გადაწყვეტილება №26014/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.11.2025
№ დოკუმენტი 26014/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26014/2/2025

21 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 12.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26014/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №13838 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №067-6 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 26.09.2025 წლის №21060 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 202 957.98 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 132 004.46

დღგ - 81 138.26

საშემოსავლო გადასახადი - 50 866.20

ჯარიმა - 66 002.10

საურავი - 4 951.42

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა საქონლის (საკვები დანამატები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი) შეძენა ძირითადად იმპორტის რეჟიმით (მცირე ოდენობა შეძენილია ადგილობრივად) და ადგილობრივი რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 7.05.2025 წლის №9060 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 22.09.2023 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიის მიერ შემოსავალი დაფიქსირებული არ არის უნაღდო ანგარიშსწორებით. არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 126 678 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის მიერ შეძენილი საქონელი (459 947) მნიშვნელოვნად აღემატება დეკლარაციებში დაფიქსირებულ რეალიზაციის მოცულობას და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია კომპანიის სავაჭრო ობიექტისა და არსებული სმფ-ის ნაშთის შესახებ, დაბეგვრის ობიექტის დადგინდა არაპირდაპირი მეთოდით. გაანგარიშდა დასაბეგრი შემოსავალი სრულად შეძენილი პროდუქციის თვითღირებულებაზე ძირითადად აუდირებული ფასნამატის გამოყენებით (ფასნამატი შეძენილი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით: საკვები დანამატები - 25% ნაწილობრივ დაიდენტიფიცირდა დოკუმენტურ რეალიზაციასთან; საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი - 60%).

ვინაიდან შეძენილი საქონელი არ წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქციას, გათვალისწინებულია დღგ-ის ნებაყოფლობით რეგისტრაციის (2024 წლის სექტემბერი) თარიღამდე საქონლის ნაშთის არსებობა და არ შეცვლილა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი.

შესაბამისად, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და დასაბეგრი ბრუნვის ჯამური ოდენობა. საგადასახადო კოდექსის კოდექსის 73-ე, 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე, 165-ე მუხლების გათვალისწინებით, დეკლარირებულ და ფაქტობრივად დადგენილი დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე (450 769 ლარი) განისაზღვრა კომპანიის დამატებითი საგადასახადო ვალდებულება (დღგ) და მომჩივანს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

მიმდინარე საგადასახადო შემოწმების ფარგლებში კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ კომპანიის მხრიდან რაიმე სახის ინფორმაცია არ ფიქსირდება. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის №10161 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გადასახადის გადამხდელთან ვერ განხორციელდა დაკავშირება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დოკუმენტით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლია.

კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული რეალიზაციიდან, შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, გაწეულ ხარჯად კი - ადგილობრივი და იმპორტირებული საქონლის (საინვოისო) სრული ღირებულება.

ზემოაღნიშნულის შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და გადახდილი/გადახდილად აღიარებული ფულადი სახსრების ურთიერთშედარებით დადგინდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე - დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №13838 ბრძანება და ამავე თარიღის №067-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.09.2025 წლის №21060 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის, მათი შეძენის/თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ);

