N 164 - 22/05/2024 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 22.05.2024
№ დოკუმენტი 164
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №164

2024 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20):

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. იდენტიფიკაციის საშუალებებით ნიშანდება და ნიშანდების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“

1. „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელებული ნიშანდების შესახებ მონაცემები ან ხელახალი ნიშანდებისას დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ აღნიშვნა, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №2) განსაზღვრული ფორმალობების განხორციელების შემდეგ, დააფიქსიროს „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებულ ტრანზიტის დეკლარაციაშიც.

2. ტრანზიტის პროცედურის მფლობელს, რომელსაც ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის სტატუსი, აქვს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებებით ნიშანდების უფლება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოსაყენებელი იდენტიფიკაციის საშუალებები ვიზუალურად განსხვავდება საბაჟო ორგანოს მიერ ნიშანდებისას გამოსაყენებელი იდენტიფიკაციის საშუალებებისგან – დატანილია შესაბამისი ინფორმაცია (ინდივიდუალური ნომერი/კოდი), რომელიც იძლევა ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის იდენტიფიცირების საშუალებას.

4. ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის მიერ საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე ნიშანდების განხორციელების შემთხვევაში, იგი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემების დაფიქსირება „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებულ ტრანზიტის დეკლარაციაში.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის სტატუსი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს საქონელი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის გარეშე მოაქციოს ტრანზიტის პროცედურაში და საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე განახორციელოს ნიშანდება საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებებით ;“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 27 მაისიდან.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე