გადაწყვეტილება №25509/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25509/2/2025
15 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------ი (ს/ნ -------------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ ის 23.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25509/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №5631 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №259-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №259-8 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15901 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 22 210,25 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 21 172,62 (2.06.2025 წლის №259-7 საგადასახადო მოთხოვნა)
ჯარიმა - 1 037,63 (2.06.2025 წლის №259-8 საგადასახადო მოთხოვნა)
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის სფეროა სურსათით ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივნისის №14311 ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის საქმიანობის ადგილზე (------ რაიონი, ს.----, -----ის ქ.--), ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგების ინვენტარიზაცია.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი 2024 წლის იანვრის თვეში შეადგენს 184 890,50 ლარს. ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო მონაცემებში ასახული სმფ-ები პირვანდელი ღირებულებით შეადგენდა 8 387,65 ლარს (ფასნამატის გარეშე), ხოლო საბაზრო ღირებულებით შეადგენს 10 323,53 ლარს. ზემოთ აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 19 ივნისი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი №19–ის I ცხრილის მე–2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა 199 825,30 ლარი.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 235 621,46 ლარის ოდენობით, ხოლო კორექტირების შემდეგ 211 726,2 ლარის ოდენობით, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად დაექვემდებარა სანქცირებას (10%-ის ოდენობით) 21 172,62 ლარით, ხოლო აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ზედმეტობა) საბაზრო ღირებულებით არის 2 075 ლარი, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 037,50 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 6 თებერვლის №------ და N----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები 27.02.2025 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №5631 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისისა და ფასნამატის განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტალურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობის/ ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტები/მტკიცებულებები), ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის დანაკლისის ფასნამატის განსაზღვრის მიზნით, დაევალა, ეხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოეხდინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.05.2025 წლის №11074 ბრძანება 2025 წლის 6 თებერვლის შედგენილი №---- და №---- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების და ამ ოქმებით დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხის უცვლელად დატოვების შესახებ და 2.06.2025 წლის №259-7 და №259-8 საგადასახადო მოთხოვნები, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15901 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებსა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელს რაიმე დამატებითი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლის გათვალისწინებაც იქნებოდა შესაძლებელი არ წარმოუდგენია. გადამხდელის მიერ ცხრილის სახით წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დასახელების, მათი თვითღირებულების, სარეალიზაციო ფასის და შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების მითითებით, მაგრამ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სარეალიზაციო ფასის ნამდვილობა დოკუმენტურად ვერ დასტურდება, ასევე წარმოდგენილი მონაცემები არ მოდის თანხვედრაში აღწერის მასალებთან. წარმოდგენილ მასალებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები არ შეესაბამება ფაქტიური აღწერისას დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასებს (დანართი №16). ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშება დოკუმენტურად დაუდასტურებელია. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის შედეგების გაანგარიშების პერიოდში განხორციელდა აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კლასიფიკაცია (დაჯგუფება) ცალკეული სახეობების მიხედვით. სასაქონლო ჯგუფებზე ინდივიდუალურად განისაზღვრა ფასნამატი თითოეული საქონლის შესაბამისი ფასის მიხედვით, რომელიც აღწერის მასალებშია დაფიქსირებული (დანართი №16), სწორედ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა.
გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს, რომლებიც საჩივრის პირველადი განხილვის დროს არ ჰქონდა გასაჩივრებული ან/და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №5631 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №5631 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
14.07.2025წ. (წაკითხვის თარიღი 15.07.2025წ) თარიღით ჩაბარდა შემოსავლების სამსახურის, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, ბრძანება №15901. შემოსავლების სამსახურის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.06.2025წ. №259-7 საგადასახადო მოთხოვნის შედეგად, მოთხოვნილია 21 172,62 ლარი, ასევე 2.06.2025წ. №259-8 საგადასახადო მოთხოვნის შედეგად მოთხოვნილია 1 037,63 ლარი. ამასთან დაკავშირებით, საგადასახადო მოთხოვნა №259-8-ის შესახებ, 26 აპრილს პირადი აღრიცხვის ბარათზე დაერიცხა ფინანსური სანქციით 1 037,63 ლარი, რის შემდეგაც გადაწყვიტა აღნიშნული თანხის გადახდა, გააფორმა 3 თვიანი გადახდის გრაფიკი და პირველი შენატანი 345 ლარი 30 მაისს უკვე გადახდილი აქვს და დარჩენილი აქვს ორი გადახდა. აქედან გამომდინარე, ფიქრობს ეს თანხა ოქმით აღარ უნდა დარიცხვოდა. შემოსავლების სამსახურის 14 მარტის გადაწყვეტილებით, მომჩივნის 25 თებერვლის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ხელახლა გადათვლილიყო დანაკლისისა და ფასნამატის პოლიტიკა, რაც არ განხორციელებულა.
ახორციელებს საკვები და შერეული პროდუქტების რეალიზაციას, ---- რაიონ სოფელ ----ში. სოფლის პირობებში მაღაზიას აქვს მთელი რიგი თავისებურებები, რომელთა გათვალისწინების გარეშე რეალური სურათი არ იქნება წარმოდგენილი. საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასნამატი, გაანგარიშებულია ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების გარეშე, კერძოდ:
1. მომჩივანი ეწევა ძირითადად იმ სახეობის საქონლით (ბრუნვაში უკავია დიდი წილი) ვაჭრობას, რომლის ფასნამატი იწყება 5%-დან;
2. მთელი საქმიანობის პერიოდში არ ჩაუწერია ვადაგასული და გადაყრილი საქონელი. ამ ტიპის საქონლის რეალიზაცია 23,1%-იანი ფასნამატით იძლევა არასწორ სურათს;
3. გათვალისწინებული არ არის სურსათის დანაკარგების ოდენობა ე.წ. „ღია საწყობის პრინციპით“ მოქმედი სავაჭრო ობიექტებისთვის;
4. გათვალისწინებული არ არის ანაზღაურების გარეშე, მომავალში გადახდის პირობით გაცემული (ე.წ. ნისია) პროდუქციის ღირებულება.
ამ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მომჩივნის რეალურ მდგომარეობას.
ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაში, საგადასახდო ორგანოს მიერ გაანგარიშებული დანაკლისის ოდენობა, ფასნამატის სიდიდე და შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით შეიცვლება. მიზანშეწონილი იქნებოდა შედგეს საქონლის ჯგუფები ერთგვაროვანი ფასნამატის მიხედვით და მთელ შეძენაში, ამ პროდუქციის ხვედრითი წონების მიხედვით მოხდეს დანაკლისის მიმართ მიყენებული ფასნამატის კორექტირება, რადგან:
წარდგენილი დოკუმენტაციიდან ცხადია, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან 20 ივნისამდე მთლიან შეძენებს შეადგენს ისეთი საქონელს, რომლის ფასნამატი არ აღემატება 13%-ს, (იხ. დანართი №1). კერძოდ, შეძენებში:
- ლუდის ხვედრითი წილია 19.93 %, ფასნამატი-4.63%;
- თამბაქოს ხვედრითი წილი შეადგენს 17.44%-ს, ფასნამატი არ აღემატება 11.02%-ს;
- უალკოჰოლო სასმელების შეძენის ხვედრითი წილია 18.29%, ფასნამატი არ აღემატება 17.14 პროცენტს და ა.შ (იხ. დანართი №1).
მთელი დანაკლისის მიმართ ერთი ფასნამატის გამოყენება იძლევა სრულიად არაადეკვატურ სურათს. გარდა ამისა, დასაკორექტირებელია თვით დანაკლისის ოდენობა პირვანდელი ღირებულებით:
მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას დანაკარგების გაფუჭებული საქონლის დაახლოებითი რაოდენობა, სხვა ანალოგიური ტიპის მეწარმეებთან, რადგან არსებობის მთელ მანძილზე არ ჰქონია საქონლის დანაკარგის ჩამოწერის პრაქტიკა, არ ჩამოუწერია დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი და ეს საკითხი არც საგადასახადო ორგანოს შეუსწავლია. პირიქით, მთელი შეძენილი საქონელი რეალიზებულია უდანაკარგოდ და რეალიზებულია უმაღლესი ფასნამატით.
მომჩივანს არ ჩამოუწერია ვადაგასული საქონელი, რომელიც გადაიყარა, განადგურდა და ამასთან სამწუხაროდ, ხშირია ელექტროენერგიის გათიშვები და კუთვნილი მაღაზიის მაცივრების ტექნიკური გაუმართაობის გამო, იყო გაყინული პროდუქტების გაფუჭების ფაქტები. (აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულება - ცნობა ენერგო-პრო ჯორჯიდან წარდგენილი აქვს შემოსავლების სამსახურში).
საგადასახადო ორგანოს არ გაუთვალისწინებია ასევე საცალო ვაჭრობისას დაშვებული დანაკარგები. განსაზღვრულია სურსათის დანაკარგების ოდენობა ე.წ. „ღია საწყობის პრინციპით“ მოქმედი სავაჭრო ობიექტებისთვის და მათ მიეცათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%- ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით (მოგება, დღგ).
ასევე გათვალისწინებულ იქნას საბოლოო შედეგების გამოყვანისას. ამასთან ძალიან დიდია საქონლის ისეთი გაცემა, როდესაც საქონლის ღირებულებას მოსახლეობა ანაზღაურებს მოგვიანებით. სოფელია და სხვანაირად ვერ მოიქცევა. წარმოდგენილი აქვს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში და ეს გარემოება გათვალისწინებულ იქნას საბოლოო შედეგების გამოყვანისას.
