გადაწყვეტილება №20118/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20118/2/2023
25 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 30.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20118/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №006-692 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10726 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 289 501 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 143 795
ჯარიმა - 73 632
საურავი - 72 074
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 მაისის №12641 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ გაყიდულია ფართები, რომლის დეკლარირებაც არ განუხორციელებია სრულად. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე დაყრდნობით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში გადაფორმებული ფართების ღირებულებები. აღნიშნული თანხა შემცირდა მომჩივნის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ წინა საანგარიშო პერიოდში გადახდილი (საავანსო) თანხებით. შედეგად, დეკლარირებულთან შედარებით გამოვლინდა სხვაობები, რაზეც საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33731 ბრძანება და №006-692 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 15 მაისის №10726 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-2, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმებისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმებასთან დაკავშირებით, მათ შორის, სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით, არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია/მტკიცებულება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, ვინაიდან არ მომხდარა გაუქმებული ხელშეკრულებების და უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინება. აღნიშნავს, რომ დავის მიმდინარეობისას დამატებით იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა წარდგენაც ვერ მოესწრო შემოსავლების სამსახურში.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, წარმოდგენილი არგუმენტაციის და დავის ეტაპზე წარმოსადგენი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოხდეს დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების გაუქმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულია უძრავი ქონება, რაზეც სრულად არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულება. საგადასახადო ორგანოს მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში გადაფორმებული ფართების ღირებულებები, რომელიც შემცირდა ხელშეკრულებაში მითითებული შემძენი ფიზიკური პირების მიერ წინა საანგარიშო პერიოდში გადახდილი (საავანსო) თანხებით. მიღებულ შედეგსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით.
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, ვინაიდან არ მომხდარა გაუქმებული ხელშეკრულებების და უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინება. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ დავის მიმდინარეობისას დამატებით იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა წარდგენაც ვერ მოესწრო შემოსავლების სამსახურში. თუმცა, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც შეიძლება გამხდარიყო დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ გაყიდულია ფართები, რომლის დეკლარირებაც არ განუხორციელებია სრულად. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე დაყრდნობით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში გადაფორმებული ფართების ღირებულებები. აღნიშნული თანხა შემცირდა მომჩივნის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ წინა საანგარიშო პერიოდში გადახდილი (საავანსო) თანხებით. შედეგად, დეკლარირებულთან შედარებით გამოვლინდა სხვაობები, რაზეც საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2023 წლის 15 მაისის №10726 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302,; 159; 163; 164; 275; 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161