უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციის (ა(ა)იპ) მიერ შემოწირულების გაცემა N 2536
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციის (ა(ა)იპ) მიერ შემოწირულების გაცემა N 2536
ფაქტობრივი გარემოებები
· უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილმა ორგანიზაციამ (ა(ა)იპ), რომელსაც საქართველოში არ აქვს მუდმივი დაწესებულება, საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში (მათ შორის, უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით) გასცა შემოწირულება (ფულადი სახსრები) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე (რომელსაც მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი).
· უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ ორგანიზაციას (ა(ა)იპ) საქართველოში მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.
შეფასება
· სსკ-ის 96-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. ამავე კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში. სსკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება საქველმოქმედო საქმიანობა. სსკ-ის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა.
· იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციებზე ფულადი სახსრების გაცემის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, არამედ აღნიშნული ხორციელდება საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში (მათ შორის, უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციის (ა(ა)იპ) მიერ შემოწირულების გაცემა არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისად, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ ორგანიზაციას (ა(ა)იპ) მოცემულ შემთხვევაში არ წარმოეშობა საქართველოში მუდმივი დაწესებულება და მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარ ღვევა არ იკვეთება და საგადასახადო ვალდებულებ ის დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 12 თებერვლისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით