უზენაესი სასამართლოს განჩინება N ბს-1175(კ-25)

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 18.03.2026
№ დოკუმენტი ბს-1175(კ-25)
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N 080310023008436101

საქმე N ბს-1175(კ-25)

18 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი).

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს ,,-----“ (მოსარჩელე).

 

მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხეები).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2025 წლის გადაწყვეტილება.

 

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

დავის საგანი: თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ-ის) საწარმოს მიერ მიღებული მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.07.2024წ. გადაწყვეტილებით სს „-----“ სარჩელი მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის N 33543 ბრძანება ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 მაგალითის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის N 985 საგადასახადო შემოწმების აქტი, 25.07.2023 წლის N 18061 ბრძანება და 25.07.2023 წლის N 021-58 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის N 28064 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 03.04.2024 წლის N 21482/2/2023 გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა აპელანტებმა აგრეთვე მოითხოვეს სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის N 33543 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2025წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.07.2024 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „-----“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე გაუქმდა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 26.02.2024 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის N 33543 ბრძანების მოქმედება მე-3 მუხლის მე - 4 მაგალითის ნაწილში.

მეთოდური მითითებისა და საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში დაუშვებლობის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტაზე, პროცესის ეკონომიურობის პრინციპის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ემსჯელა ცალკე საპროცესო დოკუმენტით და მათ საფუძლიანობაზე იმსჯელა დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის N 33543 ბრძანებით დამტკიცდა მეთოდური მითითება „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“, რომლის შესაბამისად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ-ის) საწარმოს მიერ თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევის გარეშე უცხოური საქონლის შეძენა და მიწოდება საგადასახადო შეღავათის მიზნებისათვის, საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მეთოდური მითითება არის არა საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველი, არამედ, ინსტრუმენტი, რომელიც ეფექტურს ხდის საგადასახადო ორგანოს საქმიანობას, ხელს უწყობს გადასახადების ადმინისტრირებას კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსმა გამოსცა არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, არამედ სახელმძღვანელო დოკუმენტი, მეთოდური მითითება საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე, ანუ ერთგვარად განმარტა კანონი. მეთოდური მითითებით არ განხორციელებულა ახალი საგადასახადო რეჟიმის დაწესება, არამედ გაწიმარტა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საქმიანობის წესები საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სადავო მეთოდური მითითება, არ წარმოადგენს არც ინდივიდუალური და არც ნორმატიული შინაარსის აქტს. ვინაიდან იგი სამართლებრივ შედეგებს არ ადგენს გადასახადის გადამხდელებისთვის და ცალკე გავლენას არ ახდენს მათ უფლებებსა და ინტერესებზე, ამასთან, აღნიშნული მეთოდური მითითებების ჩამოყალიბებამდეც არსებობდა ზუსტად ანალოგიური შინაარსის სიტუაციური სახელმძღვანელოები N 2663 (20.12.2021წ. შეღავათის გავრცელების მიზნებისთვის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობა) და N 2664 (07.02.2022წ. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანილი საქონლის რეალიზაცია) საგადასახადო შემოწმების აქტიც აგრეთვე არ არის გადასახადის გადამხდელის უფლებაზე და ინტერესებზე გავლენის მომხედენი დოკუმენტი, თუ მას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები (გადასახადების დარიცხვის შესახებ ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა) არ მოჰყვა შედეგად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9-მე-12 მუხლებზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლის „ა“ და „ჰ“ ქვეპუნქტებზე, 27-ე, 29-ე, 128-ე-129-ე, 131-ე-132-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) არის სპეციალური ტერიტორია, სადაც ინვესტორებს და კომპანიებს აქვთ გარკვეული საგადასახადო შეღავათები. ამ ზონათა მთავარი დანიშნულება არის ინდუსტრიული განვითარების წახალისება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკაში და ხელს უწყობენ ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, შესაბამისად, სადავო შემთხვევა, რომელიც გულისხმობს საქონლის შეძენას საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემდეგ მის რეალიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ, თავისი არსით და „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსობრივი ანალიზით, ვერ იქნება მიჩნეული ისეთი სახის ნებადართულ საქმიანობად, რომელზეც უნდა გავრცელდეს საგადასახადო შეღავათი.

