გადაწყვეტილება №24811/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24811/2/2025
21 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 24.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24811/2/2025).
დავის საგანი:
უარი 2020 წლის დეკემბრის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №21-11/95198 წერილი;
2. შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2737 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
25.12.2024 წელს კომპანიის მიერ მომსახურების დეპარტამენტში წარდგენილია №213862/21 (კომუნიკატორი №553830) განცხადება, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვდა 2020 წლის დეკემბრის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის ასახვას პირადი აღრიცხვის ბარათზე. გადასახადის გადამხდელს პასუხი ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №21- 11/95198 წერილით, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, 2020 წელი განეკუთვნება საგადასახადო ხანდაზმულობით მოცულ პერიოდს, შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდზე საგადასახადო დეკლარაციის ასახვა პირადი აღრიცხვის ბარათზე ვერ განხორციელდა. აღნიშნული 20.01.2025 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.02.2025 წლის №2737 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს 16.10.2024 წლის №2328 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და განმარტავს, რომ 26.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის დაზუსტების შედეგად ხანდაზმულობის ვადა ერთი წლით გაგრძელდა საგადასახადო კონტროლის მიზნებისთვის.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილი არ ითვალისწინებს გაგრძელებულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების (მ.შ. შესწორებული) პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის შესაძლებლობას და შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარდგენილი 2020 წლის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციები (მ.შ. შესწორებული) პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას არ ექვემდებარება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
7.10.2022 წელს კომპანიის მიერ წარდგენილია 2020 წლის დეკემბრის თვის დეკლარაცია, რომლის მიხედვით დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1 204 206 ლარს. ამავე პერიოდზე 26.12.2023 წელს წარდგენილია 2020 წლის დეკემებრის თვის დაზუსტებული დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც დღგ-ის დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 204 416 ლარი. 2024 წელს განხორციელდა დაზუსტებული პერიოდის აუდირება და აღმოჩნდა, რომ პირველად და დაზუსტებულ დეკლარაციებში დაფიქსირებული თანხები დოლარის ოფიციალურ გაცვლით კურსთან მიმართებით იყო არაზუსტი და კომპანიამ გადაწყვიტა 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის ხელახალი კორექტირება, თუმცა მომსახურების დეპარტამენტმა დაუსაბუთებლად უთხრა უარი დეკლარაციის ასახვაზე, იმ საფუძვლით, რომ თითქოს წარდგენილი დეკლარაცია ხანდაზმულია. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებზე და აღნიშნული ნორმათა და წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაციის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ დეკლარაციის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდა 1 წლით და უფლება ჰქონდა წარედგინა დაზუსტებული დეკლარაცია. ითხოვს დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს წარდგენილი დეკლარაციის რეგისტრაცია და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.
დადგენილია, რომ კომპანიის მიერ 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის პირველადი დეკლარაცია წარდგენილია 7.10.2022 წელს, ხოლო ამავე პერიოდზე დაზუსტებული დეკლარაცია წარდგენილია 26.12.2023 წელს. მომჩივანმა 26.12.2024 წელს კვლავ მიმართა მომსახურების დეპარტამენტს 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტების თხოვნით, რაზეც ეთქვა უარი.
წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი მიუთითებს, რომ მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარდგენილი დეკლარაციის რეგისტრაცია და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-7 და მე-8 ნაწილების და 26.12.2023 წელს წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაციის გათვალისწინებით კომპანიის მიერ დეკლარაციის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდა 1 წლით და უფლება ჰქონდა წარედგინა დაზუსტებული დეკლარაცია. საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი მომსახურების დეპარტამენტის 7.03.2025 წლის №17380- 21-11 წერილიდან ირკვევა, რომ 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის ასახვა ვერ განხორციელდა საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ვინაიდან აღნიშნული დეკლარაცია განეკუთვნება საგადასახადო ხანდაზმულობით მოცულ პერიოდს.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 26.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის დაზუსტების შედეგად ხანდაზმულობის ვადა ერთი წლით გაგრძელდა საგადასახადო კონტროლის მიზნებისთვის.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილი არ ითვალისწინებს გაგრძელებულ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების (მ.შ. შესწორებული) პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის შესაძლებლობას და შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარდგენილი 2020 წლის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციები (მ.შ. შესწორებული) პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას არ ექვემდებარება.
საბჭო იზიარებს მოპასუხის პოზიციას აღნიშნულ საკითხზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება, მხოლოდ შესაბამის პერიოდზე საგადასახადო ორგანოს კონტროლის მექანიზმების გამოყენებას ეხება და არ ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოეშობა დეკლარაციის შეუზღუდავად/მუდმივად დაზუსტების უფლება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების გასვლამდე ერთ წელზე ნაკლებ ვადაში, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებულის) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, ერთი წლით გრძელდება, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვის, სანქციის დაკისრების, საგადასახადო შემოწმების და არა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის ან შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციის დაზუსტების ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა: 1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
უარი 2020 წლის დეკემბრის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის მიერ მომსახურების დეპარტამენტში წარდგენილია განცხადება, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვდა 2020 წლის დეკემბრის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის ასახვას პირადი აღრიცხვის ბარათზე. გადასახადის გადამხდელს პასუხი ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის წერილით, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, 2020 წელი განეკუთვნება საგადასახადო ხანდაზმულობით მოცულ პერიოდს, შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდზე საგადასახადო დეკლარაციის ასახვა პირადი აღრიცხვის ბარათზე ვერ განხორციელდა. აღნიშნული 20.01.2025 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.02.2025 წლის №2737 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4 (7).