შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
📄 სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა 1999 წლის 14 აპრილის N 137 ბრძანებულებით
საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,გამომდინარე საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების აუცილებლობიდან და აქვთ რა სურვილი ამ მიზნით აღმოუჩინონ ერთმანეთს რაც შეიძლება ფართო დახმარება,შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
ტერმინების განსაზღვრა
ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინები აღნიშნავენ:
საგადასახადო კანონმდებლობა - იურიდიულ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს გადასახადების სახეებს და მათი ამოღების წესს მოცემული მხარის ტერიტორიაზე და არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობასთან, ცვლილებასთან და შეწყვეტასთან.
საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევა - მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც გამოიხატება გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობაში ან არასათანადო შესრულებაში, რაზედაც დადგენილია იურიდიული პასუხისმგებლობა.
კომპეტენტური საგადასახადო ორგანოები -
საქართველოს მიმართ - საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახური. სომხეთის რესპუბლიკის მიმართ - სომხეთის რესპუბლიკის საგადასახადო სამსახური.
მომთხოვნი საგადასახადო სამსახური - ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური საგადასახადო ორგანო, რომელიც აყენებს მოთხოვნას საგადასახადო საკითხებზე დახმარების აღმოჩენის შესახებ (შემდგომში იწოდება მოთხოვნად დახნარების შესახებ).
მოთხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახური - ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური საგადასახადო ორგანო, რომელიც იღებს მოთხოვნას საგადასახადო საკითხებზე დახმარების აღმოჩენის შესახებ.
მუხლი 2
შეთანხმების გამოყენების სფერო
მხარეები კომპეტენტური საგადასახადო ორგანოების მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უწევენ ერთმანეთს ურთიერთდახმარებას:
საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის შესახებ მოთხოვნაზე ან საინიციატივო წესით ინფორმაციის მიწოდებაში;
ეროვნული საგადასახადო სისტემის შესახებ და საგადასახადო კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებაზე ინფორმაციის მიწოდებაში;
კომპიუტერული სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოების მუშაობას;
გადასახადის გადამხდელთან და საგადასახადო ორგანოებთან მუშაობის ორგანიზებაში, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად მეთოდური რეკომენდაციების დამუშავების ჩათვლით;
კადრების სწავლებასა და სპეციალისტების გაცვლის საქმეში;
სხვა საკითხებზე, რომელნიც მოითხოვენ ერთობლივ მოქმედებას.
ამ შეთანხმების დებულებები არ ეწინააღმდეგება კომპეტენტური საგადასახადო ორგანოების თანამშრომლობას, სხვა შეთანხმებებთან შესაბამისად, რომლებიც დადებულია მხარეებს შორის.
მუხლი 3
დახმარების შესახებ მოთხოვნის ფორმა და შინაარსი
დახმარების შესახებ მოთხოვნა გაიგზავნება წერილობითი ფორმით მის განსახილველ აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად. განსაკუთრებულ შემთხვევაში დახმარების შესახებ მოთხოვნა შეიძლება მოხდეს ზეპირი ფორმით შესაძლო მოკლე დროში მისი წერილობითი დადასტურებით.
მოთხოვნა დახმარების შესახებ უნდა შეიცავდეს:
მომთხოვნი საგადასახადო სამსახურის დასახელებას;
მომთხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახურის დასახელებას;
მოთხოვნის მიზანს და მიზეზს;
გადასახადის გადამხდელის დასახელებას (სახელს) და მისამართს, ვის მიმართაც კეთდება მოთხოვნა;
მოთხოვნისა და მასთან დაკავშირებული იურიდიული ვითარების მოკლე გადმოცემას, განსახილველი პერიოდისა და გადასახადის კონკრეტული სახეების მითითებით.
მოთხოვნა უნდა მოხდეს რუსულ ენებზე, მხარეთა თხოვნით წარსადგენი მასალა შეიძლება გადათარგმნილ იქნეს ქართულ ან სომხურ ენებზე.
მოთხოვნის მიმღებ საგადასახადო სამსახურს უფლება აქვს გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია მიღებულ მოთხოვნაზე დახმარების შესახებ.
მუხლი 4
დახმარების შესახებ შეკითხვის შესრულების წესი
კომპეტენტური საგადასახადო ორგანოები ერთმანეთს უწევენ დახმარებას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
მომთხოვნ საგადასახადო სამსახურს შეიძლება მისი თხოვნით ეცნობოს მოქმედების ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ, რომელიც ხორციელდება დახმარების შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად.
