გადაწყვეტილება №25281/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.06.2025
№ დოკუმენტი 25281/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25281/2/2025

30 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ -----------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 8.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25281/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 19.03.2025 წლის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 19.03.2025 წლის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10277 ბრძანება;

4. შემოსავლების სამსხურის 21.05.2025 წლის №10278 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 14 295,78 ლარი.

მათ შორის:

19.03.2025 წლის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 12 824,8

19.03.2025 წლის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 1 470,98

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 29.10.2024 წლის №----/15-04-02 (რეგ. №---/21-10 31.10.2024) მომართვისა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 4.11.2024 წლის №23417 ბრძანების საფუძველზე, 2024 წლის 5 ნოემბრიდან - 16 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა შპს „---------ის“ (ს/ნ ----------) კუთვნილი საბაჟო საწყობის (WHS-----GEF-)- სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.

შემოწმება განხორციელდა შერჩევითობის პრინციპით. №----/C----/A--- (9.02.2024) საბაჟო დეკლარაციით მომჩივნის მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის (ფილტრიანი სიგარეტი) დათვალიერების შედეგად, გაირკვა, რომ აღნიშნული საქონლის ფაქტიური ნაშთი (40 475 კოლოფი) 2 515 კოლოფით ნაკლები აღმოჩნდა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების მონაცემებით არსებულ ნაშთთან (42 990 კოლოფი) შედარებით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზების მიხედვით, ნაშთის სახით ფიქსირდებოდა 42 990 კოლოფი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი: „----------“ – 14 490 კოლოფი, „----------“ – 5 000 კოლოფი და „---------“ – 23 500 კოლოფი, დათვალიერების შემდეგ კი აღმოჩნდა: „------“ – 14 379 კოლოფი, „--------“ – 4 950 კოლოფი და „--------“ – 21 146 კოლოფი.

საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დანაკლისთან ერთად, ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „-----“ 1 991 კოლოფი, რომელიც მოთავსებული იყო ფილტრიანი სიგარეტი „------“-ის ყუთებში. აღნიშნული არადეკლარირებული სიგარეტის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 1 470,98 ლარი (საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს სამსახურებრივი ბარათი №19288-21-10; 13.03.2025).

გამოვლენილ ფაქტებზე, 19.03.2025 წლის №----- და №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით მომჩივანს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელთან (შპს „-----ი“) ერთად, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით (სოლიდარულად) და 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმები (შესაბამისად 12 824,8 ლარი და 1 470,98 ლარი).

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.05.2025 წლის №10277 და №10278 ბრძანებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანს შპს „---------თან“ (ს/ნ ---------) ერთად სოლიდარულად დაერიცხა საბაჟო გადასახდელები და წარედგინა საბაჟო დეპარტამენტის 3.06.2025 წლის №---/- საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, საბაჟო დეპარტამენტის 19.03.2025 წლის №---- და №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებთან და შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10277 და №10278 ბრძანებებთან ერთად, 8.06.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საჩივარი, საბაჟო დეპარტამენტის 3.06.2025 წლის №---- საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, 10.06.2025 წლის №49302-03 წერილით, კუთვნილებისამებრ გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-13 მუხლზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე და 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე და 172-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმებისას გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „-------“ 1 991 კოლოფი, რომელიც მოთავსებული იყო ფილტრიანი სიგარეტი „-------“-ის ყუთებში. აღნიშნული არადეკლარირებული სიგარეტის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 1 470,98 ლარი. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელთან ერთად სოლიდარულად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ასევე დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ №---/C---/A--- (9.02.2024) საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის ფაქტიური ნაშთი (ფილტრიანი სიგარეტი – 40 475 კოლოფი) 2 515 კოლოფით ნაკლები აღმოჩნდა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების მონაცემებით არსებულ ნაშთთან (ფილტრიანი სიგარეტი – 42 990 კოლოფი) შედარებით. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელთან ერთად სოლიდარულად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის მიერ 9.02.2024 წლის საბაჟო საწყობში, საბაჟო დეკლარაციით (A----) „LTD ---------“-ისგან შეძენილი საქონელი დათვლილი და დასაწყობებული იყო საბაჟო თანამშრომლების თანდასწრებით. ასევე, მომჩივნის მიერ განბაჟებულ სარეალიზაციოდ გატანილი საქონელის კონტროლს ახდენდა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები, ფაქტიურად მომჩივანი ფიზიკურად ვერ მოახერხებდა აღნიშნული დანაკლისის აღებას და საწყობიდან გატანას. რაც შეეხება საბაჟო საწყობში არსებულ ნაშთზე, პასუხისმგებლობას, სრულად აქვს აღებული საბაჟო საწყობის მფლობელ კომპანიას, რომელმაც უნდა აგოს პასუხი დაკარგულ საქონელზე.

