სესხის დეპოზიტით უზრუნველყოფა N 2610
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სესხის დეპოზიტით უზრუნველყოფა N 2610
ფაქტობრივი გარემოებები
· ფიზიკურმა პირმა, რომელიც არის შპს „X"-ის დამფუძნებელი, აპრილის თვეში სესხი აიღო ბანკიდან 100 000 ლარის ოდენობით. მაისის თვეში შპს „X"-მა მოახდინა სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა 80 000 ლარის ოდენობით.
· დეკემბრის თვეში ფიზიკურმა პირმა ბანკის სესხი დაფარა სრულად. შპს „X"-ს შესაბამის პერიოდებზე საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში არ მოუხდენია.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ1" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება პარტნიორი ფიზიკური პირის ან პარტნიორი არარეზიდენტის მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა*. ამ შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. სსკ-ის 982 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ გაუქმდა სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, პირი უფლებამოსილია უზრუნველყოფის გაუქმების საანგარიშო პერიოდში გაუქმებული საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
· ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „X", 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ1 " ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა დაებეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, სსკ-ის 136-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულება შპს „X"-ს უნდა შეესრულებინა მაისის თვეში. შესაბამისად, შპს „X"-ს მაისის თვის საანგარიშო პერიოდებზე დაერიცხება მოგების გადასახადი სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობაზე (80 000/0.85*15%=14 117) 14 117 ლარის ოდენობით. ამასთან, დეკემბრის თვეში გადამხდელს უფლება აქვს ჩაითვალოს მაისის თვეში დარიცხული მოგების გადასახადი.
ღონისძიებები
· გადასახადის გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლით.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით;
* ძალაშია 2019 წლის 1 იანვრიდან.