N 365 - 09/10/2023 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 09.10.2023
№ დოკუმენტი 365
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №365

2023 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 112 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 113 მუხლი:

„მუხლი 113. საწარმოს პარტნიორთა/მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა

1. საწარმო ვალდებულია პარტნიორთა/მონაწილეთა (მათ შორის, პარტნიორთა/მონაწილეთა შემადგენლობაში ცვლილების) შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამ ინსტრუქციის №I-071 დანართის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საწარმო საგადასახადო ორგანოში წარადგენს არაუგვიანეს ყოველი საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 30 იანვრისა, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. პარტნიორთა/მონაწილეთა შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება ცვლილების განხორციელებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული წლის მომდევნო წლის 30 იანვრისა.

4. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამეწარმეო საზოგადოებებზე, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირზე, ორგანიზაციაზე (მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციაზე) და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ ამხანაგობაზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა, თუ პირი, დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, მაგრამ საგადასახადო ორგანოს მიერ უზუსტობის გამოვლენამდე ან ამ მიზნით საგადასახადო კონტროლის ღონისძიების ჩატარების შესახებ შეტყობინების მიღებამდე, წარმოადგენს შესწორებულ ინფორმაციას.“.

2. 113 მუხლის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №I-071.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე