ბრძანება N 22136
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22136
12 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 7 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №83452/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №005-125 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმო განიცდის ფინანსურ კრიზისს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული სანქციის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16128 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ნოემბრის და 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდების დღგის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 1 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 7 აგვისტოს №19273 ბრძანება და ამავე თარიღის №005-125 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 27 764 ლარი, მათ შორის, გადასახადი 17 843 ლარი, ჯარიმა 9 022 ლარი, საურავი 899 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
შპს „----------“(ს/ნ ----------) დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირებულია 2022 წლის 28 ოქტომბრიდან. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში (თვეებში) გადამხდელს განხორციელებული აქვს მომსახურების/საქონლის მიწოდება და შესაბამისად გამოწერილია ელექტრონული ანგარიშფაქტურები/სასაქონლო ზედნადებები, რაც სრულად არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში (ავ----------; ეა----------). შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა აღნიშნული ოპერაციები, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: მიღებული ავანსის თანხაზე გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურა (ავ----------) გაინაშთა იმავე საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურებით (ეა----------), რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით და მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ეა----------) არ არის დაბეგრილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში (2023 წლის მარტის თვეში) გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ოპერაცია დაექვემდებარა დაბეგვრას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მის მიერ გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ არის დაბეგვრის მიზნით წარდგენილი ან/და მიბმული შესაბამისი პერიოდების დეკლარაციაზე. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები შეიტანოს საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ს დეკლარაციაში საანგარიშო თვის მიხედვით, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადამხდელის პოზიციასთან, დარიცხული სანქციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შემცირებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნაზე, სადაც მითითებულია, რომ პირს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი 17 843 ლარი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის განსაზღვრული ჯარიმა 8 922 ლარი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში მოხდა ჯარიმის შეფარდება არამართლზომიერად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებაზე ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმო განიცდის ფინანსურ კრიზისს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული სანქციის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირებულია 2022 წლის 28 ოქტომბრიდან. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში (თვეებში) გადამხდელს განხორციელებული აქვს მომსახურების/საქონლის მიწოდება და შესაბამისად გამოწერილია ელექტრონული ანგარიშფაქტურები/სასაქონლო ზედნადებები, რაც სრულად არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა აღნიშნული ოპერაციები, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: მიღებული ავანსის თანხაზე გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურა გაინაშთა იმავე საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურებით, რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით და მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურა არ არის დაბეგრილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში (2023 წლის მარტის თვეში) გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ოპერაცია დაექვემდებარა დაბეგვრას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში მოხდა ჯარიმის შეფარდება არამართლზომიერად. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებაზე ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 275; 291;