ბრძანება N 9403
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9403
01.05.2023
მოქალაქე ------ის (პას/ნ ------)
(მის. -------------------------------)
2023 წლის 29 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა ------ის (პას/ნ ------) №54583/21-10-18 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის №EL204473 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2023 წლის 26 მარტს გამშვები პუნქტი -----ის გავლით. გამშვებ პუნქტზე მებაჟემ დაუბრუნა საბუთები აღრიცხვის მოწმობასთან ერთად, რომელზეც დატანილი იყო სკანერის ბეჭედი. საბუთები აიღო და წავიდა საბაჟო გამშვები პუნქტი -----ის მიმართულებით, სადაც გაივლიდა სკანერის კონტროლს. იგი ხელმძღვანელობდა აღრიცხვის მოწმობაზე დატანილი ბეჭდით და მისი ინფორმაციით საკანერის კონტროლის გავლა შეეძლო ----ის სტაციონალურ სკანერზე. 29 მარტს გამოცხადდა ------ის სტაციონალურ სკანერზე კონტროლის გავლის მიზნით, რის შემდეგ ხელი მოაწერა სადავო ოქმს, რომელიც ეგონა სკანერის გავლის დოკუმენტი.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 26 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „----“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა №------- ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მოქალაქე ----. სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე (-------) დარეგისტრირდა №------ (26.03.2023) აღრიცხვის მოწმობა, რომელიც სკანირების კრიტერიუმით მოხვდა „წითელ დერეფანში“ და სკანირების ადგილად განესაზღვრა საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ის“ სტაციონალური სკანერი (XRS02). ავტოსატრანსპორტო საშუალება კი 2023 წლის 29 მარტს გამოცხადდა -----ის სტაციონალურ სკანერზე.
ვინაიდან, ------- ნაცვლად საბაჟო გამშვები პუნქტი „------ის“ სტაციონალური სკანერისა გამოცხადდა -----ის სტაციონალურ სკანერზე, 2023 წლის 29 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგა №EL204473 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც -----ის მოქალაქე ---------ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
აღრიცხვის მოწმობაში სკანირების შტამპის გვერდით -------ის ხელმოწერა ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ სტაციონალურ სკანერში (XRS02) გამოცხადების შესახებ.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
საბაჟო ზედამხედველობა კი არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა, ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, საქონელი დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებით გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნის საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ---------ის (პას/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ვინაიდან, საჩივრის ავტორი სკანირების ადგილად განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტის ნაცვლად გამოცხადდა სხვა სტაციონალურ სკანერზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოქალაქეს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა. აღრიცხვის მოწმობაში სკანირების შტამპის გვერდით მოქალაქის ხელმოწერა ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტის სტაციონალურ სკანერში გამოცხადების შესახებ.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, ვინაიდან, მომჩივანმა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებით გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნის დაჯარიმება მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
5; 6; 70 (1); 71 (1); 163 (1); 170 (1).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3): 1 (1); 2.