ბრძანება N 4459
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4459
28 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
--------- (პ/ნ ------)
(მის.: ----------)
2024 წლის 5 და 7 თებერვლის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა --------ს (პ/ნ -------) №18125/01 და №20028/01 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №ELC28825 და №ELC28826 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებები არ წარმოადგენს მის საკუთრებას და მან მხოლოდ მძღოლის ფუნქცია შეასრულა. იმ პირის მონაცემები, რომლის სასარგებლოდაც მან განახორციელა სატრანსპორტო საშუალების ფაქტიურად გადაადგილება, მითითებულია იმ მინდობილობებში, რომლებიც წარადგენილი იყო საბაჟო ორგანოში. შესაბამისად მიაჩნია, რომ დეკლარირების ვალდებულება უნდა წარმოშობოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეს.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგინდა შემდეგი:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 27 აპრილს უცხო ქვეყნის მოქალაქის ---------ის (პასპ/ნ -------) წარმომადგენლის ---------ს (პ/ნ -------) მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანის ნომერი -------, შასის №--------) ზოგადი დეკლარირება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2021 წლის 26 ივნისი.
ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 2 ნოემბერს შედგენილი იქნა №ELC28825 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც -------ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 27 აპრილს უცხო ქვეყნის მოქალაქის --------ის (პასპ.№-------) წარმომადგენლის -------ს (პ/ნ ------) მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომერი -------, ავტომანქანის ნომერი ------) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანა, რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განესაზღვრა 2021 წლის 26 ივნისი.
ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 2 ნოემბერს შედგენილი №ELC28826 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით --------ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ სადავო ოქმებს ადრესატი გაეცნო 2024 წლის 8 იანვარს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლით კი დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანაზე პასუხისმგებელი პირი. დადგენილია ასევე, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. -------- (პ/ნ ------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №ELC28825 და №ELC28826 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები.
ფაქტობრივი გარემოებები
2021 წლის 27 აპრილს მომჩივნის - უცხო ქვეყნის მოქალაქის წარმომადგენლის მიერ განხორციელდა ორი სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებს დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2021 წლის 26 ივნისი. ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მათი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 2 ნოემბერს შედგენილი იქნა №ELC28825 და №ELC28826 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 - 1000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.