სააპელაციო პალატამ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ თიზ-ის საწარმოს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლების აუცილებელი პირობაა ნებადართული საქმიანობის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელება. მხოლოდ ამ ზონის ფარგლებში ექვემდებარება პირი სპეციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ რეჟიმს. ის არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც გამოიყოფა განსაზღვრული ვადით ეკონომიკური საქმიანობისათვის. საქმიანობის განხორციელება არ გულისხმობს მხოლოდ რეგისტრაციის ფაქტს, არამედ მოიცავს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის წარმოებას, გადამუშავებას, მომსახურების გაწევას, ე.ი. საქმიანობას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი და „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი მოგების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითებს ისეთი სახის ნებადართულ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (და არა მის ფარგლებს გარეთ) საქონლის წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან მომსახურების გაწევასთან, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი. მოსარჩელე საქონლის შეძენას ახორციელებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემდგომ მის რეალიზაციას ახდენდა ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ ისე, რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროცედურაში, რაც ვერ იქნება შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის საფუძველი. ასეთ შემთხვევაში ადგილი არ აქვს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობიდან მიღებულ მოგებას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ კომპანია ვაჭრობდა პოლიგრაფიული დანადგარებით, კერძოდ, პროდუქციის შეძენას ახორციელებდა ფარგლებს გარეთ, შემდგომ მის რეალიზაციას ახდენდა ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. პროდუქცია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროცედურაში არ ექცეოდა, რაც საგადასახადო ორგანოს შეფასებით არ ჩაითვალა ნებადართულ საქმიანობად, შესაბამისად აღარ გავრცელდა საგადასახადო შეღავათები და კომპანიას განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება 18 173 607 ლარის ოდენობით.

კასატორმა მიუთითა, რომ კანონის როლი და ფუნქცია არ შეიძლება შეითავსოს არც კანონქვემდებარე აქტმა და არც შემოსავლების სამსახურის შიდა სახელმძღვანელო წესებმა. მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს გადასახადი და სანქცია დაეკისრა იმ ქმედებისთვის, რომელიც კანონით იყო ნებადართული. სააპელაციო სასამართლომ შეფასება ვერ მისცა მეთოდური მითითებების სამართლებრივ ბუნებას. რეალურად იგი ნორმატიული შინაარსისაა და მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ფორმით გამოცემა თავისთავად უკანონოა. შემოსავლების სამსახურის უფროსს არ გააჩნია ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ბრძანებით გააერთიანა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ფორმალური რეგულაციები და ჩამოაყალიბა სადავო ბრძანებაში ასახული „მაგალითი 4“ რომლითაც განმარტა, რომ მართალია, ვაჭრობა ნებადართული საქმიანობაა, თუმცა შეღავათის გავრცელებისთვის საქონელი უნდა მოექცეს თავისუფალი ზონის პროცედურაში და გადმოკვეთოს საზღვარი. აღნიშნული „მაგალითი" ისევე როგორც სადავო ბრძანებების სხვა დებულებები, შეიცავს ქცევის ზოგად მოწესრიგებას. ხსენებული რეგულაცია არ არის გათვალისწინებული არც საგადასახადო კოდექსით და არც რაიმე სხვა საკანონმდებლო აქტით. „სახელმძღვანელო“ დოკუმენტით ამგვარი მოთხოვნის დაწესება აყალიბებს ფაქტობრივად ახალ საგადასახადო რეჟიმს კონკრეტული ტიპის საწარმოებისთვის. ახალი საგადასახადო რეჟიმის დამწესებელი სადავო ბრძანება ვერ იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ფორმით გამოცემული. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ სწორედ ნორმატიული შინაარსის ინდივიდუალური აქტი გამოსცა, რომელიც არ აკმაყოფილებდა ამგვარი აქტის გამოცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემულმა აქტმა რეალურად მოახდინა გავლენა გადასახადის გადამხდელზე. საგადასახადო შემოწმების აქტში იგი მოხსენიებულია თანხების დარიცხვის დასაბუთებისას. მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა დასკვნა იმის შესახებ, რომ მეთოდური მითითება არ არის მავალდებულებელი გადასახადის გადამხდელისათვის და მისთვის შედეგებს არ იწვევს.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათები უკავშირდება თიზ-ში რეგისტრირებული საწარმოს მიერ ნებადართული საქმიანობის განხორციელებას. ამ შემთხვევაში კომპანია რეგისტრირებულია თიზ-ში, ასევე მან განახორციელა ნებადართული საქმიანობა, ამდენად, მას აქვს უფლება გამოიყენოს შესაბამისი შეღავათი. კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ შედის კანონმდებლობით განსაზღვრულ კონკრეტულ აკრძალულ საქმიანობათა სიაში. საქართველოს კანონმდებლობა არ უზღუდავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს განახორციელოს ვაჭრობა საქართველოში იმგვარად, რომ საქონელი არ ხვდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. საგადასახადო შეღავათის მისაღებად კანონმდებლობა არ აწესებს რაიმე დამატებით შესასრულებელ მოქმედებას საქონლის თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევის თაობაზე. ამგვარი ქმედების სავალდებულობა მხოლოდ სადავო მეთოდური მითითებით გამოიკვეთა. პროცედურაში მოქცევა ავტომატურ რეჟიმში არ გულისხმობს საქონლის შემოწმებას საბაჟო ორგანოების მხრიდან. საქონელი შეიძლება ისე მოექცეს პროცედურაში და შემდგომში საქართველოს ფარგლებს გარეთ მოხდეს მისი რეალიზაცია, რომ არც კი გადაიფუთოს და მისი ფიზიკური დათვალიერება არც განხორციელდეს. რაც შეეხება იმ დოკუმენტაციას, რომელიც დაკავშირებულია საქონელთან, იგი კომპანიის მისი შემოწმება მფლობელობაშია და საგადასახადო ორგანოების მიერ შესაძლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმიწისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე გაწიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მეთოდური მითითების კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტად მიჩნევისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ მიღებული მოგების გადასახადებით დაბეგვრის წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადასახადების დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა, რომელიც შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საგადასახადო კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. საგადასახადო ორგანოს მეთოდური მითითება არ წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონქვემდებარე წორმატიულ აქტებს გამოსცემს საქართველოს მთავრობა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი (საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხ.). ასეთად მეთოდური მითითების მიჩნევის შემთხვევაშიც კი საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე წორმატიული აქტების მიმართ („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77 მუხ.). კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ ცვლის საგადასახადო კოდექსით რეგულირებადი ურთიერთობების მონაწილეთა ვალდებულებების შინაარსს. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლიდან გამომდინარე გადასახადების ოდენობის დადგენა და გადასახადებისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით, შესაბამისად მეთოდური მითითებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების შეცვლა არ დაიშვება.

მეთოდური მითითებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოიცემა (საგადასახადო კოდექსის 2.5 მუხ.) შესაბამისად იგი უზრუნველყოფს „ხისტი სამართლის" (Hard Law (კანონები, კოდექსები, საერთაშორისო ხელშეკრულებები) დებულებების ინტერპრეტაციას და დაზუსტებას. ამდენად, საგადასახადო სამართლის სფეროში მეთოდური მითითებები „რბილი სამართლის“ (Soft Law) ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც ნორმატიულად სავალდებულო ძალა არ გააჩნია, თუმცა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს აკონკრეტებს და გადასახადის გადამხდელს კანონის ერთგვარად გაგებაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მეთოდური მითითება არასავალდებულო სამართლებრივი ინსტრუმენტია, მას პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. იგი ხელს უწყობს გადასახადების ადმინისტრირების პრაქტიკის დახვეწას, გაურკვევლობების თავიდან აცილებას და საგადასახადო ურთიერთობების მონაწილეთა უფლება - მოვალეობებს უფრო მეტ სიცხადეს სძენს. რიგ შემთხვევებში მეთოდური მითითებების გამოცემა აგრეთვე შესაძლებელია განპირობებული იყოს გადასახადის გადამხდელთა მიერ საგადასახადო კანონმდებლობის არასწორად აღქმით, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საგადასახადო ურთიერთობების კომპლექსურობითა და სირთულით.

მეთოდური მითითებები შეიცავს საგადასახადო ორგანოების ოფიციალურ პოზიციას კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების მქონე საგადასახადო შემთხვევებთან მიმართებით, რაც გადასახადის გადამხდელებს საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმაცია კონკრეტულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ კანონის ინტერპრეტაციისა და მოსალოდნელი დაბეგვრის ან გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე, შესაბამისად გადასახადის გადამხდელებს ექმნებათ კანონების ერთგვაროვნად გამოყენების ლეგიტიმური მოლოდინი. არასავალდებულო ხასიათის მიუხედავად, ასეთი სახის მითითებები აუცილებელია საგადასახადო ადმინისტრირებაში თანმიმდევრულობისა და პროგნოზირებადობის უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ ამცირებს კანონის თვითნებურად აღსრულების ალბათობას.