მომჩივანი ითხოვს გულთან იქნას მიტანილი მისი მძიმე მდგომარეობა, გათვალისწინებულ იქნას ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და ბათილად იქნას ცნობილი სრულად შემოსავლების სამსახურის, ბრძანება №15901-ის გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 27.03.2025 წლის №5631 ბრძანებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისისა და ფასნამატის განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტები/მტკიცებულებები), ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის დანაკლისის ფასნამატის განსაზღვრის მიზნით, დაევალა, ეხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.07.2025 წლის №---- წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი: გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილია გასავალში. გადამხდელს აგრეთვე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ს.მ.ფ.-ის ინვენტარიზაცია ჩატარებული არ აქვს და შესაბამისად ს.მ.ფ.-ის დანაკლისი ან/და ზედმეტობა არ გამოვლენილა. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, საქონლის ფაქტიური აღწერის შემდეგ მონაცემები შეტანილ იქნა ამავე ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №16-ში (ოქმი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის შესახებ). გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს ღებულობს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად. --------ის (ს/ნ -----) საინვენტარიზაციო კომისიის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, შევსებულ იქნა ამავე ბრძანებით დამტკიცებული დანართი №19 (სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული ს.მ.ფ.-ის ნაშთის შესახებ №1 და №2 ცხრილები) საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 2021 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (2024 წლის 19 ივნისის ჩათვლით) პერიოდი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მცირე მეწარმის სტატუსი აქვს, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მას არ გააჩნია დაფიქსირებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი. შესაბამისად, საწყისი ნაშთის გაანგარიშება განხორციელდა ერთიანი ელექტრონული ბაზის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი 2024 წლის იანვრის თვეში შეადგენს 184 890,50 ლარს. ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო მონაცემებში ასახული სმფ-ები პირვანდელი ღირებულებით შეადგენდა 8 387,65 ლარს (ფასნამატის გარეშე), ხოლო საბაზრო ღირებულებით შეადგენს 10 323,53 ლარს. ზემოთ აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 19 ივნისი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი №19–ის I ცხრილის მე–2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა 199 825,30 ლარი. ი.მ -------ს (ს/ნ ------------) 2024 წლის 1 აგვისტოს ჩაბარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ოქმის პროექტი, რომლის მიხედვით ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 191 437,65 ლარი და საბაზრო ღირებულებით 235 621,46 ლარი. ფასნამატი შეადგენდა 23,08%, ხოლო აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ზედმეტობა) საბაზრო ღირებულებით 2 075 ლარს. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (რეგისტრაციის №------/21-11 2024 წლის 8 აგვისტოს), სადაც არ ეთანხმებოდა: ფასნამატს, მისი განმარტებით არ იყო გათვალისწინებული: ანაზღაურების გარეშე, მომავალში გადახდის პირობით გაცემული (ე.წ ნისია) პროდუქციის ღირებულება, სურსათის დანაკარგების ოდენობა ე.წ ,,ღია საწყობის პრინციპით“ მოქმედი სავაჭრო ობიექტისთვის და მას საქმიანობის პერიოდში არ ჩამოუწერია ვადაგასული და გადაყრილი საქონელი, რაც იძლევა არასწორ სურათს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით (რეგისტრაციის №----21-12), სხდომის ოქმი №73-ის შესაბამისად ი.მ ---------ს (ს/ნ ---------) პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინა: ა) პირადი მოხმარებისათვის შეძენილი საქონლის (სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლისაგან განსხვავებული საქონლის) შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია; ბ)წარმოადგინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სასაქონლო ჯგუფების მიხედვით თვითღირებულების და სარეალიზაციო ფასის მიხედვით; გ) წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს საქონლის (კარადების, თაროების), ძირითადად სასაქონლო მატერიალურ საშუალების შეძენის ფაქტს; დ) წარმოადგინოს კონსიგნაციით რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო, ი.მ --------ს (ს/ნ --------) მეორე და მესამე პოზიცია რომელიც შეეხებოდა ვადაგასული და გადაყრილი საქონელის ჩამოწერას და სურსათის დანაკარგების ოდენობას ე.წ ,,ღია საწყობის პრინციპით“ მოქმედი სავაჭრო ობიექტისთვის არ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 09 სექტემბრის №-----\21-12 განცხადებით წარმოდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია. (ხელწერილები კონსიგნაციით გაცემულ საქონელზე, სასაქონლო ზედნადებები სამეწარმეო საქმიანობისთვის შეძენილ ძირითად საშუალებებზე და ასევე მეწარმის ახსნა-განმარტება პირადი მოხმარებისთვის დახარჯულ საქონელზე) მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლა, აღნიშნულიდან გამომდინარე გათვალისწინებული კონსიგნაციით გაცემული საქონლის ღირებულება 18 474,5 ლარი და მეწარმის ახსნაგანმარტების საფუძველზე ყოველთვიურ რეალიზაციაში იქნა გათვალისწინებული პირადი მოხმარებისთვის დახარჯული საქონლის ღირებულება 300 ლარი, რაც საერთო ჯამში შეადგენდა 12 300 ლარს. განხორციელდა აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კლასიფიკაცია ცალკეული სახეობების მიხედვით. თითოეულ სასაქონლო ჯგუფზე ხვედრითი წილის პროპორციულად განისაზღვრა ფასნამატი, რაც განპირობებულია საქონლის ხვედრითი წილით საერთო შეძენებში. