გადაწყვეტილება №20638/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20638/2/2023
11 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 და 30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 22.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20638/2/2023). დავის საგანი: ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის ID:------ შესაგებელი;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 აგვისტოს №20228 ბრძანება.
სადავო თანხა: 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
2023 წლის 16 მარტს შემოსავლების სამსახურში მომჩივანმა წარადგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, რომელშიც მიუთითებდა, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შემოტანილი პროდუქტის საბაჟო პროცედურაში დეკლარირება განხორციელდა სატარიფო ღირებულებით, ხოლო მისი რეალიზაცია მოხდა სატარიფო ღირებულებაზე დაბალ ფასად, შესაბამისად ითხოვდა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის, კერძოდ 5 000 ლარის დაბრუნებას.
აღნიშნულ მოთხოვნაზე გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი იქნა ეკონომიკური საქმიანობისა და ობიექტების შესახებ ინფორმაციის განმარტება (იჯარის შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულებები), 2021-2023 წლების საბანკო ამონაწერები და სმფ-ების ნაშთი.
ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს განესაზღვრა 5 სამუშაო დღე. საპასუხო წერილი გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2023 წლის 29 მარტს.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 17 ივლისს გაეგზავნა შესაგებელი (ID: ------). კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე, წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში დადგენილი შეუსაბამობის გამო.
აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 16 აგვისტოს №20228 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა 5 სამუშაო დღე, რაც დადგენილ ვადაში მის მიერ არ იქნა გამოსწორებული. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამხდელს დაუდგინდა შეუსაბამობა წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 29 მარტს დადგენილი ხარვეზი იმავე დღეს გამოასწორა (ID:-------).
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან მრავალჯერადი კომუნიკაციის მიუხედავად 2023 წლის 17 ივლისს დაახლოებით 4 თვის შემდეგ უარი ეთქვა თანხის დაბრუნებაზე.
შესაგებელში მითითებული არგუმენტი თითქოს დეკლარირებული მონაცემები არასწორია არის ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე, მოთხოვნისთანავე გაგზავნილია ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია და ყველა საკითხი სატელეფონო კავშირისას იყო გარკვეული.
მისთვის გაუგებარია რატომ არ აბრუნებს შემოსავლების სამსახური კომპანიის კუთვნილ თანხებს, მაშინ როდესაც შემოტანილი პროდუქციის 70-80% რეალიზებულია სასაქონლო ზედნადებით და ყველა სხვა დანარჩენი პროდუქტი რეალიზებულია სასაქონლო ზედნადებში მოცემულ ფასში.
ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და კომპანიის საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდეს ID: ------- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მოთხოვილი კუთვნილი თანხა 5 000 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
საგადასახდო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში. 3.11.2023 წელს საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარღვეულია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის განხილვის ვადები (პასუხი ეცნობა დაახლოებით 4 თვის შემდეგ). რაც შეეხება სადავო საკითხს, საბაჟო პროცედურების დროს სატარიფო ღირებულებით განბაჟებული ტვირთის 70-80% რეალიზებულია სასაქონლო ზედნადებით და ყველა სხვა დანარჩენი პროდუქტი რეალიზებულია სასაქონლო ზედნადებში მოცემულ ფასში. პირები ვისზეც ხდება რეალიზება არიან მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც თავისთავად ასრულებენ საგადასახადო ვალდებულებებს და იხდიან გადასახადს. აუდიტის დეპარტამენტის შესაგებელში მითითებული გარემოება ბუნდოვანია, არ ირკვევა რომელ დეკლარაციაში ან რა მონაცემია შეცდომით ასახული. ასევე აღსანიშნია, რომ წინა პერიოდში ამავე გზით რამდენჯერმე დაიბრუნა თანხა და ახლაც წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც ახლავს საჩივარსაც. ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მითითება დაბალ ფასთან დაკავშირებით არასწორია, რადგან იმ პერიოდში არ შემოჰქონდა საქონელი და არ ახდენდა რეალიზაციას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებზე განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხახვის იმპორტი (თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან) და ადგილობრივი რეალიზაცია. განსახილველ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია არის მთლიანი რეალიზაციის 40%, ზოგ შემთხვევაში 20%, ასევე თავად მომჩივანი აცხადებს, რომ იგივე ფასნამატები აქვს მიწერილი სხვა საქონლის რეალიზაციაზეც. რაც შეეხება, ფიზიკურ პირებზე რეალიზაციას, არცერთი მათგანი არ არის აღრიცხული გადასახადის გადამხდელად და შესაბამისად, მათ მიერ არ ხდება საგადასახადო ორგანოში დეკლარაციების წარდგენა. ფასნამატზე აღსანიშნია, რომ 2021 წელს შეადგენს 5%-ს, 2022 წელს 7.8%-ს, 2023 წელს 8%-ს, მაგრამ იყო პერიოდი როდესაც აღნიშული საქონლის ფასი საცალო მაღაზიებში ფიქსირდებოდა 7-8 ლარი, ხოლო კომპანია ყიდიდა 0.49 ლარად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის საჩივრისთვის დართული დოკუმენტაციის) შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის ID:-------- შესაგებელი და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 აგვისტოს №20228 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის საჩივრისთვის დართული დოკუმენტაციის) შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა წარადგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, რომელშიც მიუთითებდა, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შემოტანილი პროდუქტის საბაჟო პროცედურაში დეკლარირება განხორციელდა სატარიფო ღირებულებით, ხოლო მისი რეალიზაცია მოხდა სატარიფო ღირებულებაზე დაბალ ფასად, შესაბამისად ითხოვდა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის, კერძოდ 5 000 ლარის დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე, წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში დადგენილი შეუსაბამობის გამო. აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 16 აგვისტოს №20228 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის საჩივრისთვის დართული დოკუმენტაციის) შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანება