ბრძანება N 33946
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33946
29 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ---)
(მის.: ---) 2023 წლის 30 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №202656/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №081-261 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადახდილი ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე აღრიცხული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ არ არსებობს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი. სამეურნეო ოპერაციები მხარეებს შორის ხორციელდება სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებში, ანუ ოპერაციის შინაარსია მხოლოდ მოგების მიღება, რასაც ადასტურებს დებიტორის შეტყობინებებიც. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო იყო ქვანახშირის შესყიდვა და საბითუმო გაყიდვა. პროდუქციის სახეობიდან გამომდინარე მას ჰყავს შეზღუდული მომხმარებელი, ამასთან, ვალდებულების წარმოშობის პერიოდი ემთხვევა პანდემიის პერიოდს, როცა შეზღუდული იყო გადაადგილება ქვეყნებს შორის. აღნიშნულმა არსებითი ზეგავლენა მოახდინა სამეურნეო სუბიექტების საქმიანობაზე და პანდემიის დასრულებიდან დღემდე მიმდინარეობს მისი შედეგების აღმოფხვრის მცდელობები.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ასევე შემოწმებით უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე, როგორც უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე ყოველთვიური სარგებლის გაანგარიშებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ გაუგებარია უსასყიდლო ოპერაციას რატომ დაერიცხა სარგებელი, ამასთან რა თანხაზე ან რა სარგებელი იქნა დარიცხული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №16695 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 ოქტომბრის №25428 ბრძანება და 13 ოქტომბრის №081-261 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 309 626 ლარი, მათ შორის, გადასახადი 177 549 ლარი, ჯარიმა 88 776 ლარი და საურავი 43 301 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „---ის“ 2021 წლის 31 დეკემბერს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, როგორც მომწოდებლებზე გადახდილი ავანსები (ანგარიში 1480), ერიცხება დებიტორული მოთხოვნა 918 902 ლარი (320 432 აშშ დოლარი), რომელიც უკავშირდება საქონლის (---ის) მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილ თანხას. შპს „---მა“ წარმოადგინა წერილი, რომლის მიხედვითაც არარეზიდენტი კომპანია „---“ აღიარებს 320 432 აშშ დოლარის ვალდებულებას შპს „---ის“ მიმართ. 2020 წლის აგვისტოს თვიდან გადასახადის გადამხდელს საქონლის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა აღარ განუხორციელებია, მათ შორის, მთელს შესამოწმებელ პერიოდში ფულადი ან\და სასაქონლო ოპერაციები არ ხორციელდება ზემოხსენებულ არარეზიდენტ კომპანიასთან.
შემოწმების მიმდინარეობისას ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ არ განხორციელდა საქონლის მოწოდება ან/და თანხის უკან დაბრუნება გონივრულ ვადაში, აღნიშნულ ოპერაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შეეცვალა კვალიფიკაცია და შემოწმების მიერ განხილულ იქნა 2021 წლის 31 დეკემბერს გაცემულ სესხად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
2. არარეზიდენტ კომპანიაზე სესხის გაცემად დაკვალიფიცირებულ თანხასთან დაკავშირებით, უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე გაანგარიშებულ იქნა (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით) ყოველთვიური სარგებელი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „---ის“ 2021 წლის 31 დეკემბერს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, როგორც მომწოდებლებზე გადახდილი ავანსები, ერიცხება დებიტორული მოთხოვნა 918 902 ლარი (320 432 აშშ დოლარი), რომელიც უკავშირდება საქონლის (---ს) მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილ თანხას.
2020 წლის აგვისტოს თვიდან გადასახადის გადამხდელს საქონლის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა აღარ განუხორციელებია, მათ შორის, მთელ შესამოწმებელ პერიოდში ფულადი ან\და სასაქონლო ოპერაციები არ ხორციელდება ზემოხსენებულ არარეზიდენტ კომპანიასთან. შემოწმების მიმდინარეობისას ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ არ განხორციელდა საქონლის მოწოდება ან/და თანხის უკან დაბრუნება გონივრულ ვადაში, აღნიშნულ ოპერაციას შეეცვალა კვალიფიკაცია და შემოწმების მიერ განხილულ იქნა 2021 წლის 31 დეკემბერს გაცემულ სესხად.
შედეგად, არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხსა და ამ სესხთან დაკავშირებით, უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე შემოწმებით გაანგარიშებულ (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით) ყოველთვიურ სარგებელზე დარიცხული იქნა მოგების გადასახადი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და გადახდილი ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე აღრიცხული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად, ხოლო უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავლის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად განხილვა მართლზომიერია.
ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადახდილი ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე აღრიცხული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ასევე შემოწმებით უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე, როგორც უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე ყოველთვიური სარგებლის გაანგარიშებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 ოქტომბრის №25428 ბრძანება და 13 ოქტომბრის №081-261 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 309 626 ლარი, მათ შორის, გადასახადი 177 549 ლარი, ჯარიმა 88 776 ლარი და საურავი 43 301 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 97; 982; 983.