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება. ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო მონაცემებში ასახული სმფ-ები პირვანდელი ღირებულებით შეადგენდა 8 387,65 ლარს (ფასნამატის გარეშე), ხოლო საბაზრო ღირებულებით შეადგენს 10 323,53 ლარს, კორექტირების შემდეგ ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო მონაცემებში ასახული სმფ-ები პირვანდელი ღირებულებით შეადგენს 8 279,59 ლარს (ფასნამატის გარეშე). ინვენტარიზაციის მომენტისათვის სმფ-ების ბუღალტრული ნაშთი შეადგენდა 199 825,30 ლარი, კორექტირების შემდეგ 177 958,07 ლარს. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სმფების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 235 621,46 ლარის ოდენობით, ხოლო კორექტირების შემდეგ 211 726,2 ლარის ოდენობით, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ექვემდებარება სანქცირებას (10%-ის ოდენობით) 21 172,62 ლარით, ხოლო აღურიცხავი სასაქონლომატერიალური ფასეულობები (ზედმეტობა) საბაზრო ღირებულებით არის 2 075 ლარი, რაც ექვემდებარება დაჯარიმებას საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე4 ნაწილის თანახმად 1 037,50 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №5631 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 15 აპრილს №----21-04 განცხადებით წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ცხრილის სახით 2024 წელს შეძენილი საქონლის სახეობის/ჯგუფების მიხედვით ჩაშლილი ხვედრითი წილის და ფასნამატის მითითებით. შესწავლილ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელს რაიმე დამატებითი დოკუმენტალურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლის გათვალისწინებაც იქნებოდა შესაძლებელი არ წარმოუდგენია. გადამხდელის მიერ ცხრილის სახით წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია სმფ-ების დასახელების, მათი თვითღირებულების, სარეალიზაციო ფასის და შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების მითითებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებული სმფ-ების სარეალიზაციო ფასის ნამდვილობა დოკუმენტურად ვერ დასტურდება, ასევე წარმოდგენილი მონაცემები არ მოდის თანხვედრაში აღწერის მასალებთან, წარმოდგენილ მასალებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები არ შეესაბამება ფაქტიური აღწერისას დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასებს (დანართი №16). გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ სმფ-ებზე წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშება დოკუმენტურად დაუდასტურებელია. რაც შეეხება თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის დანაკლისის ფასნამატის განსაზღვრას, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით, განვმარტავთ, რომ ბრძანებით დადგენილი სარეალიზაციო ფასები თანხვედრაშია ფაქტიური აღრიცხვისას დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასებთან (დანართი №16). ინვენტარიზაციის შედეგების გაანგარიშების პერიოდში განხორციელდა აღწერილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების კლასიფიკაცია (დაჯგუფება) ცალკეული სახეობების მიხედვით. სასაქონლო ჯგუფებზე ინდივიდუალურად განისაზღვრა ფასნამატი თითოეული საქონლის შესაბამისი ფასის მიხედვით, რომელიც აღწერის მასალებშია დაფიქსირებული (დანართი 16), სწორედ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №5631 ბრძანების მე-4 ნაწილის თანახმად დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად სამართალდარღვევის ოქმი №----- დარჩა უცვლელად.
საბჭო აღნიშნავს რომ მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც დადგენილი გარემოებების შეცვლის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №5631 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №14311 ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგების ინვენტარიზაცია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 235 621,46 ლარის ოდენობით, ხოლო კორექტირების შემდეგ 211 726,2 ლარის ოდენობით, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად დაექვემდებარა სანქცირებას (10%-ის ოდენობით) 21 172,62 ლარით, ხოლო აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ზედმეტობა) საბაზრო ღირებულებით არის 2 075 ლარი, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 037,50 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №5631 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისისა და ფასნამატის განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტალურად დადასტურებული მტკიცებულებები ,ხოლო
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის დანაკლისის ფასნამატის განსაზღვრის მიზნით, დაევალა, ეხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოეხდინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №11074 ბრძანება შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების და ამ ოქმებით დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხის უცვლელად დატოვების შესახებ და №259-7 და №259-8 საგადასახადო მოთხოვნები, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №15901 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც დადგენილი გარემოებების შეცვლის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);