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და თუ დაიდენტიფიცირდება დოკუმენტით რეალიზებული საქონელი, აღნიშნულზე არ გაავრცელოს ფასნამატი და შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.09.2025 წლის №21060 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დოკუმენტურ რეალიზაციაზე გამოყენებას და ასევე, აუდირებული ფასნამატის გამოყენებას ტანსაცმლის ჯგუფის ნაწილში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული საქონლის ხვედრითი წილის გათვალისწინებით გამოანგარიშებული და გამოყენებული უნდა ყოფილიყო დოკუმენტური ფასნამატი. განმარტავს, რომ ტანსაცმლის ჯგუფის საერთო თვითღირებულება შემოწმების მიერ განსაზღვრულია 229 919 ლარით. აქედან ყველა ძირითად საქონელზე დოკუმენტური ფასნამატი არის 25%-ის ფარგლებში. მაგალითად, რეალიზებულ საქონელში შედის საბაჟო ღირებულებით 79 785 ლარის მხოლოდ ქალის ბამბის ქურთუკი/ჟილეტი, რომლის ერთეულის ღირებულება არის 20 ლარი, ხოლო სასაქონლო ზედნადებით გასაყიდი ფასი 25 ლარი (სულ სასაქონლო ზედნადებით გაყიდულია 685 ერთეული ქურთუკი/ჟილეტი). ასევე, მაგალითად, რეალიზებულ საქონელში შედის საბაჟო ღირებულებით 22 528 ლარის მხოლოდ ქალის ჩანთა, რომლის ერთეულის ღირებულება არის 6,15 ლარი, ხოლო სასაქონლო ზედნადებით გასაყიდი ფასი 7,7 ლარი (სულ სასაქონლო ზედნადებით გაყიდულია 340 ერთეული ჩანთა).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის, მათი შეძენის/თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და თუ დაიდენტიფიცირდება დოკუმენტით რეალიზებული საქონელი, აღნიშნულზე არ გაავრცელოს ფასნამატი და შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები გამოიანგარიშა აუდირებული ფასნამატის საფუძველზე, რაც არასწორია, ვინაიდან სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული საქონლის ხვედრითი წილის გათვალისწინებით გამოანგარიშებული და გამოყენებული უნდა ყოფილიყო დოკუმენტური ფასნამატი.

მომჩივნის პრეტენზიებს საფუძვლად უდევს შემდეგი არგუმენტაცია: შემოწმებულ პერიოდში დღგის ჩათვლით გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული აქვს 132,6 ათასი ლარის საქონელი. შემოწმებას დარიცხვის პერიოდზე საქონლის საერთო თვითღირებულება განსაზღვრული აქვს 397 580 ლარით. შესაბამისად, დოკუმენტური რეალიზაციის ხვედრითი წილის გათვალისწინებით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე უნდა გავრცელდეს არა აუდირებული ფასნამატი, არამედ დოკუმენტური ფასნამატი. ამ არგუმენტს ამყარებს ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურმა დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დოკუმენტურ რეალიზაციებზე ფასნამატის არ გავრცელებასთან დაკავშირებით, რითაც დასტურდება, რომ სარწმუნოა დოკუმენტური ფასნამატის სანდოობა.

