ბრძანება N 27755

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2023
№ დოკუმენტი 27755
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 27755

13 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2022 წლის პირველი და 23 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტის, 20 ივლისის, 5 ოქტომბრისა და 26 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №30, №76, №103 და №111) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2022 წლის პირველი ივნისის №95088/21 და 23 ივნისის №111166/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აგვისტოს №007-367 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

 გადასახადის გადამხდელი გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტით არ დგინდება და ვერ დასტურდება, რომ გზავნილი ჩაიბარა კომპანიის უფლებამოსილმა პირმა. კომპანიას არ გააჩნია კანცელარია ან მსგავსი დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა თანამდებობის პირი. კომპანიას არ ჰყავს დასაქმებული პერსონალი, შესაბამისად, არ ჰყავს უფლებამოსილი თანამშრომელი, ვინც ჩაიბარებდა დოკუმენტაციას. ერთადერთი უფლებამოსილი პირი ვინც ჩაიბარებდა გზავნილს არის კომპანიის დირექტორი - -----. ჩაბარების დოკუმენტში გაურკვეველია ვინ ჩაიბარა და ხელმოწერაც გაურკვეველია. დოკუმენტზე არ არის კომპანიის დირექტორის ხელმოწერა.

 გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრას. განმარტავს, რომ ერთ-ერთი ლიცენზია მიღებულია 2015 წლის ბრძანების საფუძველზე, ასევე, 2016 წელს განისაზღვრა წიაღისეულის მოპოვების დამატებითი ოდენობაც. თუმცა, 2017 წელს მოსამზადებელი სამუშაოებისას აღმოჩნდა, რომ სალიცენზიო ტერიტორიაზე განხორციელდა გაურკვეველი სახელმწიფო რეგისტრაცია და გადამხდელს ფაქტობრივად შეეზღუდა ტერიტორიით სარგებლობის შესაძლებლობა. 2021 წლის მარტში გაუქმდა ლიცენზია. შესაბამისად, გადამხდელმა ვერ შეძლო ვერანაირი სამუშაოს შესრულება და ლიცენზიით სარგებლობა. ამდენად, საწარმოს ფაქტობრივად არ მოუპოვებია რესურსები და არასწორია თანხების დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის პირველი ივნისის №17214 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 19 აგვისტოს №27058 ბრძანება და 20 აგვისტოს №007-367 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 682 647 ლარი, მათ შორის მოსაკრებელი 1 768 620 ლარი, ჯარიმა 283 705 ლარი, საურავი 630 322 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 26 ივლისის №19808 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 15 დეკემბრის №18168/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19808 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 დეკემბრის №18168/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მომჩივანი საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტით არ დგინდება და ვერ დასტურდება, რომ გზავნილი ჩაიბარა კომპანიის უფლებამოსილმა პირმა. კომპანიას არ გააჩნია კანცელარია ან მსგავსი დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა თანამდებობის პირი. კომპანიას არ ჰყავს დასაქმებული პერსონალი, შესაბამისად, არ ჰყავს უფლებამოსილი თანამშრომელი, ვინც ჩაიბარებდა დოკუმენტაციას. ერთადერთი უფლებამოსილი პირი ვინც ჩაიბარებდა გზავნილს არის კომპანიის დირექტორი - ილია შიხაშვილი. ჩაბარების დოკუმენტში გაურკვეველია ვინ ჩაიბარა და ხელმოწერაც გაურკვეველია. დოკუმენტზე არ არის კომპანიის დირექტორის ხელმოწერა.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტაციიდან გამომდინარე, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის პირველი ნოემბრის №21-14/130163 წერილით მომჩივანს გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აგვისტოს №007-367 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გაგზავნილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით შემდეგ მისამართზე - ქ. -----, -----ს რაიონი, ------ს (ყოფ. -----ს) ქ. №--- და ჩაბარებულად ჩაითვალა 2021 წლის 5 ნოემბერს. შპს „------ს“ (საფოსტო დაწესებულება) მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „-----ის“ მიმართ განხორციელდა მიზანმიმართული კიბერშეტევა და ვერ დგინდება პირი, რომელმაც ჩაიბარა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის პირველი ნოემბრის №21-14/130163 წერილი. ამასთან, გადამხდელი განმარტავს, რომ მას შეტყობინება საფოსტო დაწესებულების საშუალებით არ ჩაუბარებია, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტით არ დგინდება და ვერ დასტურდება, რომ გზავნილი ჩაიბარა კომპანიის უფლებამოსილმა პირმა. კომპანიას არ გააჩნია კანცელარია ან მსგავსი დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ან/და თანამდებობის პირი, არ ჰყავს დასაქმებული პერსონალი, შესაბამისად, არ ჰყავს უფლებამოსილი თანამშრომელი, ვინც ჩაიბარებდა დოკუმენტაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:

