გადაწყვეტილება №21658/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.05.2024
№ დოკუმენტი 21658/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21658/2/2023

02 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 20.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21658/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;

2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2023 წლის №070-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30350 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 197 649 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 128 774

დღგ - 42 282

საშემოსავლო გადასახადი - 86 492

ჯარიმა - 63 608

საურავი - 5 267

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 4.10.2023 წლის №24453 ბრძანება და №070-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30350 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით

ფაქტების აღწერა

მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 15 აპრილიდან, ხოლო 2023 წლის 3 ივლისიდან მინიჭებული აქვს დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. საწარმო შესამოწმებელ პერიოდში "-------"-ში, „------- -ის “ მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს ,,------ სგან“ (ს/ნ "-------") იჯარით აღებულ ფართში ახორციელებს ტანსაცმლით, ტექსტილითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობას. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დადგინდა, რომ საწარმოს სმფ-ს ნაშთი ნულის ტოლია. გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა სმფ-ების ნაშთი და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, ასევე არ ფლობს ძირითად საშუალებებს, გარდა საკონტროლო-სალარო აპარატისა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები (დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 18%-ია), შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 3 ჯგუფიდან ერთ ჯგუფზე (საყოფაცხოვრებო ნივთები) დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი 3%, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან. დანარჩენი ორი ჯგუფის (ტანსაცმელი და ტექსტილი) დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა აუდირებული საბითუმო ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა "-------"-ს ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც შემოწმების აქტიდან ირკვევა, აღნიშნული დარიცხვა გაანგარიშებულია "------"-ს ბაზრობის აუდირებული საცალო ფასნამატიდან, რომელიც შეადგენს 40-54%-ს, რაც ყოვლად წარმოუდგენელია მის შემთხვევაში, რადგან თუნდაც "------"-სტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციას ახდენდა მინიმალური ფასნამატით, ხოლო "------"-ში ფაქტიურად თვითღირებულებით, რა სურათიც ასახულია მის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებშიც. დამატებით წარმოადგენს დასტურს საქონლის შეძენაზე იმ პირებისგან რომელთა მოძიებაც შევძელი "------"-ში. კერძოდ, როგორც ზედნადებებიდანაც ჩანს 2021- 2023 წლებში სულ შეძენილი აქვს 668 205 ლარის საქონელი, 341 155 ლარის საქონლის შეძენა და ტრანსპორტირება მოახდინა პირდაპირ "-------"-ის ტერიტორიაზე, საიდანაც ზედნადებით რეალიზებულია 127 920,80 ლარის საქონელი (ს/ზ "-------", ს/ზ "-------", ს/ზ "-------"), ხოლო დანარჩენი რეალიზებული აქვს ფიზიკურ პირებზე 3-5%-ანი ფასნამატით.

ასევე შიდა გადაზიდვის ზედნადებით "-------", 96 768 ლარის საქონელი გადაზიდული მაქვს "-------"-ში და რეალიზაცია განხორციელებულია ფიზიკურ პირებზე . შიდა გადაზიდვის ზედნადებით "-------"ასევე ფიქსირდება საქონლის "-------"-ში ტრანსპორტირება. ბაზრობაზე რეალიზებული აქვს სულ 99285 ლარის საქონელი, შეძენის ღირებულებით დღგ-ს ჩათვლით, აქაც რა თქმა უნდა დიდი ნაწილი გაყიდული აქვს საბითუმო ფასებში, რაზეც ამოღებულია საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები. დარჩენილი 130997 ლარის საქონელიც გაყიდული აქვს "-------"-ში ფიზიკურ პირებზე საბითუმო ფასად 3-5%-ანი ფასნამატით. მიუხედავად ამისა, აუდიტის მიერ განსაზღვრულია და სრულ არაზედნადებით რეალიზაციაზე გავრცელებულია ე.წ. „------ ბაზრობის აუდირებული საცალო ფასნამატი“. ითხოვს გათვალისწინდეს არსებული გარემოებები და მოხდეს გადაანგარიშება რეალური ფასნამატის გათვალისწინებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები (დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 18%-ია), შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 3 ჯგუფიდან ერთ ჯგუფზე (საყოფაცხოვრებო ნივთები) დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი 3%, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან. დანარჩენი ორი ჯგუფის (ტანსაცმელი და ტექსტილი) დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა აუდირებული საბითუმო ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა "------"-ს ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ.

მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გაზიარების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საწარმოს ფულის მოძრაობა. გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა სმფ-ების ნაშთი და დებიტორულკრედიტორული დავალიანებები. ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს პირს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი მთლიანად ჩაითვალა რეალიზებულად. ფულის გასვლად ჩაითვალა შეძენის ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო მიღებულად ჩაითვალა მისაღები შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით დადგინდა საწარმოს ფულის ნაშთი, რაც ამავე მუხლის საფუძველზე, ფორმა შინაარსის გათვალისწინებით, ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად, რაც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 81-ე მუხლების გათვალისწინებით და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგენილია, რომ შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საწარმოს ფულის მოძრაობა. გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა სმფ-ების ნაშთი და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები. ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს პირს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი მთლიანად ჩაითვალა რეალიზებულად. ფულის გასვლად ჩაითვალა შეძენის ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო მიღებულად ჩაითვალა მისაღები შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით დადგინდა საწარმოს ფულის ნაშთი, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი მომჩივანს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად და არც ფაქტიურად გააჩნდა, საბჭოს მიაჩნია, რომ გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას არსებული გარემოებები და მოხდეს გადაანგარიშება რეალური ფასნამატის გათვალისწინებით.

2.გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელის წერილობითი განცხადებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა სმფ-ების ნაშთი და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, ასევე არ ფლობს ძირითად საშუალებებს, გარდა საკონტროლო-სალარო აპარატისა.

პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 3 ჯგუფიდან ერთ ჯგუფზე დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი 3%, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება.

კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან. დანარჩენი ორი ჯგუფის დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა აუდირებული საბითუმო ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა სმფ-ების ნაშთი და დებიტორულკრედიტორული დავალიანებები. ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს პირს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი მთლიანად ჩაითვალა რეალიზებულად. ფულის გასვლად ჩაითვალა შეძენის ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო მიღებულად ჩაითვალა მისაღები შემოსავლები.საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით დადგინდა საწარმოს ფულის ნაშთი,ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),101,154,160,161,163.