შემოწმების შედეგად გამოყენებული აუდირებული ფასნამატი 60%-ის ოდენობით, გარდა იმისა, რომ შემოწმების აქტში საერთოდ არ საბუთდება მისი შერჩევის კრიტერიუმები, რეალობასთან შეუსაბამოა ტანსაცმლის ჯგუფის ნაწილში. ამ ჯგუფის საერთო თვითღირებულება შემოწმების მიერ განსაზღვრულია 229 919 ლარით. აქედან ყველა ძირითად საქონელზე დოკუმენტური ფასნამატი არის 25%-ის ფარგლებში. მაგალითად, რეალიზებულ საქონელში შედის საბაჟო ღირებულებით 79 785 ლარის მხოლოდ ქალის ბამბის ქურთუკი/ჟილეტი, რომლის ერთეულის ღირებულება არის 20 ლარი, ხოლო სასაქონლო ზედნადებით გასაყიდი ფასი 25 ლარი (სულ სასაქონლო ზედნადებით გაყიდულია 685 ერთეული ქურთუკი/ჟილეტი). ასევე, მაგალითად, რეალიზებულ საქონელში შედის საბაჟო ღირებულებით 22 528 ლარის მხოლოდ ქალის ჩანთა, რომლის ერთეულის ღირებულება არის 6,15 ლარი, ხოლო სასაქონლო ზედნადებით გასაყიდი ფასი 7,7 ლარი (სულ სასაქონლო ზედნადებით გაყიდულია 340 ერთეული ჩანთა). ასევე, მაგალითად, რეალიზებულ საქონელში შედის საბაჟო ღირებულებით 20 081 ლარის მხოლოდ პლასტმასის ჩემოდანი (ჩართულია ტანსაცმლის ჯგუფში), რომლის ერთეულის ღირებულება არის 21,8 ლარი, ხოლო სასაქონლო ზედნადებით გასაყიდი ფასი 27 ლარი (სულ სასაქონლო ზედნადებით გაყიდულია 415 ერთეული ჩემოდანი). მხოლოდ ამ სამი პოზიციით იდენტიფიცირდება ნახევარზე მეტი რეალიზებული საქონელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს სადავო აქტები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) საჩივარში მითითებული პრეტენზიის/არგუმენტაციის გათვალისწინებით. ამასთან, შუამდგომლობს, რომ საჩივარი დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნას უშუალოდ შემმოწმებელი აუდიტორისა და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რათა ყოველმხრივ იქნეს განხილული მხარეთა არგუმენტაცია და წარდგენილი მტკიცებულებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული საქონლის ხვედრითი წილის გათვალისწინებით გამოანგარიშებული და გამოყენებული უნდა ყოფილიყო დოკუმენტური ფასნამატი. ამ არგუმენტს ამყარებს ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურმა დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დოკუმენტურ რეალიზაციებზე ფასნამატის არ გავრცელებასთან დაკავშირებით, რითაც დასტურდება, რომ სარწმუნოა დოკუმენტური ფასნამატის სანდოობა. შემოწმების შედეგად გამოყენებული აუდირებული ფასნამატი შეუსაბამოა ტანსაცმლის ჯგუფის ნაწილში. ამ ჯგუფის საერთო თვითღირებულება შემოწმების მიერ განსაზღვრულია 229 919 ლარით, საიდანაც ყველა ძირითად საქონელზე დოკუმენტური ფასნამატი არის 25%-ის ფარგლებში. ამასთან, მომჩივნის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და დაამატა, რომ თუ არ იქნება გამოყენებული დოკუმენტური ფასნამატი, ითხოვს გადასახადის გადამხდელის მიმართ გავრცელდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შესადარისი აუდირებული ფასნამატი, რომლის თავისებურებაც მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ გადასახადის გადამხდელი შემოტანილი საქონლით ძირითადად ამარაგებს საქართველოში მშენებლობებზე მომუშავე უცხოელ ფიზიკურ პირებს (-------).

