ბრძანება N 16515

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.07.2023
№ დოკუმენტი 16515
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 16515

07 ივლისი 2023

---ის (პ/ნ ---)

(მის: ---) 2023 წლის 29 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68), განიხილა ---ის (პ/ნ ---) №90749/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2023 წლის 24 მაისის №69601/310606 საბაჟო დეკლარაცია- ფორმა 4-ით განსაზღვრულ დღგ-ს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ გადმოდიოდა ---ს საბაჟოდან და მოქონდა 27 კგ. თეთრეული, რომელიც განაბაჟებინეს. აცხადებს, რომ არის პენსიონერი და არ აქვს თანხის გადახდის საშუალება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4-ით განსაზღვრული დღგს მოხსნას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 24 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტი „---ის“ კონტროლის ზონაში შემოვიდა ---, რომელსაც თან ჰქონდა 27 კგ. თეთრეული. საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ---მ 2023 წლის 23 მაისს ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, 30 კალენდარული დღის განმავლობაში მეორედ, კერძოდ 2023 წლის 24 მაისს მის მიერ შემოტანილ საქონელზე (27 კგ თეთრეული) ვერ გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული შეღავათი. ასევე, ---ის კუთვნილი საქონელი თვისებრივი მახასიათებლისა და რაოდენობის გათვალისწინებით ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად და შესაბამისად, 2023 წლის 24 მაისს დარეგისტრირდა №69601/310606 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც ---ს განესაზღვრა დღგ 80.31 ლარის ოდენობით. ---ს არ წარმოუდგენია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მიხედვით, რის შედეგად საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 446.175 ლარი.

2023 წლის პირველი იანვრიდან დღეის მდგომარეობით --ეს უფიქსირდება საზღვრის კვეთის 33 ფაქტი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ შემოტანილი საქონელი, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად. შესაბამისად, მომჩივნისთვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამდენად, მომჩივანი ვერ ისარგებლებს მის მიერ შემოტანილ საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით და მისი კუთვნილი საქონლის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში №69601/310606 საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ---ის (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4-ით განსაზღვრული დღგს მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის კუთვნილი საქონელი თვისებრივი მახასიათებლისა და რაოდენობის გათვალისწინებით ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად და შესაბამისად, 2023 წლის 24 მაისს დარეგისტრირდა №69601/310606 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც გადამხდელს განესაზღვრა დღგ 80.31 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 199 (დ,ბ).