ბრძანება N 599

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.01.2026
№ დოკუმენტი 599
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 599

21 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: -----------------)

2025 წლის 19 და 22 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №109) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) №205066/21 და №205783/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 24 ნოემბრის №EL301630 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №-----) საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ კონტეინერების სარკინიგზო ზედნადებების მე-18 გრაფაში დეტალურად არის მითითებული ტვირთის წონა, კონტეინერის წონა და მათი საერთო ჯამი. აღნიშნული დოკუმენტი ტვირთს თან ახლავს მისი გადაადგილების ყველა ეტაპზე და წარმოადგენს სავალდებულო დოკუმენტს შემდგომი საბაჟო აღრიცხვისთვის. სწორედ სარკინიგზო ზედნადების მონაცემებზე დაყრდნობით, სადგურ გარდაბნის გამშვებ პუნქტში, მებაჟე-ოპერატორის მიერ ხორციელდება საბაჟო სარკინიგზო აღრიცხვის მოწმობის ელექტრონული შევსება და მისი ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რის შემდგომაც ტვირთი მიემართება შპს „------“ საბაჟო საწყობში.

შპს „----“ კუთვნილ ტერმინალში ტვირთის შემოსვლისას კომპანიის მხრიდან ხორციელდება მხოლოდ კონტეინერებზე დატანებული ლუქების მთლიანობის შემოწმება და სარკინიგზო ზედნადების მე-19 გრაფაში მითითებული ლუქის ნომრის შესაბამისობის დადასტურება ფაქტობრივად წარმოდგენილ ლუქებთან. აღნიშნული შესაბამისობის დადასტურების შემდეგ ტვირთი თავსდება საბაჟო საწყობში. კომპანიის მხრიდან არ ხორციელდება ტვირთის ხელახალი აწონვა და არც სარკინიგზო ზედნადებაში მითითებულ წონასთან შედარება, ვინაიდან აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საბაჟო საწყობის მფლობელის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას. არც ერთი კონტეინერის შემთხვევაში არ დაფიქსირებულა ლუქის დაზიანება, გახსნა ან ჩანაცვლება, რაც გამორიცხავს საქონლის რაოდენობაში ცვლილებას ტერმინალში განთავსების ეტაპზე.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ----- სამმართველოს 2025 წლის 15 სექტემბრის №----- მომართვისა (რეგ. №-----) და სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2025 წლის 16 სექტემბრის №20347 ბრძანების საფუძველზე, 2025 წლის 17 სექტემბრიდან – 12 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ქ. ---- მდებარე, შპს „------“ (ს/ნ -----) საბაჟო საწყობის (------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.

შემოწმებისას დათვალიერებულ იქნა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არსებული 12 კონტეინერი ----- რომლებშიც განთავსებული იყო რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობებით (№-----; №-----; №-----) ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი – ---- (გადამუშავებული მცენარეული ზეთი). აღნიშნული საქონლის აწონვის შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი 17 742 კგ-ის ოდენობით.

მოცემულ ცხრილში ასახულია თითოეულ კონტეინერში არსებული საქონლის ბრუტო წონა თანმხლების დოკუმენტების მიხედვით, აწონვის შედეგად დაფიქსირებული ფაქტიური წონა და დანაკლისის ოდენობა.

გამომდინარე აქედან, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 24 ნოემბერს შედგენილ იქნა №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5445.12 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან ერთად, გამოიცა №----- (24.11.2025) საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „------“ (ს/ნ -----) უკანონოდ განკარგულ საქონელზე იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 5444.12 ლარი, ასევე საურავი 23.36 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

მავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლი ადგენს, რომ თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ავტორიზაციის მფლობელმა, პროცედურის მფლობელმა (გარდა ტრანზიტის პროცედურის მფლობელისა) ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის შენახვასთან ან გადამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ანდა თავისუფალ ზონაში საქონლის გაყიდვას ან შეძენას, უნდა აწარმოოს სათანადო აღრიცხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმით. აღრიცხვა გულისხმობს ისეთი მონაცემისა და სხვა ინფორმაციის შენახვას, რომლებიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს, ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას, კერძოდ, ამ პროცედურაში მოქცეული საქონლის იდენტიფიკაციასთან, საბაჟო სტატუსთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით.

ამავე კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია:

ა) არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

ფ) აწარმოოს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების აღრიცხვა ამ ინსტრუქციის №5 დანართის შესაბამისად და წელიწადში ორჯერ, შესაბამისი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ან ელექტრონულ მატარებლებზე ჩაწერილი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით წარუდგინოს საბაჟო ორგანოს შემდეგი პერიოდულობით:

ფ.ა) ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 20 იანვრისა;

ფ.ბ) ყოველი წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 20 ივლისისა;

რ) გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

ქ) უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის: ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი:

ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

დადგენილია, რომ ქ. ----- უბანში მდებარე, შპს „------“ (ს/ნ ------) საბაჟო საწყობის (-------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლისა და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმებისას დათვალიერებულ იქნა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არსებული 12 კონტეინერი, რომლებშიც განთავსებული იყო ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი – ---- (გადამუშავებული მცენარეული ზეთი). აღნიშნული საქონლის აწონვის შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი 17 742 კგ-ის ოდენობით. შესაბამისად მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-9 მუხლის თანახმად, მომჩივანს, როგორც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, აქვს საქონლის სათანადო აღრიცხვის ვალდებულება, რაც გულისხმობს ისეთი მონაცემისა და სხვა ინფორმაციის შენახვას, რომლებიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს, ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას. ასეთი მონაცემისა და სხვა ინფორმაციის შორის, არის დეტალები საქონლის სახეობისა და საქონლის რაოდენობის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრების ავტორი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებისას დათვალიერებულ იქნა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არსებული 12 კონტეინერი, რომლებშიც განთავსებული იყო რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობებით ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი, გადამუშავებული მცენარეული ზეთი. აღნიშნული საქონლის აწონვის შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი 17 742 კგ-ის ოდენობით. შპს-ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა. შპს-ს კანონოდ განკარგულ საქონელზე იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 5444.12 ლარი, ასევე საურავი 23.36 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

70;112;127;172