საჩივართან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 11.11.2025 წლის №100737-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით და მომჩივნის არგუმენტებზე, საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ შეძენილი პროდუქცია წარმოადგენდა ძირითადად ორი ჯგუფის საქონელს - საკვები დანამატების და ტანსაცმლის ჯგუფი (ჩანთა/ჩემოდნები, საფულეები, ჩუსტები, შარფები). 22.09.2023 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდში გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები ღირებულებით 132 627 ლარის (დღგ-ის ჩათვლით), საიდანაც ტანსაცმლის ჯგუფის საქონელი შეადგენს 76 715 ლარის რეალიზაციას, დანარჩენი - საკვები დანამატების. შემმოწმებლები შეეცადნენ შეძენილი დოკუმენტებიდან მოეხდინათ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დასახელებული საქონლის იდენტიფიცირება, რათა შეძენის უახლოეს თარიღებში დაფიქსირებული ფასების მიხედვით გაანგარიშებულიყო დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი. შესწავლილი დოკუმენტებით, საკვები დანამატების ნაწილში იდენტიფიცირდა საქონლის საკმარისი ოდენობა, რაც მიჩნეულია ამ კატეგორიის საქონელზე რეალურ ფასნამატად - 25%. ტანსაცმლის ჯგუფში შემავალი საქონლიდან გადასახადის გადამხდელის ჩართულობის გარეშე ვერ მოხერხდა საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება დასახელებების განსხვავებულობის გამო, რაც სარწმუნო იქნებოდა ამ კატეგორიაში დოკუმენტური ფასნამატის დასადგენად. საჩივარში გადასახადის გადამხდელი ახსენებს ჩანთების, სარეალიზაციო 7,7 ლარი და შეძენის 6,15 ლარი, ფასებს, რაზეც აღსანიშნია, რომ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით 2024 წლის ნოემბერში რეალიზებულია 340 ერთეული ქალის ჩანთა 7,7 ლარად უცხოელ (-------) ფიზიკურ პირებზე. შეძენის დოკუმენტებში ჩანთები წერია სხვადასხვა მასალის, ზომისა და ფასის მიხედვით, ამიტომ საეჭვოა რომელი მოდელის თუ ხარისხის ჩანთა გაყიდა უცხოელ ფიზიკურ პირებზე ყველაზე დაბალი ფასნამატით. ასევე, ნახსენებია ქურთუკების დოკუმენტური რეალიზაცია, ქურთუკებიც სასაქონლო ზედნადების მიხედვით რეალიზებულია უცხოელ ფიზიკურ პირებზე (-------) ფასი 25 ლარი და დასახელებაში წერია ქურთუკი და ბავშვის ქურთუკი, შეძენის დოკუმენტების მიხედვით კი საქონლის დასახელებაში წერია ქალის ბამბის ქურთუკი. რაც შეეხება, მომჩივნის მიერ ნახსენებ მესამე საქონელს - პლასტმასის ჩემოდანი. გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ფიქსირდება დასახელება - ჩემოდანი 415 ერთეული 27 ლარად, ასევე უცხოელ ფიზიკურ პირზე (-------), შეძენის დოკუმენტებშიც ისევე, როგორც ზემოთ ნახსენებ ქალის ჩანთებზე, ჩემოდნებიც წერია სხვადასხვა მასალის, ზომისა და ფასის მიხედვით. ამდენად, ეჭვქვეშ დგება, რამდენად რელევანტურია უცხოელ ფიზიკურ პირებზე დოკუმენტურად დაფიქსირებული ფასები. თუმცა ამ მოცემულობით მთავარი სამტკიცებელი გადასახადის გადამხდელის მხრიდან არის საქონლის მაქსიმალური ოდენობის სწორი იდენტიფიცირება შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტებით.

შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის, მათი შეძენის/თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ); ხოლო ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და თუ დაიდენტიფიცირდება დოკუმენტით რეალიზებული საქონელი, აღნიშნულზე არ გაავრცელოს ფასნამატი და შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 26.09.2025 წლის №21060 ბრძანება მართებულია და არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას, კომპანიის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება დეკლარაციებში დაფიქსირებულ რეალიზაციის მოცულობას და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია კომპანიის სავაჭრო ობიექტისა და არსებული სმფ-ის ნაშთის შესახებ, დაბეგვრის ობიექტის დადგენისას შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, რომლის შედეგად გაანგარიშდა დასაბეგრი შემოსავალი სრულად შეძენილი პროდუქციის თვითრირებულებაზე ძირითადად აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, კერძოდ, საყოფაცხოვრებო ნივთების და ტანსაცმელის ნაწილში დადგენილ იქნა აუდირებული ფასნამატი -60%, ხოლო საკვები დანამატები ნაწილობრივ დაიდენტიფიცირდა დოკუმენტურ რეალიზაციასთან, შესაბამისად დადგენილ იქნა 25%-იანი ფასნამატი. დეკლარირებულ და ფაქტობრივად დადგენილ დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული რეალიზაციიდან, შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, გაწეულ ხარჯად კი - ადგილობრივი და იმპორტირებული საქონლის (საინვოისო) სრული ღირებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და გადახდილი/გადახდილად აღიარებული ფულადი სახსრების ურთიერთშედარებით დადგინდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 26.09.2025 წლის №21060 ბრძანება მართებულია და არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163