ბრძანება N 1981

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.02.2024
№ დოკუმენტი 1981
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1981

05 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

უცხოური საწარმო „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 22 და 26 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა უცხოური საწარმო „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 22 დეკემბრის №218739/21-11 და 26 დეკემბრის №220757/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2023 წლის 19 დეკემბრის №31965 ბრძანებასთან, 2023 წლის 15 დეკემბრის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობასთან (-------) და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №021-108 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, შემოსავლების სამსახურის მიერ, პირის, გადასახადის გადამხდელად, უცხოურ საწარმოდ რეგისტრაციას. აცხადებს, რომ საწარმო არანაირ საქმიანობას არ აწარმოებს და არც მართავს საქართველოში, შესაბამისად, არ არსებობს მისი რეგისტრაციის კანონიერი საფუძველი.

2. პირი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 19 დეკემბრის №31965 ბრძანებას.

3. მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ქონება, საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემული აქვს ქართულ კომპანიას. სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებას და მასვე გააჩნია საქმიანობის ამსახველი ყველა დოკუმენტაცია. მომჩივანი ითხოვს, შემოწმების შედეგებზე გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ირკვევა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა შპს ,,-------“ (-------) საგადასახადო აღრიცხვა, სამართლებრივი ფორმა უცხოური საწარმო, დასახელება-უცხოური საწარმო ------- (ს/ნ -------).

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №31965 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა უცხოური საწარმო „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2023 წლის 22 დეკემბრის №32505 ბრძანება და ამავე თარიღის №021-108 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 579 563 ლარი, მათ შორის, გადასახადი 270 519 ლარი, ჯარიმა 135 260 ლარი, საურავი 173 784 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს დამფუძნებელია -------, ------- რეგისტრირებული შპს ,,-------“ (-------). უცხოური საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (კომერციული ფართი ს.კ. -------) „საკუთრების მინდობის შესახებ“ ხელშეკრულებით მართვაში გაცემა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს არ აქვს დეკლარირებული კუთვნილი ქონების გადასახადი. შემოწმებით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება, რომლის მიხედვითაც დაანგარიშდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე და 204-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

ამავე კოდექსის 21-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოდ ითვლება წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები;

ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება;

გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხოურ საწარმოდ ითვლება საწარმო, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არ არის საქართველოს საწარმო.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად:

1. საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში, რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-6, მე-9 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საწარმოების ფასიანი ქაღალდების, კაპიტალის წილების, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრების მხოლოდ ფლობის ფაქტი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მუდმივი დაწესებულების ნიშნების არქონის შემთხვევაში არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

9. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში არ მიეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დაწესებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ:

ა) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის შენახვის ან დემონსტრირების მიზნით;

ბ) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის მარაგის შესანახად – სხვა პირის მიერ მისი გადამუშავების მიზნით;

გ) ამ უცხოური საწარმოსათვის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის საქონლის შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

დ) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის ინტერესებიდან გამომდინარე მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ე) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის სახელით სესხების გაცემასთან, საქონლის მიწოდებასთან ან ტექნიკური ხასიათის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადების ან/და ხელმოწერის მიზნით;

ვ) ამ ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის სახეობების ნებისმიერი კომბინაციით განხორციელების მიზნით.

10. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება საქართველოში ასეთად ითვლება მისი ამ მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად რეგისტრაციის, მისთვის შესაბამისი უფლებამოსილებების მინდობის ან მის მიერ წარმომადგენლობითი საქმიანობის განხორციელების დაწყების მომენტიდან.

11. საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრება საგადასახადო ორგანოს, რომელიც აწარმოებს შესაბამის რეესტრს. რეგისტრაციისა და რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). ამ პირებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძნებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვას ექვემდებარება უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება.

ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. თუ პირი საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოს მისი საგადასახადო აღრიცხვა.

