპოთეკით დატვირთული. აღნიშნული საკითხით არ დაინტერესებულა აუდიტის დეპარტამენტი და არ გამოუთხოვია მასალა საჯარო რეესტრიდან, სადაც დადასტურებულია ის გარემოება, რომ დამფუძნებელმა გაიტანა იპოთეკით დატვირთული ქონება, იპოთეკისგან თავად დამფუძნებელმა გაათავისუფლა უძრავი ქონების ნაწილი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან თარიღების შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულებები და იპოთეკის შეწყვეტის ხელშეკრულებები).
შემოწმების აქტში შემმოწმებელი აფიქსირებს, რომ 1.01.2017 წლიდან 1.11.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე, 2021 წლის 29 დეკემბერს შედგენილი აქტით, კომპანიაში კაპიტალი არ ფიქსირდება. აქვე აღნიშნავს, რომ 2020 წლის 21 დეკემბრის პარტნიორთა გადაწყვეტილებით კაპიტალიდან გატანილია უძრავი ქონების ნაწილი და რომ დამფუძნებლის შენატანი ვერ დასტურდება, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან კომპანიაში დამფუძნებლის შენატანი არის მოცულობითი, ხოლო შემმოწმებლის მიერ არ იქნა სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული არსებული ინფორმაცია.
გაურკვევლად მიაჩნია ის ციფრები, რა ციფრებზეც აპელირებს შესაბამისი სამსახური, რადგან ექსპერტიზის დასკვნით განმარტებულია, რომ ქონება შეფასებულია 1 793 000 ლარად, გაცემულ ხელფასად აფიქსირებენ 2 246 500 ლარს, სხვაობას 2 241 259 ლარს. შემოწმებით დარიცხული თანხები არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, გაურკვეველია წარმოშობის მონაცემები.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან ქონების გატანის მომენტში ქონების უმრავლესობა იყო იპოთეკით დატვირთული, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებას არ გამოუთხოვია მასალა საჯარო რეესტრიდან, სადაც დადასტურებულია ის გარემოება, რომ დამფუძნებელმა გაიტანა იპოთეკით დატვირთული ქონება და ნაწილი იპოთეკისგან თავად დამფუძნებელმა გაათავისუფლა.
მიუთითებს შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, დარიცხვის საფუძვლებზე და აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია და შემოსავლების სამსახურს ყურადღება უნდა გაემახვილებინა ასევე იმ გარემოებაზე, რომ დამფუძნებლის მიერ განხორციელებულია 2017-2020 წლებში შენატანი, რაც დადასტურებულია წარდგენილი საბანკო ამონაწერით, ასევე შემოწმების ეტაპზე შემმოწმებელს შესაძლებლობა ქონდა დეტალურად გამოეთხოვა საბანკო დაწესებულებიდან არსებული ინფორმაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:
გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში;
დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:
გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ 2020 წლის 21 დეკემბრის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, კომპანიის კაპიტალიდან გატანილია უძრავი ქონების ნაწილი, აღნიშნული პერიოდისთვის დამფუძნებლის და დირექტორის ----------- მიერ. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №---------- დასკვნის მიხედვით, ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1 793 000 ლარით (დღგ-ის ჩათვლით). ვინაიდან, 2021 წლის 29 დეკემბერს შედგენილი აქტით კომპანიაში კაპიტალი არ ფიქსირდებოდა და კომპანიაში შენატანი ვერ დადასტურდა, გადაცემული ქონება ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად. შემოწმებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ხოლო, აღნიშნული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა განიხილა დაქირავებულ პირზე საქონლის საბაზრო ფასით მიწოდებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არაა შესწავლილი და გამოკვლეული არსებული მასალა, საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია და ასევე, ყველა საბანკო დაწესებულებიდან არ არის გამოთხოვილი სრულყოფილი ინფორმაცია. როდესაც დამფუძნებლის მიერ მოხდა კომპანიის კაპიტალიდან ქონების გატანა, უმრავლესობა ქონებისა იყო იპოთეკით დატვირთული, აღნიშნული საკითხით არ დაინტერესებულა აუდიტის დეპარტამენტი და არ გამოუთხოვია მასალა საჯარო რეესტრიდან, სადაც დადასტურებულია გარემოება, რომ დამფუძნებელმა გაიტანა იპოთეკით დატვირთული ქონება, იპოთეკისგან თავად დამფუძნებელმა გაათავისუფლა უძრავი ქონების ნაწილი. აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია და შემოსავლების სამსახურს ყურადღება უნდა გაემახვილებინა ასევე იმ გარემოებაზე, რომ დამფუძნებლის მიერ განხორციელებულია 2017-2020 წლებში შენატანი, რაც დადასტურებულია წარდგენილი საბანკო ამონაწერით, ასევე შემოწმების ეტაპზე შემმოწმებელს შესაძლებლობა ქონდა დეტალურად გამოეთხოვა საბანკო დაწესებულებიდან არსებული ინფორმაცია.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადს გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული ინფორმაციისაგან განსხვავებული გარემოებები. ამასთან, აღნიშნა, რომ საბანკო ამონაწერებით დასტურდება 2011 წლიდან დამფუძნებლის შენატანი კაპიტალში, საგადასახადო ორგანოს მიერ უნდა შესწავლილიყო რა შენატანი განხორციელდა დამფუძნებლის მიერ კომპანიაში, რაც არ იქნა გამოკვლეული შემმოწმებლის მიერ, არ ეთანხმება შემმოწმებლის პოზიციას, რომ კომპანიაში წინა პერიოდში კაპიტალი არ ფიქსირდებოდა, მისთვის გაუგებარია, მაშინ როგორ გაჩნდა იგი შესამოწმებელ პერიოდში. წინა პერიოდის შემოწმებაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტები გასაჩივრებულია სასამართლოში. ამ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილი აქვს მტკიცებულებები, რომელიც შემმოწმებელს უნდა გამოეკვლია, ამასთან გამოეთხოვა ინფორმაციები და დადგინდებოდა, რომ იპოთეკით იყო დატვირთული ქონება და ფიზიკური პირის მიერ მოხდა იპოთეკისგან გათავისუფლება, ანუ ნაკლის მქონე ქონება იქნა გატანილი. აღნიშნა, რომ შენატანი არსებობდა, თემა შესწავლილი და დეტალურად უნდა ყოფილიყო გამოკვლეული, საბანკო ამონაწერები გააჩნდა და შესაძლო იყო მათი გადამოწმება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩატარებულია თემატური და სრული საგადასახადო შემოწმება, წინა შემოწმების აქტით დაფიქსირებულია, რომ კაპიტალში შენატანი არ არის, ხსენებული საკითხი გავლილი იქნა შემმოწმებელ აუდიტორთან, ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, ამდენად გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, დასაბეგრი ოპერაციებიც არ იყო და აღნიშნული, ასევე ფულის მოძრაობა დათვლილი იქნა შემმოწმებლის მიერ. მიმდინარე შემოწმებით, კაპიტალიდან გატანილი ქონებები შეფასდა ექსპერტის მიერ და განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება რაც დაიბეგრა სრულად. წინა პერიოდის შემოწმების აქტში პირდაპირ წერია, რომ კაპიტალში შენატანი არ იყო, აღნიშნული საკითხი სასამართლოში არ გასაჩივრებულა, დამფუძნებლის შენატანთან დაკავშირებით საკითხი გავლილია წინა პერიოდის შემმოწმებელ აუდიტორთან, ამასთან განმარტა, რომ კი არ ამბობს შენატანი არ არისო, არამედ გაანგარიშება განხორციელებულია არაპირდაპირი მეთოდით და განულებულია, ანუ გატანის მომენტში დამფუძნებლის შენატანი აღარ არსებობს.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ 2020 წლის 21 დეკემბრის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, კომპანიის კაპიტალიდან გატანილი უძრავი ქონების ------------ გადაცემის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა, დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა კანონშესაბამისია.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სარგებლის ღირებულების შესწავლა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე2 ნაწილის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და თუ, დადასტურდება სადავო ქონებაზე არსებული იპოთეკის ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების ------------ მიერ დაფარვის ფაქტი, სარგებლის ღირებულება განისაზღვროს ქონების საბაზრო ფასსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობით და მის შესაბამისად განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კაპიტალიდან დამფუძნებლის მიერ ქონების გატანის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ 2020 წლის 21 დეკემბრის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, კომპანიის კაპიტალიდან გატანილია უძრავი ქონების ნაწილი, აღნიშნული პერიოდისთვის დამფუძნებლის და დირექტორის მიერ. ვინაიდან, 2021 წლის 29 დეკემბერს შედგენილი აქტით კომპანიაში კაპიტალი არ ფიქსირდებოდა და კომპანიაში შენატანი ვერ დადასტურდა, გადაცემული ქონება ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად.შემოწმებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ხოლო, აღნიშნული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა განიხილა დაქირავებულ პირზე საქონლის საბაზრო ფასით მიწოდებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 161(1);100(3);101(1);154(1)