ბრძანება N 5045
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5045
15.03.2023
შპს „----------------ს“ (ს/ნ ----------------)
(მის: ------------------ ----------------------)
2023 წლის 26 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „----------------ს“ (ს/ნ ----------------) №79133/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №1401 ბრძანებას შპს „----------------ს“ (ს/ნ ----------------) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ“.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს საქონლის შემოტანამდე დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია 54 900 ერთეული ქინდერის ტიპის პლასტმასის სათამაშოების იმპორტზე. თითო ერთეული სერია მოიცავს, როგორც 1, ასევე 2-3 და რიგ შემთხევვაში 10 ერთეულ სათამაშოს. ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას დეკლარაციას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“ და განხორციელდა ტვირთის ფიზიკური დათვალიერება, რა დროსაც დათვლილ იქნა არა ერთეული (შეფუთვა), არამედ უშუალოდ დაშლილი კომპლექტების სათამაშოების რაოდენობა ცალობაში, რამაც შეადგინა ------------ ცალი.
მომჩივნის განმარტებით, ასევე წარდგენილია საქონლის მომწოდებლის მიერ გადმოგზავნილი წერილი, სადაც ასევე აღინიშნულია, რომ თითოეული ერთეული მოიცავს ერთ, ან რამოდენიმე ცალ სათამაშოს. არადეკლარირებული სათამაშოების რაოდენობა განისაზღვრა ------- ცალი (76444.93 ლარი) ოდენობით. კომპანია დაჯარიმდა საბაჟო კონტროლისგან მალულად არადეკლარირებული საქონლის შემოტანისთვის და რის შემდეგ კომპანიას დაევალა კორექტირებული რაოდენობების (ცალობის) წარდგენა, რისი ატვირთვაც და დადეკლარირებაც მოხდა 2023 წლის 1 თებერვალს.
მომჩივნისთვის გაუგებარია მოტივი და წინაპირობა სადავო აქტის გამოცემის, ვინაიდან მიაჩნია, რომ დეკლარირებული საქონლის მონაცემები თანხვედრაშია, საბოლოოდ დეკლარირებული საქონლის ღორებულებასთან. მომჩივნის მოსაზრებით, ექპერტიზის დასკვნითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს ფინანსური ზარალი არ ადგება და უცვლელია როგორც საერთო თანხის ჯამი, ასევე დასაბეგრი ბაზა და ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 18 დეკემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------------------პორტები და ----- თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ გავლით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა შპს „----------------ს“ (ს/ნ ----------------) მიერ №C181713/11111 (14/---/2022) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი (----- ერთეული პლასტმასის სათამაშო, საერთო წონა -------- კგ, საერთო საბაჟო ღირებულება 128 424.34 ლარი).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლით გათვალისწინებული საბაჟო ფორმალობების ფარგლებში, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ განხორციელდა №C181713/11111 საბაჟო დეკლარაციის დამუშავება მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით, რა დროსაც რეგისტრირებული დეკლარაციისთვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ და აღნიშნული საქონელი დაექვემდებარა დათვალიერებას, დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით. შემდგომი საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, №----- (18/-/2022) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და მისი გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალება (EE--HH/------K) გაშვებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----ის“ დანიშნულებით.
დანიშნულების გაფორმების საბაჟო ორგანოში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების შემდეგ განხორციელებული საბაჟო კონტროლისას (საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების შემოწმება და ფაქტიურად არსებული საქონლის დათვალიერება) გამოვლენილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი (არადეკლარირებული) საქონელი (სათამაშო ავტომობილი ლითონის კარკასით – ------ ცალი, ------ კგ; პლასტმასის სათამაშო ბრელოკი --- ცალი, ------- კგ), რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 4 იანვრის №----/2023 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შეადგინა 76 444.93 ლარი.
ვინაიდან, გამოვლენილ არადეკლარირებულ საქონელზე შპს „----------------ს“ (ს/ნ ----------------) მიერ არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 66-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებები, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ამასთან, რადგან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატებოდა 15 000 ლარს, საქმის მასალები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილის რეგ.: №21-10/63; 05.01.2023).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2023 წლის 12 იანვრის №167 / 15-04-02 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება და საბაჟო დეპარტამენტს ეთხოვა ემოქმედა საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
დასახელებული ფაქტებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის შპს „----------------ს“ (ს/ნ ----------------) არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, 2023 წლის 31 იანვარს გამოცემულ იქნა №1401 ბრძანება, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 76 444.93 ლარის ოდენობით.
ფაქტობრივად არსებული საქონელი, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 4 იანვრის №---------/2023 ექსპერტიზის დასკვნისა (რომლის მიხედვითაც, დეკლარირებული საქონლის (------ ცალი სათამაშოს) საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 51 979.38 ლარით, საქონლის წონამ შეადგინა ------- კგ; არადეკლარირებულად მიჩნეული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 76 444.93 ლარით, საქონლის წონამ შეადგინა ----- კგ) და „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ №81682 (18.01.2023) გათვალისწინებით, 2023 წლის 1 თებერვლის №C-------/----- (A--------) საქონლის საბაჟო დეკლარაციით გაფორმებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (158 800 ცალი პლასტმასის სათამაშო კლასიფიცირებულ იქნა სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში, ხოლო 5 600 ცალი სათამაშო ავტომობილი ლითონის კარკასით – სეს ესნ-ის 9503 00 990 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. საქართველოს საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.
ამავე კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66- ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ამავე მუხლის შენიშვნის პირველის ნაწილი მიუთითებს, რომ თუ საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15 000 ლარს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საბაჟო კონტროლისას გამოვლენილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი (არადეკლარირებული) 76 444.93 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი: სათამაშო ავტომობილი ლითონის კარკასით – ----- ცალი, ----- კგ; პლასტმასის სათამაშო ბრელოკი ----- ცალი, ----- კგ., რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
დადგენილია ასევე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2023 წლის 12 იანვრის №167/15-04-02 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება.
ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე სადავო ბრძანებით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „----------------ს“ (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 31 იანვრის №1401 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.