ბრძანება N 25005

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.10.2023
№ დოკუმენტი 25005
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25005

10 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 15 თებერვლის და 28 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 აგვისტოს და 21 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №85 და №98) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 15 თებერვლის №79102/1/2023 და 28 მარტის №79971/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №007-375 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მომჩივანი ითხოვს ფულადი სახსრების მოძრაობაში 2021 წლის 29 მარტს კომპანიის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის ღირებულების გათვალისწინებას. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 2021 წლის 29 მარტს შეძენილ იქნა მიწის ნაკვეთი 150 000 აშშ დოლარად და გადახდილ იქნა სრული საფასური. შესაბამისად, აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს პერიოდის ბოლოს შემოწმებით დაფიქსირებულ თავისუფალ ფულად სახსრებს.

2. ითხოვს შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებას 2018 წლის განმავლობაში გადაცემული უძრავი ქონების ღირებულებით. აღნიშნავს, რომ კომპანიას მომავალი მესაკუთრეებიდან ავანსის სახით მიღებული ჰქონდა უძრავი ქონების საფასური 2017 წლამდე, როდესაც ავანსის მიღება ჯერ კიდევ არ იბეგრებოდა დღგ-ით. ბინები მფლობელებს საკუთრებაში გადაეცათ შემდგომ პერიოდებში. შემმოწმებლების მიერ 2017 წლამდე მიღებული და დაუბეგრავი თანხები მიწოდებად იქნა განხილული შესამოწმებელ პერიოდში და დაერიცხა დღგ. კომპანიის მიერ უძრავი ქონების ნაწილი საბოლოო მფლობელობაში გადაცემულ იქნა 2018 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ვინაიდან შემოწმება მოიცავდა 01.01.2019-დან 01.05.2021-მდე პერიოდს, უნდა დაკორექტირდეს შემოწმებით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობა 2018 წლის მანძილზე გადაცემული უძრავი ქონების ღირებულებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 აგვისტოს №20987 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32915 ბრძანება და ამავე თარიღის №007-375 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 922 016 ლარი, მათ შორის, გადასახადი 471 682 ლარი, ჯარიმა 236 055 ლარი და საურავი 214 279 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები წარმოდგენილი აქვს ე.წ. ნულოვანი ფორმით. შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი ხელშეკრულებები. საბანკო ამონაწერების შესწავლისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კომპანიას ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების დანიშნულებით ფიზიკურ პირებზე გადახდილი აქვს თანხები, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმებით ასევე განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა, რის შედეგადაც შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის თავისუფლად განკარგვადმა თანხამ შეადგინა 367 663 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულება თავისუფლად განკარგვად თანხებთან დაკავშირებით. ფაქტობრივი გარემოებებისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების გათვალისწინებით, თავისუფლად განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. აშენებული აქვს ორი საცხოვრებელი კორპუსი ----------. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები წარმოდგენილი აქვს ე.წ. ნულოვანი ფორმით. შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი ნასყიდობის (მათ შორის, წინარე) ხელშეკრულებები. კომპანიას მომავალი მესაკუთრეებისგან ავანსების ძირითადი ნაწილი მიღებული აქვს 2017 წლამდე. ბინების უმრავლესობა მესაკუთრეებს საკუთრებაში გადაეცათ 2019 წლიდან. უძრავი ქონების მიწოდების მომენტში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა 2017-2018 წლებში მიღებული და დაბეგრილი ავანსის თანხები. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით განხორციელებული ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის თავისუფლად განკარგვადმა თანხამ შეადგინა 367 663 ლარი, ხოლო გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი რაიმე ინფორმაცია/მტკიცებულება აღნიშნულ თანხებთან დაკავშირებით. შემოწმებით, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების გათვალისწინებით, თავისუფლად განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ფულადი სახსრების მოძრაობაში 2021 წლის 29 მარტს კომპანიის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის ღირებულების გათვალისწინებას. დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარმოადგინა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში შეძენილი მიწის ნაკვეთის ღირებულება სრულად და თავისუფლად განკარგვადი ფულადი სახსრები გაანგარიშებულია აღნიშნული ხარჯის გათვალისწინებით. ამავე ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გადაეგზავნა გაანგარიშება ელექტრონულ ფოსტაზე. ამასთან, გაანგარიშების ცხრილი გაეგზავნა გადამხდელის წარმომადგენელსაც, რომელთანაც განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია გაანგარიშების ცხრილში არსებული მონაცემების ერთობლივად გავლის თხოვნით, თუმცა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლისგან უკუკავშირი აღარ განხორციელებულა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დღგის ყოველთვიური დეკლარაციები წარმოდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი ნასყიდობის (მათ შორის, წინარე) ხელშეკრულებები და დადგინდა, რომ კომპანიას მომავალი მესაკუთრეებისგან ავანსების ძირითადი ნაწილი მიღებული აქვს 2017 წლამდე, ხოლო ბინების უმრავლესობა მესაკუთრეებს საკუთრებაში გადაეცათ 2019 წლიდან. უძრავი ქონების მიწოდების მომენტში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების გაანგარიშებისას შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა მიღებული და დაბეგრილი ავანსის თანხები.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაკორექტირებას 2018 წლის განმავლობაში გადაცემული უძრავი ქონების ღირებულებით. დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარმოადგინა უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის 2019 წლამდე გაფორმებული ხელშეკრულებები, გაანგარიშების ცხრილი და გაუქმებული ხელშეკრულებების საფუძველზე უკან დაბრუნებული თანხების ქვითრები.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდს, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის გაანგარიშებაში მონაწილეობა არ მიუღია 2019 წლამდე ბინის მფლობელებზე საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებას. დაზუსტებული საჩივრით წარმოდგენილი გაანგარიშება ეხება 2019 წლამდე საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების დღგ-ით დაბეგვრას, რაც შემოწმების საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით გავლენას ვერ მოახდენს შემოწმების მიერ გაანგარიშებულ დღგით დასაბეგრ ბრუნვაზე. ამასთან, გაუქმებული ხელშეკრულებების საფუძველზე უკან დაბრუნებული თანხების ქვითრები არის 2017 წლის (არ მოიცავს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდს). გადასახადის გადამხდელი უკან აბრუნებს 2017 წლამდე მიღებულ თანხებს. შესაბამისად, მიღების მომენტში აღნიშნული თანხები ვერ იქნებოდა დაბეგრილი დღგ-ით და არც დაბრუნების მომენტში გახდებოდა კორექტირების საფუძველი. ამავე ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გადაეგზავნა გაანგარიშება ელექტრონულ ფოსტაზე. ამასთან, გაანგარიშების ცხრილი გაეგზავნა გადამხდელის წარმომადგენელსაც, რომელთანაც განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია გაანგარიშების ცხრილში არსებული მონაცემების ერთობლივად გავლის თხოვნით, თუმცა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლისგან უკუკავშირი აღარ განხორციელებულა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი ითხოვს ფულადი სახსრების მოძრაობაში 2021 წლის 29 მარტს კომპანიის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის ღირებულების გათვალისწინებას.

2. ითხოვს შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებას 2018 წლის განმავლობაში გადაცემული უძრავი ქონების ღირებულებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმებით განხორციელებული ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის თავისუფლად განკარგვადმა თანხამ შეადგინა 367 663 ლარი, ხოლო გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი რაიმე ინფორმაცია/მტკიცებულება აღნიშნულ თანხებთან დაკავშირებით. შემოწმებით, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების გათვალისწინებით, თავისუფლად განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ფულადი სახსრების მოძრაობაში 2021 წლის 29 მარტს კომპანიის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის ღირებულების გათვალისწინებას. დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარმოადგინა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში შეძენილი მიწის ნაკვეთის ღირებულება სრულად და თავისუფლად განკარგვადი ფულადი სახსრები გაანგარიშებულია აღნიშნული ხარჯის გათვალისწინებით. ამავე ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გადაეგზავნა გაანგარიშება ელექტრონულ ფოსტაზე. ამასთან, გაანგარიშების ცხრილი გაეგზავნა გადამხდელის წარმომადგენელსაც, რომელთანაც განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია გაანგარიშების ცხრილში არსებული მონაცემების ერთობლივად გავლის თხოვნით, თუმცა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლისგან უკუკავშირი აღარ განხორციელებულა.

2. გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დღგის ყოველთვიური დეკლარაციები წარმოდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი ნასყიდობის (მათ შორის, წინარე) ხელშეკრულებები და დადგინდა, რომ კომპანიას მომავალი მესაკუთრეებისგან ავანსების ძირითადი ნაწილი მიღებული აქვს 2017 წლამდე, ხოლო ბინების უმრავლესობა მესაკუთრეებს საკუთრებაში გადაეცათ 2019 წლიდან. უძრავი ქონების მიწოდების მომენტში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების გაანგარიშებისას შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა მიღებული და დაბეგრილი ავანსის თანხები.გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაკორექტირებას 2018 წლის განმავლობაში გადაცემული უძრავი ქონების ღირებულებით. დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარმოადგინა უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის 2019 წლამდე გაფორმებული ხელშეკრულებები, გაანგარიშების ცხრილი და გაუქმებული ხელშეკრულებების საფუძველზე უკან დაბრუნებული თანხების ქვითრები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდს, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის გაანგარიშებაში მონაწილეობა არ მიუღია 2019 წლამდე ბინის მფლობელებზე საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებას. დაზუსტებული საჩივრით წარმოდგენილი გაანგარიშება ეხება 2019 წლამდე საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების დღგ-ით დაბეგვრას, რაც შემოწმების საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით გავლენას ვერ მოახდენს შემოწმების მიერ გაანგარიშებულ დღგით დასაბეგრ ბრუნვაზე. ამასთან, გაუქმებული ხელშეკრულებების საფუძველზე უკან დაბრუნებული თანხების ქვითრები არის 2017 წლის (არ მოიცავს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდს). გადასახადის გადამხდელი უკან აბრუნებს 2017 წლამდე მიღებულ თანხებს. შესაბამისად, მიღების მომენტში აღნიშნული თანხები ვერ იქნებოდა დაბეგრილი დღგ-ით და არც დაბრუნების მომენტში გახდებოდა კორექტირების საფუძველი. ამავე ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გადაეგზავნა გაანგარიშება ელექტრონულ ფოსტაზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 160; 1601; 275;