გადაწყვეტილება №24338/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.12.2024
№ დოკუმენტი 24338/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24338/2/2024

23 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 25.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24338/2/2024).

 

დავის საგანი:

1. აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა;

2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №149-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23539 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 656 752 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 628 948

დღგ - 561 915

საშემოსავლო გადასახადი - 67 033

ჯარიმა - 911 282

საურავი - 116 522

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლის საცალო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. მეწარმეს აქვს ორი სავაჭრო ობიექტი და ერთი საწყობი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ივნისის №13883 და 10 სექტემბრის №20014 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 11 ივნისიდან 2024 წლის 17 ივნისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №20344 ბრძანება და №149-9 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 656 752 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 10 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 4 ნოემბრის №23539 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ივნისის №21-12521 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (სარეალიზაციო ფასები) გამოიყენოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2023-2024 წლების), ხოლო 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გაავრცელოს აუდირებული ფასნამატი პროდუქციის კატეგორიების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23539 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.06.2024 წლის №21-12521 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია 14.06.2024 წლის მდგომარეობით არსებული სმფ-ების ნაშთის აღწერა, რაც შეადგენს 2 074 063 ლარს. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ფაქტობრივი ნაშთის აღწერის შედეგები გადაგზავნილია შემოწმებისთვის. შემოწმებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული, 14.06.2024 წლის მდგომარეობით არსებული მეწარმის საქონლის ფაქტობრივი ნაშთი შედარდა შემოწმების მიხედვით გამოყვანილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთთან. გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 111 847 ლარს. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 70-ე, მე-8, 72-ე, 269-ე, 270-ე და 286-ე მუხლებზე. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ჯარიმას. მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ არასწორად არის დაჯგუფებული საქონლის მოძრაობა და უსაბუთოდ შეძენილი საქონლის გამოვლენა. მიუთითებს, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს დანაკლისად გამოვლენილ საქონელს, საჭიროა ზედმეტობის და დანაკლისის სწორად გადაანგარიშება და ურთიერთგადაფარვა, რის შემდეგაც საერთოდ არ დარჩება უსაბუთო შეძენილი საქონელი. თუმცა, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რის საფუძველზე იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით ჯარიმა შეფარდებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორების მიერ არასწორად არის დაჯგუფებული საქონლის მოძრაობა და უსაბუთოდ შეძენილი საქონლის გამოვლენა. აღნიშნული მითითებული საქონელი წარმოადგენს დანაკლისად გამოვლენილ საქონელს, საჭიროა ზედმეტობის და დანაკლისის სწორად გადაანგარიშება და ურთიერთ გადაფარვა, რის შემდეგაც საერთოდ არ დარჩება უსაბუთო შეძენილი საქონელი. მოცემულ შემთხვევაში ყველა საქონელი არის იმპორტირებული და დოკუმენტურად შეძენილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის მიხედვით, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.06.2024 წლის №21- 12521 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია 14.06.2024 წლის მდგომარეობით არსებული სმფ-ების ნაშთის აღწერა, რაც შეადგენს 2 074 063 ლარს.

გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ფაქტობრივი ნაშთის აღწერის შედეგები გადაგზავნილია შემოწმებისთვის. შემოწმებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული, 14.06.2024 წლის მდგომარეობით არსებული მეწარმის საქონლის ფაქტობრივი ნაშთი შედარდა შემოწმების მიხედვით გამოყვანილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთთან.

გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 111 847 ლარს. მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტორების მიერ არასწორად არის დაჯგუფებული საქონლის მოძრაობა და უსაბუთოდ შეძენილი საქონლის გამოვლენა. აღნიშნული მითითებული საქონელი წარმოადგენს დანაკლისად გამოვლენილ საქონელს, საჭიროა ზედმეტობის და დანაკლისის სწორად გადაანგარიშება და ურთიერთ გადაფარვა, რის შემდეგაც საერთოდ არ დარჩება უსაბუთო შეძენილი საქონელი. მოცემულ შემთხვევაში ყველა საქონელი არის იმპორტირებული და დოკუმენტურად შეძენილი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სმფ-ების ნაშთის, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენებისა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ინვენტარიზაციის მიერ აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა სარეალიზაციო პროდუქციის რაოდენობა კატეგორიების მიხედვით, რომელიც ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებული კატეგორიების გათვალისწინებით არსებული საშუალო ფასების მიხედვით ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით ასევე გაიზარდა მცირე მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე 92-ე, 140-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადი ბრუნვის შესაბამისი განაკვეთების მიხედვით (1%-3%). ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 90-ე, 93-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სმფების ნაშთის, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენებისა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ინვენტარიზაციის მიერ აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა სარეალიზაციო პროდუქციის რაოდენობა კატეგორიების მიხედვით, რომელიც ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებული კატეგორიების გათვალისწინებით არსებული საშუალო ფასების მიხედვით ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით ასევე გაიზარდა მცირე მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიიჩნევს, რომ შესასწავლი და დასაკორექტირებელია საქონლის საბაზრო ღირებულება, რომლითაც დაუსაბუთებლად არის გაზრდილი დასარიცხი თანხები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ივნისის №21-12521 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (სარეალიზაციო ფასები) გამოიყენოს უახლოეს/მომიჯნავე 5 პერიოდზე (2023-2024 წლების), ხოლო 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გაავრცელოს აუდირებული ფასნამატი პროდუქციის კატეგორიების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქონლის დანაკლისი ხელოვნურად არის გაზრდილი, ვინაიდან საქონლის მოძრაობა არ არის სწორად გაანგარიშებული. საქონლის დიდი ნაწილი ჩაითალა აღურიცხავად და არ იქნა საქონლის მოძრაობაში სწორად ჩათვლილი. პირველი საკითხის დაკმაყოფილების შემდეგ არსებითად შეიცვლება დანაკლისად ჩასათვლელი საქონლის რაოდენობა. ასევე, შესასწავლი და დასაკორექტირებელია საქონლის საბაზრო ღირებულება, რითაც დაუსაბუთებლად არის გაზრდილი დღგ. წარმოდგენილი აქვს საქონლის ინვენტარიზაციის დოკუმენტის ამონარიდი, სადაც ვიზუალურადაც ჩანს, რომ ერთი და იგივე საქონელი (ბავშვის ტანსაცმელი და ლაბადა მანტო) დანაკლისშიც არის და აღურიცხავშიც გამოვლენილი და დაბეგრილი. მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები, გასწორდეს საქონლის დაჯგუფებაში დაშვებული შეცდომები და დანაკლისისა და ზედმეტობის გადაფარვის შედეგად გადაანგარიშდეს უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა და საქონლის იმპორტი.

საგადასახდო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სმფ-ების ნაშთის, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენებისა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ინვენტარიზაციის მიერ აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა სარეალიზაციო პროდუქციის რაოდენობა კატეგორიების მიხედვით, რომელიც ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებული კატეგორიების გათვალისწინებით არსებული საშუალო ფასების მიხედვით ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით ასევე გაიზარდა მცირე მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი.

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ივნისის №21-12521 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (სარეალიზაციო ფასები) გამოიყენოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2023-2024 წლების), ხოლო 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გაავრცელოს აუდირებული ფასნამატი პროდუქციის კატეგორიების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქონლის დანაკლისი ხელოვნურად არის გაზრდილი, ვინაიდან საქონლის მოძრაობა არ არის სწორად გაანგარიშებული.

საქონლის დიდი ნაწილი ჩაითალა აღურიცხავად და არ იქნა საქონლის მოძრაობაში სწორად ჩათვლილი. პირველი სადავო საკითხის დაკმაყოფილების შემდეგ არსებითად შეიცვლება დანაკლისად ჩასათვლელი საქონლის რაოდენობა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველ დავის საგანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23539 ბრძანება;

3. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით: - გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები; - დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველ დავის საგანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ნულად მიჩნევა და აუდირებული ფასნამატის გამოყენება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სმფ-ების ნაშთის, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენებისა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ინვენტარიზაციის მიერ აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა სარეალიზაციო პროდუქციის რაოდენობა კატეგორიების მიხედვით, რომელიც ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებული კატეგორიების გათვალისწინებით არსებული საშუალო ფასების მიხედვით ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით ასევე გაიზარდა მცირე მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველ დავის საგანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (4); 73 (5); 102; 90; 93 (11).