ბრძანება N 5615

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.03.2023
№ დოკუმენტი 5615
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5615

22.03.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 27 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 27 ოქტომბრის №75766/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №048-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.მომჩივანი არ ეთანხმება სტატისტიკის ფასების გავრცელებას დაკლული ცხოველების ოდენობაზე. მიუთითებს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებულ, მესამე მხარისა (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური საიტიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვადასხვა კატეგორიის დაკლული ცხოველების ოდენობის მომსახურებაზე უნდა გავრცელდეს საბაზრო ფასები თვეების მიხედვით შემოწმების მთელ პერიოდზე, მიღებული შედეგით კი შპს „----------“ არ მოუწევს დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია 2019 წლის 3 მარტიდან.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილზე და ითხოვს საგადასახადო შეღავათის გავრცელებას. დამატებით აცხადებს, რომ დირექტორი დაქირავებულ პირებზე (ყასბებზე) გასცემდა ხელფასს, თითო მსხვილფეხა პირუტყვზე 10 ლარს, ხოლო ღორის დაკვლაზე 6 ლარს და შემოწმების პერიოდში ყასაბებზე გაცემული ხელფასი ჯამურად შეადგენდა 228 051 ლარს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის №17557 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველი ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 7 ოქტომბრის №25623 ბრძანება და ამავე თარიღის №048-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 370 712 ლარი, მათ შორის გადასახადი 203 110 ლარი, ჯარიმა 95 872 ლარი და საურავი 71 730 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

 შპს „----------“ ძირითადი საქმიანობაა წვრილფეხა და მხვილფეხა პირუტყვის დაკვლის მომსახურება. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას, საწარმოს მიერ მოწოდებულ სხვადასხვა დოკუმენტს, ბუღალტრულ პროგრამა „ორისს“, ბანკის ამონაწერებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებულ დოკუმენტებს. სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით დადგინდა წლებისა და თვეების მიხედვით, რა რაოდენობის წვრილფეხა, მსხვილფეხა პირუტყვი და ღორი დაუკლა მომსახურების მიმღებ პირებს. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ყველა ცხოველის დეკლარირებული დაკვლის ფასი შეადგენდა საშუალოდ 11,42 ლარს, რაც მნიშვნელოვნად დაბალი იყო. შემოწმებამ მოიპოვა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური საიტიდან (https://www.geostat.ge) ინფორმაცია, თუ რა ღირებულება გააჩნდა თითოეული პირუტყვის დაკვლის მომსახურებას (წვრილფეხა, მსხვილფეხა და ღორის ფასები) წლებისა და კვარტლების მიხედვით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებულ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური საიტიდან (https://www.geostat.ge) მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვადასხვა კატეგორიის დაკლული ცხოველების ოდენობაზე გაავრცელა სტატისტიკის ფასები თვეების მიხედვით შემოწმების მთელ პერიოდზე. მიღებული შედეგებით საწარმოს გაეზარდა მიღებული შემოსავლები. ამავე დროს გადამხდელს დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2019 წლის 3 მარტი. საწარმოს, ასევე, უფიქსირდებოდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონლის მიწოდება, კერძოდ, მსხვილფეხა პირუტყვის ტყავის რეალიზაცია, რომელიც გადამხდელს დაბეგრილი ჰქონდა დღგ-ით. შემოწმებამ ტყავის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებიდან გაითვალისწინა ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულ ბრუნვებში. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე, 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.

 ასევე, შემოწმებით მიღებული შემოსავლები შეუდარდა საწარმოს მიერ მოწოდებულ ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ გატარებულ 1110 ანგარიშზე არსებულ და სალარო აპარატზე მიღებულ თანხებს, რა დროსაც გამოვლინდა სხვაობა 487 770 ლარის ოდენობით, რომელიც აიგროსა და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული საწარმოს დირექტორის გამოკითხვის მიხედვით, გადამხდელი დაქირავებულ პირებზე (ყასბებზე) გასცემდა ხელფასებს თითო დაკლულ მსხვილფეხა პირუტყვზე 10 ლარს, ხოლო ღორის დაკვლაზე 6 ლარს. შედეგად, შემოწმებით დამატებით მიღებული შემოსავლები, 381 662 ლარი, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, შემოწმებით, გადამხდელის მიერ ყასაბებზე გაცემული ხელფასებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2023 წლის 9 მარტს 16:20 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ საწარმოს მიერ ნაწარმოებ ბუღალტრულ პროგრამაში მიღებული შემოსავლები ფიქსირდებოდა საკონტროლო-სალარო აპარატის მიხედვით. შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა მიღებული შემოსავლების მიხედვით რა რაოდენობის წვრილფეხა და მხვილფეხა პირუტყვის დაკვლის მომსახურება იყო გაწეული და კონკრეტულ მომსახურებაზე რა ღირებულების შემოსავალი იქნა მიღებული. ასევე, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ყველა ცხოველის დეკლარირებული დაკვლის ფასი შეადგენდა საშუალოდ 11,42 ლარს, რაც მნიშვნელოვნად დაბალი იყო.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, შემოწმების მიერ, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებულ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური საიტიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვადასხვა კატეგორიის დაკლული ცხოველების ოდენობაზე სტატისტიკის ფასების გავრცელება თვეების მიხედვით შემოწმების მთელ პერიოდზე, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, ვინაიდან გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობამ გადააჭარბა 100 000 ლარს 2019 წლის 3 მარტს, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტაცია საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციის მიხედვით, თვის განმავლობაში ძირითადად მუშაობდა ორი ყასაბი, ზოგიერთ თვეში კი ერთი, და ყასბებზე გაცემული თანხები ხელფასის სახით აღემატებოდა 1500 ლარს. შესაბამისად, აღნიშნული ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით განსაზღვრულ პირობებს და მასზე ვერ გავრცელდებოდა საგადასახადო შეღავათი. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლის, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით სახელფასო განაცემად განხილვა და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.