ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შეძენილი სარეკლამო საქონლის დაბეგვრა N 2649
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შეძენილი სარეკლამო საქონლის დაბეგვრა N 2649
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმო ახორციელებს საქონლის იმპორტს და რეალიზაციას. საწარმო ძირითად გასაყიდ საქონელთან ერთად ეწევა სარეკლამო საქონლის (ტესტერები, სინჯები) იმპორტს. სარეკლამო საქონელი საწარმოს უცხოელი მომწოდებლებისგან გადაეცემა სასყიდლით. სარეკლამო პროდუქცია განკუთვნილია როგორც საქონლის, ასევე ბრენდის რეკლამირებისათვის. პროდუქტის რეკლამირება წარმოადგენს მომწოდებლის აუცილებელ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი არ ახდენს საწარმოზე პროდუქტის რეალიზებას. სარეკლამო საქონლის გარეშე შეუძლებელია საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება (საქონლის რეალიზაცია), კერძოდ, აღნიშნული საქონელი (სინჯები, ტესტერები) საბითუმო/საცალო მომხმარებელს მიეწოდება უსასყიდლოდ, სარეკლამო საქონლის მეშვეობით მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა პირადად მოახდინოს პროდუქციის თვისებების შემოწმება.
· საწარმომ სარეკლამო ტიპის პროდუქტებზე გაწეული ხარჯი განიხილა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად და არ დაბეგრა მოგების გადასახადით.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობათან დაკავშირებული არ არის. ამავე კოდექსის 982 მუხლის „ბ'' ქვეპუნქტის თანახმად, ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
· ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირის მიერ სარეკლამო ტიპის პროდუქციის შეძენაზე გაწეული ხარჯი ჩაითვლება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, შესაბამისად, გაწეული ხარჯი არ წარმოშობს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო არ არეგულირებს, სარეკლამო საქონლის მომხმარებლებზე უსასყიდლო მიწოდების შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის საკითხს
სიტუაციური სახელმძღვანელო ვრცელდება 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე