ბრძანება N 14838-3
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14838
13/05/2019
ი/მ -------
(მის: ---------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 28 მარტს (ოქმი N19) და 11 აპრილს (ოქმი N22) გამართულ სხდომებზე განიხილა ი/მ ------- საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 7 დეკემბრის N039-27 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
აცხადებს, რომ სსკ-ის მე-200 მუხლის მიხედვით მეწარმის საკუთრებაში არსებული მიწა არის საკარმიდამო მიწა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის, მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე. შესაბამისად, არ ეთანხმება აღნიშნულზე, როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის დაკისრებას.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 7 ივნისის N14219 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული იქნა ი/მ ------- გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 4 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 7 დეკემბრის N35057 ბრძანება და N039-27 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 433 487,51 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 266 707,50 ლარი, ჯარიმა 117 756 ლარი, საურავი 49 024,01 ლარი.
საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმე არ წარადგენს 2015 წლის მიწაზე ქონების დეკლარაციას, ასევე შესამოწმებელ პერიოდში არასწორადაა განსაზღვრული საკუთრებაში არსებული მიწის დანიშნულება.
შემოწმება მიუთითებს სსკ-ს მე-200 მუხლზე რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია მიწის დანიშნულება, ვინაიდან მეწარმის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიის დიდ ნაწილზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები და ქარხნის ტერიტორია აღნიშნული მიწის კონკრეტულ ნაწილი ჩაითვალა არასასოფლო-სამეურნეოდ. შესაბამისად მიწის საკუთრებაში არსებობის პერიოდში სსკ-ს 203-ე და 204-ე მუხლების მიხედვით მეწარმეს განესაზღვრა კუთვნილი ქონების გადასახადი.
საჩივარში დასმული სადავო საკითხის განხილვისას შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად,3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა:
ა) სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე); ბ) სათიბები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული);
გ) საძოვრები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული); დ) საკარმიდამო.
4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – მიწა, რომელიც არ არის სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწა.
ამავე კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად:
1. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა.
3. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.
აღნიშნული ინსტრუქციის 181-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს სააგენტო.
2. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა შეიძლება განხორციელდეს:
ა) საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში;
ბ) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების დასაბუთებული აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული ნორმების მიხედვით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასაბუთებული აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მეწარმის საკუთრებაში არსებული მიწის დანიშნულების შეცვლა არამართლზომიერია და ამ საფუძვლით მიწაზე ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- 2019 წლის 3 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;
2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მეწარმის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლის საფუძვლით მიწაზე ქონების გადასახადში დარიცხული თანხების შემცირება;
3. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებულ მიწაზე, როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის დაკისრებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმე არ წარადგენს 2015 წლის მიწაზე ქონების დეკლარაციას, ასევე შესამოწმებელ პერიოდში არასწორადაა განსაზღვრული საკუთრებაში არსებული მიწის დანიშნულება.
შემოწმება მიუთითებს სსკ-ს მე-200 მუხლზე რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია მიწის დანიშნულება, ვინაიდან მეწარმის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიის დიდ ნაწილზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები და ქარხნის ტერიტორია აღნიშნული მიწის კონკრეტულ ნაწილი ჩაითვალა არასასოფლო-სამეურნეოდ. შესაბამისად მიწის საკუთრებაში არსებობის პერიოდში სსკ-ს 203-ე და 204-ე მუხლების მიხედვით მეწარმეს განესაზღვრა კუთვნილი ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასაბუთებული აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მეწარმის საკუთრებაში არსებული მიწის დანიშნულების შეცვლა არამართლზომიერია და ამ საფუძვლით მიწაზე ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 200(3); 200(4); 203; 204