ბრძანება N 15893

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.07.2025
№ დოკუმენტი 15893
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15893

14 ივლისი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2025 წლის 19 მაისის და 26 ივნისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 და 26 ივნისის სხდომებზე (ოქმი №48 და №50) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 19 მაისის №95783/1/2025 და 26 ივნისის №96452/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 აპრილის №071-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმეებზე გაცემული თანხების ხელფასად დაკვალიფიცირებას და აცხადებს, რომ საწარმოს აღნიშნულ პირებთან გაფორმებული ჰქონდა მომსახურების ხელშეკრულებები და ისინი არ სარგებლობდნენ თანამშრომლისათვის განკუთვნილი პირობებით. ამასთან, მიუთითებს, რომ თითოეული გადარიცხვა შესრულებულია მომსახურების ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

2. არ ეთანხმება დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ საქვეანგარიშო თანხების ნაწილი დახარჯულია ძირითად საშუალებებზე, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პერიოდულად შეძენილია ძირითადი საშულებების სხვადასხვა შემადგენელი ნაწილები შესყიდვის აქტებით და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას;

3. მომჩივანი დაზუსტებული საჩივრით ითხოვს შემოწმების შემდგომ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლების მიღებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 თებერვლის №2550 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 23 თებერვლიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 23 აპრილის №7413 ბრძანება და ამავე თარიღის №071–4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 622 583 ლარი, მათ შორის, გადასახადი 374 905 ლარი, ჯარიმა 189 095 ლარი და საურავი 58 583 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

„1. შესამოწმებელ პერიოდში 2024 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდიდან საწარმოს მომსახურებას უწევენ მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები: „-------“ (პ/ნ „-------“), „-------“ (პ/ნ „-------“), „-------“ (პ/ნ „-------“) და„-------“ (პ/ნ „-------“). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები 2024 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდამდე კომპანიისგან შრომის ანაზღაურებას იღებდნენ ხელფასის სახით, ხოლო 2024 წლის 29 მარტს მიმართეს შემოსავლების სამსახურს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ზემოთ ხსენებულ ფიზიკურ პირებს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზების ანალიზით, გარდა შპს „----- -სგან “ მიღებულისა, სხვა შემოსავალი არ უფიქსირდებათ, ხოლო მათსა და შპს „------ -ს “ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო თავისი შინაარსით საოფისე-ორგანიზაციულია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ზემოთ ხსენებული ფიზიკური პირები შემოწმებით ჩაითვალა კომპანიის მიერ დაქირავებულ პირებად, ხოლო მათზე გაცემული ანაზღაურება განხილულ იქნა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. შპს „------ -ს “ ბუღალტრული აღრიცხვის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს მის დირექტორზე გაცემული აქვს თანხები, რომელთან დაკავშირებითაც გადამხდელმა დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. საგადასახადო შემოწმებით საქვეანგარიშოდ გაცემული დოკუმენტურად დაუდასტურებელი განაცემები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

3. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლები შეძენილ იმპორტირებულ საქონელზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:

ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევენ მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებიც 2024 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდამდე კომპანიისგან შრომის ანაზღაურებას იღებდნენ ხელფასის სახით, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით კი შემოსავლების სამსახურს მიმართეს 2024 წლის 29 მარტს. აღნიშნულ ფიზიკურ პირებს სხვა შემოსავალი არ უფიქსირდებათ და ასევე, გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო თავისი შინაარსით საოფისე-ორგანიზაციულია.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:

ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემულია თანხები, რომელთან დაკავშირებითაც ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი. აღნიშნული თანხები შემოწმებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის ნაწილით შეძენილია ძირითადი საშუალებების სხვადასხვა შემადგენელი ნაწილები შესყიდვის აქტებით. დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარმოდგენილია რამდენიმე შესყიდვის აქტი, რომელთა გათვალისწინებასაც ითხოვს მომჩივანი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე დღეის მდგომარეობით მომწოდებლების მხრიდან გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩათვლის მიღებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმეებზე გაცემული თანხების ხელფასად დაკვალიფიცირებას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ხელფასად განხილვას.

3. მომჩივანი დაზუსტებული საჩივრით ითხოვს შემოწმების შემდგომ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლების მიღებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ფიზიკური პირები შემოწმებით ჩაითვალა კომპანიის მიერ დაქირავებულ პირებად, ხოლო მათზე გაცემული ანაზღაურება განხილულ იქნა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. მომჩივანს ბუღალტრული აღრიცხვის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს მის დირექტორზე გაცემული აქვს თანხები, რომელთან დაკავშირებითაც გადამხდელმა დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. საგადასახადო შემოწმებით საქვეანგარიშოდ გაცემული დოკუმენტურად დაუდასტურებელი განაცემები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

3. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლები შეძენილ იმპორტირებულ საქონელზე. სსკ-ის 158-ე, 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება.

3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154,175,176.