9.02.2024 წელს საბაჟო საწყობში, საბაჟო დეკლარაციით (A–--- „LTD ------“) არსებული საქონელი შეიძინა ადგილზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საქონლის დანაკლისი თუ იყო ან სხვადასხვა ყუთებში იყო განაწილებული, ეს ფაქტი საბაჟო თანამშრომლებს საბაჟო საწყობში დასაწყობების მომენტში უნდა აღმოეჩინათ.

იქიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნული დარღვევები არ ჩაუდენია და საწარმო წარმოდგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს, მოითხოვს გათვალისწინებულ იქნას მისი პოზიცია და ბათილად იქნას ცნობილი მომჩივნის მიმართ გავრცელებული სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი იმპორტის გადასახადის გადახდისთვის სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

დადგენილია, რომ №---/C---/A--- (9.02.2024) საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის ფაქტიური ნაშთი (ფილტრიანი სიგარეტი – 40 475 კოლოფი) 2 515 კოლოფით ნაკლები აღმოჩნდა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების მონაცემებით არსებულ ნაშთთან (ფილტრიანი სიგარეტი – 42 990 კოლოფი) შედარებით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზების მიხედვით, ნაშთის სახით ფიქსირდებოდა 42 990 კოლოფი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი: „------“ – 14 490 კოლოფი, „------“ – 5 000 კოლოფი და „----“ – 23 500 კოლოფი, დათვალიერების შემდეგ კი აღმოჩნდა: „-----“ – 14 379 კოლოფი, „-----“ – 4 950 კოლოფი და „------“ – 21 146 კოლოფი.

საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დანაკლისთან ერთად, №----/C---/A1--- (09.02.2024) საბაჟო დეკლარაცით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დათვალიერებისას, ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „----“ 1 991 კოლოფი, რომელიც მოთავსებული იყო ფილტრიანი სიგარეტი „----“-ის ყუთებში. აღნიშნული არადეკლარირებული სიგარეტის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 1 470,98 ლარი.

ვინაიდან მომჩივანი, ისევე როგორც საბაჟო საწყობი, ვალდებულია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ არ განახორციელოს საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, რამაც გამოიწვია აღნიშნული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, ასევე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი საქონლის გამოვლენა, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად და გამოვლენილია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით (სოლიდარულად) და 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მომართვისა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის №23417 ბრძანების საფუძველზე, 2024 წლის 5 ნოემბრიდან - 16 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის კუთვნილებაში არსებული საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.

შემოწმება განხორციელდა შერჩევითობის პრინციპით. საბაჟო დეკლარაციით მომჩივნის მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის (ფილტრიანი სიგარეტი) დათვალიერების შედეგად, გაირკვა, რომ აღნიშნული საქონლის ფაქტიური ნაშთი (40 475 კოლოფი) 2 515 კოლოფით ნაკლები აღმოჩნდა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების მონაცემებით არსებულ ნაშთთან (42 990 კოლოფი) შედარებით. .

საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დანაკლისთან ერთად, ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი. აღნიშნული არადეკლარირებული სიგარეტის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 1 470,98 ლარი .

გამოვლენილ ფაქტებზე, . საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით მომჩივანს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელთან ერთად, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით (სოლიდარულად) და 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმები (შესაბამისად 12 824,8 ლარი და 1 470,98 ლარი).

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №10277 და №10278 ბრძანებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანს საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელთან ერთად სოლიდარულად დაერიცხა საბაჟო გადასახდელები და წარედგინა საბაჟო დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებთან და შემოსავლების სამსახურის №10277 და №10278 ბრძანებებთან ერთად გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საჩივარი, საბაჟო დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, 10.06.2025 წლის წერილით, კუთვნილებისამებრ გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით (სოლიდარულად) და 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1 „ა“.2„ა“.„ბ“.3„ა“.„ბ“.„გ“); 52; 163(5); 168(1); 172;