გადაწყვეტილება №23047/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23047/2/2024
30 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 13.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23047/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33957 ბრძანების აღსრულების შედეგები (საშემოსავლო გადასახადის ნაწილში).
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 მარტის №161-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 აპრილის №8871 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 202 932 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 97 932
დღგ - 27 666
საშემოსავლო გადასახადი - 70 266
ჯარიმა - 48 966
საურავი - 56 034
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7271 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 16 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო ტენდერების ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და საბანკო ანგარიშების ამონაწერების ანალიზით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლინდა სხვაობა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების, 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, აღნიშნული სხვაობა მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის №29111 ბრძანება და №161-12 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 248 938 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 29.12.2023 წლის №33957 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33957 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2024 წლის დასკვნა, 14.03.2024 წლის №5552 ბრძანება და №161-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა (დღგ) 36 663 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 202 932 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (საშემოსავლო გადასახადის ნაწილში) 2024 წლის 8 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 17 აპრილის №8871 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33957 ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხი. აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, საწარმოს დამფუძნებლის მიერ საწარმოში ნაღდი ანგარიშსწორებით შეტანილი 200 000 ლარის დახარჯვის მიზნობრიობა არ იკვეთება. ასევე, წინა პერიოდის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია არ საჭიროებდა დამატებით სახსრებს. შესაბამისად, გადამხდელის არგუმენტი არ ჩაითვალა სარწმუნოდ და არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2019 წლის თებერვლის თვეში დამფუძნებელმა - ------ემ სესხის სახით მისცა საწარმოს თანხა 200 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სესხზე გაფორმებულ იქნა სესხის ხელშეკრულება (1.02.20--). თანხის დაბრუნების პირობაში მითითებული იყო, რომ სესხის დაფარვა მოხდებოდა ეტაპობრივად,საჭიროებისამებრ. შესაბამისად, გამსესხებელს აღნიშნული სესხის თანხა გაჰქონდა ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით. შესაბამისად, მცირდებოდა სესხის თანხაც. შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოება და კომპანიიდან დამფუძნებლის მიერ გატანილი სრული თანხა დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ამ პერიოდში დამფუძნებელზე სესხის სახით უკან დაბრუნებულ თანხებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი (46 011 ლარი) შესაბამისი ჯარიმასაურავებით ამოღებულ იქნას დამატებით დარიცხული თანხებიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33957 ბრძანებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ხანდაზმულ პერიოდში საწარმოს დამფუძნებლის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით კომპანიაში შეტანილია 200 000 ლარი, თუმცა არ ჩანს აღნიშნული თანხის დახარჯვის მიზნობრიობა. პარალელურად, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებულია წინა პერიოდის ანალიზი, საიდანაც დგინდება, რომ საწარმო არ საჭიროებს დამატებით სახსრებს. შესაბამისად, აღნიშნული არ ჩაითვალა სარწმუნოდ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ნაწილში არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №33957 ბრძანების აღსრულების შედეგები (საშემოსავლო გადასახადის ნაწილში).
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №7271 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო ტენდერების ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და საბანკო ანგარიშების ამონაწერების ანალიზით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლინდა სხვაობა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების, 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, აღნიშნული სხვაობა მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №29111 ბრძანება და №161-12 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 248 938 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №33957 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის №33957 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2024 წლის დასკვნა, №5552 ბრძანება და №161-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა (დღგ) .კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (საშემოსავლო გადასახადის ნაწილში) გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №8871 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4,9„ბ“); 101(1); 154(1„ა“); 159(1 „ბ“); 163(1,2); 164(1);