გადაწყვეტილება №26654/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26654/2/2026
06 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 17.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26654/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულის ნაშთის (ხარჯის გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2025 წლის №028-17 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24825 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
88 925.43 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 53 679.82
დღგ - 24 929.82
საშემოსავლო გადასახადი - 28 750
ჯარიმა - 26 817
საურავი - 8 428.61
პროცედურული გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შერეული საქონლით საცალო ვაჭრობა ქ. ---ში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 8.07.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 17.09.2025 წლის №20392 ბრძანება და №028-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24825 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სადავო საქმეზე წარმოდგენილი ამავე სამსახურის 24.02.2026 წლის №15306-21-04 წერილის მიხედვით, მომჩივანს შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24825 ბრძანება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა 11.11.2025 წელს, რომელსაც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით, ამიტომ საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 12.12.2025 წელს და ჩაბარებულად ითვლება 1.01.2026 წელს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24825 ბრძანების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებ-გვერდზე გაცნობა ფიქსირდება 4.02.2026 წელს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის საჩივარი ზემოთ დასახელებული სადავო აქტების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილია ელექტრონული ფორმით 17.02.2026 წელს. საბჭო განმარტავს, რომ საგადახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს 1.01.2026 წლიდან, როცა საჯაროდ გავრცელებული საგადასახადო მოთხოვნა ჩაითვალა ჩაბარებულად. გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 21.01.2026 წელი, დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 17.02.2026 წელს. გასაჩივრების ვადის დარღვევის საკითხზე საბჭოს აპარატის მიერ მომჩივანთან განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად, მომჩივანმა 19.02.2026 წელს წარმოადგინა №26680/2/2026 განცხადება, რომელშიც განმარტავს, რომ პირველ საჩივარში, რომელიც შეტანილი იქნა განსახილველად შემოსავლების სამსახურში, მონიშნული გვქონდა თანხმობა დავის განხილვაზე დისტანციურად დასწრების შესახებ, რაც მისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია, რადგან უფუნქციო, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომპანიაში ნებისმიერი ქმედების მოხდენა ვერ მოხერხდებოდა ჩვეულ სამუშაო რეჟიმით. ელოდა კავშირს შემოსავლების სამსახურიდან, მაგრამ რადგან არავინ დაკავშირებია, ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი საწარმოს დამფუძნებელმა/დირექტორმა არასამუშაო პროცესში მოვახდინე რა RS პლატფორმაზე მოსული შეტყობინების გაცნობა 2025 წლის 4 თებერვალს, მიაჩნია, რომ შეტყობინებაში მითითებული ვადების დაცვით ვაგრძელებ დავას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ეცნობა გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე, თუმცა მის მიერ 19.02.2026 წლის №26680/2/2026 განცხადებით დამატებით წარმოდგენილი ზემოაღნიშნული არგუმენტი ვერ გახდება საბჭოს მხრიდან გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელ მიზეზად ჩათვლის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულის ნაშთის (ხარჯის გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შერეული საქონლით საცალო ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 8.07.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №24825 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ე).