საგადასახადო ორგანოს განმარტებას არ აქვს სასამართლოსთვის სავალდებულო მნიშვნელობა, პირიქით, სასამართლოს ნორმის განმარტება უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული საგადასახადო ორგანოების საქმიანობაში. საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე საგადასახადო ორგანოს განმარტებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი და არ არის სავალდებულო გადამხდელისათვის, მით უფრო სასამართლოსათვის. მიუხედავად იმისა, რომ მეთოდურ მითითებებს არ აქვს ნორმატიული, იმპერატიული ხასიათი, იგი წარმოადგენს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის განმარტების და გამოყენების ოფიციალურ დოკუმენტს (იხ. სუსგ საქმე N ბს-858-850(კ-16), 13.09.2018წ.). მეთოდური მითითება არ წარმოადგენს აგრეთვე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. მართალია, მეთოდური მითითება მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით, თუმცა ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის, დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციული აქტის ცნების ელემენტებს. სზაკ-ის 21 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით ინდივიდუალური აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტები არა ალტერნატიული, არამედ კუმულატიური სახით არის რეგლამენტირებული. ამა თუ იმ დოკუმენტის ინდივიდუალურ აქტად მიჩნევისთვის აუცილებელია, რომ ამ დოკუმენტს შეეძლოს გარკვეული სამართლებრივი შედეგის დამოუკიდებლად გამოწვევა, რაც განსაზღვრავს გასაჩივრებისადმი იმავე დოკუმენტის დამოუკიდებლად დაქვემდებარების შესაძლებლობას (სუსგ საქმე N ბს-627(კ-21), 31.10.2023წ. ბს-916(2კ-21), 16.10.2024წ.). მეთოდური მითითება (ბრძანება მისი დამტკიცების თაობაზე) არ არის საკმარისი გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო ვალდებულების წარმოსაშობად. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, რომლის ასლი შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად წარედგინება გადასახადის გადამხდელს (საგადასახადო კოდექსის 268.1 მუხ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადასახადით დაბეგვრა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას, ვინაიდან იგი დაინტერესებულ პირს ართმევს გადასახდელი თანხის ოდენობაზე ფლობის უფლებას („Burden v. the United Kingdom“, [GC], 2008, 859; mutatis mutandis Špaček, s.r.o. v. the Czech Republic", 1999, § 39; „Bežanić and Baškarad v. Croatia", 2022, § 60) საგადასახადო სფეროში მოქმედი „სამართლის“ მიმართ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მიუთითებს ისეთივე მოთხოვწებზე, როგორიც კონვენციის სხვა დებულებებითაც არის გათვალისწინებული - განსაკუთრებით იგულისხმება ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნები („Špaček, s.r.o. v. the Czech Republic“, 1999, § 54).

სახელმწიფოს, როგორც წესი, შეფასების ფართო ზღვარი გააჩნია ეკოწომიკურ თუ სოციალურ სტრატეგიასთან მიმართებით ზოგადი ზომების მიღებისას („Wallishauser v. Austria“ (N 2), 2013, § 65), ასევე დაბეგვრის სფეროში პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას („Stere and Others v. Romania", 2006, 851; „Locascia and Others v. Italy", 2023, § 157). ასეთ საკითხებში საკანონმდებლო ხელისუფლების შეფასება პატივისცემას იმსახურებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი მოკლებულია გონივრულ საფუძვლებს (mutatis mutandis „Bulves" AD v. Bulgaria“, 2009, 63; „Gasus Dosier- und Fordertechnik GmbH v. the Netherlands“, 1995, 860). ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს მოვალეობას წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავლის კლასიფიცირება და საგადასახადო ვალდებულებების აღსრულების უზრუნველყოფის კონკრეტული საშუალებების განსაზღვრა („Cacciato v. Italy“ (dec.), 2018, §25; „Guiso and Consiglio v. Italy" (dec.), 2018, § 44).

სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორიც არ უარყოფს გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს სტატუსის მქონე პირია, რომელიც საქონლის შეძენას ახორციელებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემდგომ მის რეალიზაციას ახდენდა ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ ისე, რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროცედურაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში თიზ-ის საწარმოს მიერ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნებისთვის, შეფასებას საჭიროებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სამართლებრივი ბუნება, მისი დანიშნულება და ასეთი ზონის შექმნის მიზნები. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის, ლიკვიდაციის, მართვის, ამ ზონების ფარგლებში მმართველობისა და მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესს, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებისათვის დამატებითი პირობებს, საგადასახადო შეღავათებსა და ამ ზონების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს ადგენს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის მიზანია შეიქმნას მიმზიდველი გარემო ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხელი შეეწყოს კაპიტალისა და ტექნოლოგიების შემოსვლას საქართველოში (I მუხლი). თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები. მის მართვას ახორციელებს ადმინისტრატორი („თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1, 14.1 მუხ.). თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სპეციალურად გამოყოფილი ნაწილი, რომელიც საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებული იქნეს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობისთვის (საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე–129-ე მუხ.).

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები წარმოადგენენ ისეთ ტერიტორიებს, სადაც სახელმწიფო ქმნის სპეციალურ შეღავათიან) ეკონომიკურ და სამართლებრივ პირობებს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ქმნის მსხვილი ინვესტორებისთვის მიმზიდველ სამეწარმეო გარემოს და სათანადო დამატებით პირობას ქვეყანაში მსხვილი კაპიტალდაბანდებების განხორციელებისთვის, იქმნება ხელსაყრელი საგადასახადო, საბაჟო, ფინანსური, სამართლებრივი და სხვა სახის შეღავათები თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობისთვის, რაც ხელს უწყობს უცხოური კაპიტალის ქვეყანაში შემოდინებას, იმ რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა განთავსებული („თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის განმარტებითი ბარათი).

საგადასახადო შეღავათები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გათვალისწინებულია „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, კერძოდ, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ მიღებული მოგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა (9.2 მუხ.). მგავს დათქმას შეიცავს საგადასახადო კოდექსის 99.1 მუხლის „წ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით. გარდა ამისა. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება (130.7 მუხ.). ამდენად, თავისი არსით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე გეოგრაფიულად განსაზღვრული ადგილი, სადაც დაწესებული გადასახადები განსხვავდება ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებული გადასახადებისაგან. ასეთი ზონების შექმნის ძირითადი მიზანია ინდუსტრიული განვითარების ხელშეწყობა, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების გაძლიერება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა ხელს უწყობს ეროვნული ეკონომიკის მსოფლიო ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართვის დაჩქარებას, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტიმულირებას. ასეთი ზონები, როგორც წესი, იქმნება ისეთ ადგილებში, რომელთაც აქვთ ხელსაყრელი ეკონომიკური და გეოგრაფიული მდებარეობა ძირითად სატრანსპორტო გზებთან მიმართებით, ასევე საზღვაო პორტების, საერთაშორისო აეროპორტებისა და საზღვრების მახლობლად. აქედან გამომდინარე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ოთხი ძირითადი მახასიათებელი თვისება შესაძლოა განისაზღვროს:

1) თავისუფალი ზონის ზუსტი ადმინისტრაციული საზღვრები, ანუ გეოგრაფიულად გამოყოფილი ტერიტორია;

2) მისი მართვა ხორციელდება ადმინისტრატორის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს ორგანიზატორი ან მის მიერ დანიშნული პირი (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული);

3) თავისუფალ ზონაში საგადასახადო რეგულაციები არის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე ქვეყანაში ზოგადად მოქმედი საგადასახადო სისტემა;

4) მათ აქვთ ცალკე საბაჟო გამშვები პუნქტი და გამარტივებული საბაჟო პროცედურები.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" საქართველოს კანონის 11.1 მუხლის თანახმად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია წებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა. მითითებული წორმიდან გამომდინარე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვები საქმიანობა გულისხმობს სწორედ ამ ზონის ფარგლებში განხორციელებად და დასაშვებ საქმიანობას. ამდენად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო გადასახადის შეღავათებით სარგებლობს არა მხოლოდ მისთვის მინიჭებული სტატუსის გამო, არამედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, მის ფარგლებში ნებადართული საქმიანობის განხორციელების გამო. რაც შეეხება თიზ-ის საწარმოს სტატუსის ქონას, სწორედ მინიჭებული სტატუსი უქმნის საწარმოს ამ ზონაში საქმიანობის უფლებასა და განხორციელების შესაძლებლობას. საგადასახადო შეღავათები ასეთი ზონების გაწვითარებისთვის წესდება და არა მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტულ საწარმოს თავისუფალ ზონაში საქმიანობის უფლება გააჩნია. შეღავათიანი საგადასახადო ზონების შექმნის ერთ - ერთი ფუნდამენტური მიზანი არის ტერიტორიების ეკონომიკური განვითარების დონის გაუმჯობესება. ასეთივე შეღავათების გავრცელებამ ზონის საზღვრებს გარეთ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს და არ ემსახურება თავისუფალი ზონის შექმნის მიზნებს (უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა და სხვ.).