თუ მოთხოვნა დახმარების შესახებ შეუძლებელია შესრულებულ იქნეს მოთხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახურის მიერ, მაშინ მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში წერილობით ატყობინებს ამის შესახებ მომთხოვნ საგადასახადო სამსახურს დახმარებაში უარის მიზეზების მითითებით.
დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მისი შესრულებულა ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას ან მოთხოვნის მიმღები მხარის პრქტიკას.
მუხლი 5
მოცემული ინფორმაციის შინაარსი
კომპეტენტური საგადასახადო ორგანოები საკუთარი ინიციატივით ან დახმარების შესახებ მოთხოვნის საფუძველზე აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას, რომელიც შეეხება:
საწარმოების, მათი ფილიალებისა და წარმომადგენლობების რეგისტრაციას, მათი ადგილმდებარეობის, დაქვემდებარების, საკუთრების ფორმის და სხვა მონაცემების ჩათვლით.
იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფო და კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნას, აგრეთვე, ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების ოდენობას და მოძრაობას.
იურიდიული და ფიზიკური პირების გადასახადით დასაბეგრი ყველა სახის შემოსავლებსა და ობიექტებს, რომელიც მიღებულია მოცემული მხარის ტერიტორიაზე, გადასახადების გადახდით თანხებს და სხვა საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადით დაბეგვრასთან.
მუხლი 6
დოკომენტებისა და სხვა მასალების წარმოდგენა
მოთხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახური დახმარების შესახებ მოთხოვნაზე წარმოადგენს ნორმატიულ აქტებს, დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს და სხვა მასალებს, რომლებიც აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის შესასრულებლად.
დოკუმენტებისა და სხვა მასალების დედნები შეიძლება გამოთხოვილ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც დამოწმებული ასლები გამოკვლევისათვის არ არის საკმარისი. დოკუმენტებისა და სხვა მასალების გადაცემული დედნები დაბრუნებული უნდა იქნეს შეთანხმებულ ვადაში.
მასალები შეიძლება მიწოდებულ იქნეს კომპიუტერიზირებული ინფორმაციის სახით იმ თანმხლები ინფორმაციის დამატებითი გადაცემით, რომელიც აუცილებელია ამ მასალის განმარტებისათვის.
საჭიროების შემთხვევაში ერთი მხარის საგადასახადო ორგანოები დაამოწმებენ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა დოკუმენტებს, რომლებიც ესაჭიროება მეორე მხარეს გადასახადით დაბეგვრისათვის, ზემდგომ საგადასახადო ორგანოებთან დამატებითი შეთანხმების გარეშე.
მუხლი 7
ინფორმაციის წარდგენის წესი
მოთხოვნა დახმარების შესახებ, დოკუმენტები, მასალები და სხვა ინფორმაცია გადაიცემა მხარეების მიერ განსაზღვრული წესის მიხედვით.
დახმარება ხორციელდება ოფიციალური თანამდებობის პირების პირდაპირი კავშირების ფარგლებში, რომელნიც განისაზღვრება კომპეტენტური საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელების მიერ.
მუხლი 8
კონფიდენციალურობის დაცვა
ინფორმაცია, რომელიც ეხება კონკრეტულ გადასახადის გადამხდელს, არის კონფიდენციალური და მისი უზრუნველყოფა ხდება დაცვის რეჟიმით მოთხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად. მიღებული ინფორმაცია მიხარეების მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რაც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით, მათ შორის ადმინისტრაციული ან სასამართლოს გარჩევისათვის. სხვა მიზნებისათვის ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მოთხოვნის მიმღები მხარის თანხმობით.
მუხლი 9
შეთანხმების შესრულება
მხარეები ისწრაფვიან ურთიერთთანხმობის მიღწევისაკენ საკამათო საკითხების მოწესრიგებაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენებისას.
მხარეები აუცილებლობის შემთხვევაში გამართავენ კონსულტაციებს ამ შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობის შეფასებისათვის და მასში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისათვის. ასეთი კონსულტაციების ჩატარების ვადები განისაზღვრება დამატებით მხარეთა მიერ.
მუხლი 10
შეთანხმების ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაში შედის ამისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების თარიღიდან და წყვეტს თავის მოქმედებას ექვსი თვის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას, შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შეთანხმება შესრულებულია ქ. ერევანში 1997 წლის 14 იანვარს, ორ პირად, თითოეული ქართულ სომხურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
მხარეთა შორის შეთანხმების ქართულ და სომხურ ენებზე შესრულებულ ტექსტებთან დაკავშირებული უთანხმოების წამოჭრისას საფუძვლად მიღებული იქნება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
ირაკლი მენაღარიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ალექსანდრე არზუმანიანი
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი