გადაწყვეტილება №20694/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20694/2/2023
25 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20694/2/2023).
დავის საგანი:
1. ფიზიკური პირისათვის მიწოდებული ქონების ღირებულების დაბეგვრა საშემოსავლო
გადასახადით;
2. დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის №070-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20227 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 21 377 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 12 678
დღგ - 3 078
საშემოსავლო გადასახადი - 9 600
ჯარიმა - 6 888
საურავი - 1 811
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა შხამქიმიკატებით, სამშენებლო მასალებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 8.01.2020 წლიდან 15.03.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 28.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 30.06.2023 წლის №15451 ბრძანება და ამავე თარიღის №070-13 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 27.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.08.2023 წლის №20227 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფიზიკური პირისათვის მიწოდებული ქონების ღირებულების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ 22.01.2020 წელს შეძენილია მიწის ნაკვეთი (ს/კ №----------) 27 500 ლარად, რომელიც შემდგომ დაყოფილია და ამ დაყოფის შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთი (ს/კ №-----------, ფართობი 749 კვ.მ) 16.06.2022 წელს მიწოდებულია დირექტორისთვის და ნასყიდობის ფასად დაფიქსირებულია 100 ლარი, თუმცა მიწის შეძენისას დაფიქსირებული 749 კვ.მ-ის შესაბამისი პროპორციული ღირებულება აღემატება ურთიერთდამოკიდებულ პირთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასს.
გარდა აღნიშნულისა, გადამხდელის მიერ მის საკუთრებაში დარჩენილ ნაწილზე განხორციელებულია კომერციული ფართის მშენებლობა და აღნიშნული ფართი მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით (ს/კ №----------) მიწოდებული აქვს ფიზიკური პირისთვის 20 000 ლარად.
საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე, 154-ე, 159-ე, 163-ე 164-ე მუხლების გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს ფიზიკური პირისთვის მიწოდებული აქვს უძრავი ქონება 20 000 ლარად, რომელზეც გადამხდელს არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საწარმოს მიერ 9.02.2023 წელს რეალიზებულია კომერციული ფართი მასზე დამაგრებული მიწით. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ 20 000 ლარი მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა -----------, სადაც არც აღნიშნული ოპერაცია და არც სხვა მიწების რეალიზაცია არ იყო აღრიცხული. ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა დებიტორული დავალიანების არსებობას. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელის მიერ უძრავი ქონება (მიწა და შენობა-ნაგებობა) მიწოდებულია 20 000 ლარად ფიზიკური პირისთვის, რომელიც ბუღალტრის მიერ გამორჩენილი იყო დასაბეგრ ოპერაციებში. შემოწმებით აღნიშნული მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაწილს არ ეთანხმება, რადგან აღნიშნულ მიწოდებაზე ფიზიკური პირისგან თანხის მიღება არ მომხდარა და კომპანიას აქვს მოთხოვნა, რაზეც არსებობს შესაბამისი შედარების აქტი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს შემცირდეს უძრავი ქონების მიწოდებაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაწილს არ ეთანხმება, რადგან აღნიშნულ მიწოდებაზე ფიზიკური პირისგან თანხის მიღება არ მომხდარა და კომპანიას აქვს მოთხოვნა, რაზეც არსებობს შესაბამისი შედარების აქტი.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს ფიზიკური პირისთვის მიწოდებული აქვს უძრავი ქონება 20 000 ლარად, რაც სადავოს არ წარმოადგენს.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია, რომ საწარმოს მიერ 9.02.2023 წელს რეალიზებულია კომერციული ფართი მასზე დამაგრებული მიწით. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ 20 000 ლარი მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ---------, სადაც, არც აღნიშნული ოპერაცია და არც სხვა მიწების რეალიზაცია არ იყო აღრიცხული. ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა დებიტორული დავალიანების არსებობას.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არც შემოწმების და არც დავის ეტაპზე მომჩივანს მისი არგუმენტის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 6 888 ლარის ოდენობით (მათ შორის დღგ-ში 2 088 ლარი და საშემოსავლო გადასახადში 4 800 ლარი), ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის №070-13 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 1 811 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს დაკისრებული ჯარიმების ნაწილში, საბჭომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებული შესაბამისი რეგულაციებით და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ფიზიკური პირისათვის მიწოდებული ქონების ღირებულების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით;
2. დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა შხამქიმიკატებით, სამშენებლო მასალებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ შეძენილია მიწის ნაკვეთი , რომელიც შემდგომ დაყოფილია და ამ დაყოფის შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთი მიწოდებულია დირექტორისთვის ,თუმცა მიწის შეძენისას დაფიქსირებული 749 კვ.მ-ის შესაბამისი პროპორციული ღირებულება აღემატება ურთიერთდამოკიდებულ პირთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასს.გარდა აღნიშნულისა, გადამხდელის მიერ მის საკუთრებაში დარჩენილ ნაწილზე განხორციელებულია კომერციული ფართის მშენებლობა და აღნიშნული ფართი მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით მიწოდებული აქვს ფიზიკური პირისთვის.გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101(1);154(1);272(1,2);275(2,21)