2. თუ საგადასახადო ორგანოსათვის ცნობილი გახდა პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ, საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვის მიზნით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძნებით დამტკიცებული ინსტრუქციის 71 მუხლის მე-4 , მე-7 და მე-10 ნაწილების თანახმად:

4. უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის, მისი მუდმივი დაწესებულების, აგრეთვე არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციების, კომპანიების, ფირმების და სხვა მსგავსი წარმონაქმნების საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დადასტურებული საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება – მხოლოდ მისი ნოტარიულად დადასტურებული თარგმანი ქართულ ენაზე.

7. საგადასახადო ორგანო, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას, ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში. 10. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება:

ა) პირის მიერ საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან;

ბ) საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე ადმინისტრაციული წარმოების/სამართალწარმოების დასრულების თარიღიდან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ბრიტანების ------- რეგისტრირებული ოფშორული კომპანია ,,-------“ (-------) 2015 წლიდან -------, ------- საკუთრებაში ფლობს უძრავ ქონებას (ს.კ. -------), რომელიც მინდობის ხელშეკრულებით სხვა პირისთვის გადაცემულია მართვაში. ასევე, აღნიშნული უძრავი ქონება შეტანილია ------- რეგისტრირებული „-------“ (-------) საწესდებო კაპიტალში. დადგენილია, რომ უცხოური საწარმოს მიერ არ ხორციელდება ზემოაღნიშნულ ქონებაზე კუთვნილი ქონების გადასახადის დეკლარირება და შესაბამისად გადახდა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა შპს ,,-------“ (-------) საგადასახადო აღრიცხვა, სამართლებრივი ფორმა უცხოური საწარმო, დასახელება-უცხოური საწარმო ------- (ს/ნ -------).

იმის გათვალისწინებით, რომ არარეზიდენტი საწარმო შპს ,,-------“ (-------) საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში უფიქსირდება უძრავი ქონება, საგადასახადო კანონმდებლობით, მას წარმოეშვება ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, ქონების გადასახადში წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია შპს ,,-------“ (-------) საგადასახადო აღრიცხვა, კერძოდ, უცხოური საწარმო ------- (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები ან იმგვარი არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არარეზიდენტი საწარმოს შპს ,,-------“ (-------) საგადასახადო აღრიცხვა, შესაბამისად, უცხოური საწარმო ------- (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №31965 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა უცხოური საწარმო „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უცხოური საწარმო „-------“ (ს/ნ -------) კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №31965 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია არარეზიდენტი საწარმო – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა. ხოლო, მე-7 ნაწილის მიხედვით, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:

1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).

2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.

3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

ამავე ინსტრუქციის 921 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წესი არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

გ) იმ შემთხვევაზე, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილში მითითებული საფუძვლის გარეშე (მაგალითად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება; ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობის გამოვლენა; გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობა და ა. შ.).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირი საქართველოში ფლობს კომერციულ ფართს და მის საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „საკუთრების მინდობის შესახებ“ ხელშეკრულებით მართვაში გაცემა. საწარმოს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ქონების გადასახადში არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმებით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება, რომლის მიხედვითაც დაანგარიშდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და პირს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახდო ვალდებულებები.

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს საკუთრებაში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება, რომელზეც პირს არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ პირის მიმართ შემოწმებით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები ან იმგვარი არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. უცხოური საწარმო „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელად, უცხოურ საწარმოდ რეგისტრაციას და კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა უცხოური საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა საწარმოს საგადასახადო აღრიცხვა, სამართლებრივი ფორმა უცხოური საწარმო, შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა

საწარმოს დამფუძნებელია ვირჯინიის კუნძულებზე, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანია. უცხოური საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული კომერციული ფართის „საკუთრების მინდობის შესახებ“ ხელშეკრულებით მართვაში გაცემა. საწარმოს არ აქვს დეკლარირებული კუთვნილი ქონების გადასახადი. შემოწმებით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება, დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 22; 29; 66(2); 201; 202; 204; 275

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, მუხლი 1; 5(1,2),;71 (4 , 7, 10); 921;