ბრძანება N 6075
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6075
20 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------ის“ (ს/ნ ---------------)
(მის.: -----------------------------------)
2024 წლის 26 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ ---------------) 2024 წლის 26 იანვრის №87222/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №078-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ აუდიტის კალკულაცია ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული. მიუთითებს, რომ მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან ნათლად ჩანს, რომ დადასტურებული გაწეული ხარჯი დღგ-ს გარეშე შეადგენს 201 580 ლარს, ხოლო დადეკლარირებული სახელფასო ხარჯი 86 675 ლარს. გამოდის, რომ კომპანია ჯერჯერობით ზარალშია, პლატფორმა პილოტირების რეჟიმშია გაშვებული და ჯერ ჯერობით შემოსავალი არ მიუღია. აღნიშნავს, რომ კომპანიას აქვს მიმდინარე დავალიანებები კერძო კომპანიებთან და ასოციაციებთან. მიუთითებს, რომ საქართველოში ახლა იდგამს ფეხს „სტარტაპ“ პროექტების საინვესტიციო ინსტიტუტები, რომლის შესაძლებლობები ამ ეტაპზე ძალიან მწირია. გამომდინარე აქედან, მიუთითებს, რომ დაფინანსება უწევდათ საკუთარი სახსრებით. აცხადებს, რომ კვალიფიციური კადრები აძლევდათ საშუალებას ემუშავათ საინჟინრო პროექტებზე, რომელიც პროექტისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იყო.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბერს №22527 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №32907 ბრძანება და ამავე თარიღის №078-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 54 009 ლარი, მათ შორის, გადასახადი 34 313 ლარი, ჯარიმა 17 157 ლარი, საურავი 2 539 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: შპს „----------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობას წარმოადგენს მიწის უჯრედის მოწყობის საკონსულტაციო საინჟინრო მომსახურება, კომპანიებისთვის სტრატეგიული დიაგნოსტიკა, პოლიტიკის შემუშავება, ბრენდინგი. შემოწმების მიერ გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა. მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი წერილობით მოთხოვნილი ინფორმაცია, რის გამოც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა. შემოწმება დაეყრდნო ტენდერების ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, მე-3 პირებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის N22289 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------ის“ (ს/ნ ---------------) სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია.
შემოწმებამ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი" ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით მასში შესული ცვლილებით. შემოწმების მიერ შემოსავლების, მათ შორის ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხის, დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების შესახებ მე-3 პირებისგან მოწოდებული ინფორმაციის, ასევე ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ შემოსავლები დადგინდა ტენდერების შესახებ ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ასევე, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელსაც დაემატა ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხა და გადაუხდელი კრედიტორული დავალიანება. მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, გაცემული ხელფასი, ბიუჯეტში გადახდილი თანხა, სხვა ხარჯები და დადგინდა ფულადი ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორის განკარგვად თანხად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა, როგორც მისი ხელფასი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის N22289 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------ის“ (ს/ნ ---------------)საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22527 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №32907 ბრძანება და №078-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 54 009 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების მიერ გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა. მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი წერილობით მოთხოვნილი ინფორმაცია, რის გამოც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა. შემოწმება დაეყრდნო ტენდერების ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, მე-3 პირებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს.
ამასთან,საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N22289 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია.
შემოწმებამ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი" ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით მასში შესული ცვლილებით. შემოწმების მიერ შემოსავლების, მათ შორის ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხის, დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების შესახებ მე-3 პირებისგან მოწოდებული ინფორმაციის, ასევე ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“ .2 „ა“ და „ბ“); 279;