ა) უფლებამოსილ პირს;

ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;

გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს;

დ) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში - გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ პირს;

ე) სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ვერ დგინდება ვინაობა თუ ვინ ჩაიბარა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის პირველი ნოემბრის №21-14/130163 წერილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის პირველი ნოემბრის №21-14/130163 წერილი მომჩივნისთვის ჩაბარებულად არ ითვლება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 2 მაისს ხელზე ჩაჰბარდა 2021 წლის 20 აგვისტოს №007-367 საგადასახადო მოთხოვნა, 2021 წლის 19 აგვისტოს №27058 ბრძანება და 2021 წლის 28 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია 2022 წლის პირველ და 23 ივნისს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაითვალოს და საჩივარი დაშვებული უნდა იქნეს განსახილველად.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აქვს 5 ლიცენზია: 2018 წლის 13 სექტემბერს №------ და 2016 წლის 18 აგვისტოს №----- აღებული აქვს საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზია, 2016 წლის 16 სექტემბერს №------ და 2018 წლის 13 სექტემბერს №----- სამშენებლო თიხის მოპოვების ლიცენზია, 2017 წლის 29 ნოემბერს №----- მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია, ხოლო გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბუნებრივი მოსაკრებლის დეკლარაციები არ აქვს წარმოდგენილი. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი და დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 274-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, კერძოდ, სააგურე თიხაზე 1 მ 3 - 0,35 ლარი, სამშენებლო კირქვაზე 1 ტ. - 0,14 ლარი, ხოლო მიწისქვეშა მტკნარი წყლის შემთხვევაში 1 მ 3 - 0,005 ლარი.

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში - 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში - არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, - ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო, ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, მიღებული აქვს საცემენტე კირქვის მოპოვების, სამშენებლო თიხის მოპოვების ლიცენზია და მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიები, ხოლო მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ლიცენზიით გათვალისწინებულ ბუნებრივ რესურსებზე არ აქვს დეკლარირებული.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლის/გამოკვლევის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა სხვადასხვა სახელმწიოფო დაწესებულებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2016 წლის 18 აგვისტოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №----- ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (თუ ვის საკუთრებაში იყო აღნიშნული ტერიტორია), ამასთან, შეზღუდული ჰქონდა თუ არა (მ.შ. რა პერიოდიდან) ლიცენზიის მფლობელს აღნიშნულ ტერიტორიაზე დაშვება და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. ასევე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აღნიშნული ლიცენზიის გაუქმების და მომჩივნისთვის ლიცენზიით განსაზღვრული მიწის მინაკუთვნის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმის ირგვლივ არსებული მასალების შესწავლა/ანალიზის საფუძველზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არ არის წარმოდგენილი და დადასტურებული ისეთი სახის არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 გადასახადის გადამხდელი გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტით არ დგინდება და ვერ დასტურდება, რომ გზავნილი ჩაიბარა კომპანიის უფლებამოსილმა პირმა.

 გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის პირველი ნოემბრის №21-14/130163 წერილით მომჩივანს გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აგვისტოს №007-367 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გაგზავნილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვერ დგინდება პირი, რომელმაც ჩაიბარა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის პირველი ნოემბრის №21-14/130163 წერილი. ამასთან, გადამხდელი განმარტავს, რომ მას შეტყობინება საფოსტო დაწესებულების საშუალებით არ ჩაუბარებია, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტით არ დგინდება და ვერ დასტურდება, რომ გზავნილი ჩაიბარა კომპანიის უფლებამოსილმა პირმა. კომპანიას არ გააჩნია კანცელარია ან მსგავსი დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ან/და თანამდებობის პირი, არ ჰყავს დასაქმებული პერსონალი, შესაბამისად, არ ჰყავს უფლებამოსილი თანამშრომელი, ვინც ჩაიბარებდა დოკუმენტაციას.

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აქვს 5 ლიცენზია, ხოლო გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბუნებრივი მოსაკრებლის დეკლარაციები არ აქვს წარმოდგენილი. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი და დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 274-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაითვალოს და საჩივარი დაშვებული უნდა იქნეს განსახილველად.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(7), 43(4).

საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.