აღნიშნული განმარტება აგრეთვე არ ეწინააღმდეგება თავისუფალ ზონებთან დაკავშირებულ საერთაშორისო აქტებსა და საერთაშორისო პრაქტიკას „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ 1973 წლის საერთაშორისო კონვენცია (კიოტოს კონვენციას საქართველო შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 20.07.2018წ. დადგენილებით) იყენებს „თავისუფალი ზონის“ კონცეფციას, რომლის შესაბამისად ეს არის ხელმშეკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი, სადაც განთავსებული საქონელი, იმპორტის მოსაკრებელებისა და გადასახადების მიზნებისათვის არ ექვემდებარება ჩვეულებრივ საბაჟო კონტროლს. კიოტოს კონვენციის სპეციალური დებულებების მე-7 და მე-8 სტანდარტი იმპორტისა და სხვა გადასახდელებისაგან გათავისუფლებასა ან დაბრუნებას ითვალისწინებს საქონლის თავისუფალ ზონაში შეტანის შემდგომ. თავისუფალ ზონაში საქონლის ყოფნის პერიოდში გადასახადების წარმოშობის გადავადებას ითვალისწინებს აგრეთვე ევროკავშირის საბაჟო კოდექსი (Lnion Customs Code - Regulation (EU) N 952/2013). ეს ზონები საშუალებას იძლევა საქონელი ზონაში განთავსდეს გადასახადების გარეშე მანამ, სანამ საქონელი დატოვებს ზონას და სხვა რეჟიმში გადავა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (01.06.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე C-571/15 „Wallenbor Transports SA v Hauptollant Gieißen“) იმსჯელა საქონლის თავისუფალი ზონის ფარგლების დატოვების შემდგომ საქონლის დღგ-ის გადასახადის გათავისუფლების შესაძლებლობაზე და მიიჩნია, რომ დღგ-ის დაკისრების მიზნებისთვის თავისუფალი ზონები არ წარმოადგენს ეროვნული ტერიტორიის ნაწილს, ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ზონის დატოვების შემდგომ საქონლის კონკრეტულ სამართლებრივ სივრცეში გადასვლისას მისი დაბეგვრის შესაძლებლობაზე. ამდენად, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობის სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ თავისუფალი ზონის რეჟიმით სხვადასხვა სახის გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველს ქმნის საქონლის თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა. ასეთ შემთხვევებში გადასახადისაგან გათავისუფლების პრინციპი ეფუძნება სწორედ იმას, რომ საქონელი თავისუფალი ზონის რეჟიმში იმყოფება, რაც ასევე მის ფიზიკურ კონტროლში შეიძლება გამოიხატოს. კიოტოს კონვენციის სპეციალური დებულებების მე-4 სტანდარტის თანახმად საბაჟო ორგანოებს გააჩნიათ უფლებამოსილება ნებისმიერ დროს შეამოწმონ საქონელი. მსგავს დათქმას შეიცავს საქართველოს საბაჟო კოდექსის 131-ე მუხლი, შესაბამისად საქონლის ზონის ფარგლებში მოქცევის არარსებობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოების მიერ მათი კონტროლის შესაძლებლობა გამოირიცხება.

კასატორი აგრეთვე არ მიუთითებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების წინაპირობების არსებობაზე საქართველოსა და არა ერთ სახელმწიფოს შორის მოქმედებს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება“, კერძოდ, აღნიშნული შეთანხმებები ითვალისწინებს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის იმ ქვეყანაში დაბეგვრის შესაძლებლობას, სადაც ის იქნა მიღებული ან რეზიდენტობის ქვეყანაში მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასეთი სახის გარემოებებზე არ მიუთითებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 5 600 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს „-----“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2025 წლის გადაწყვეტილება.

3. სს „-----“ (საიდენტიფიკაციო კოდი ----- ) უკან დაუბრუნდეს ----- (პირადი ნომერი ----- ) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება N -----, გადახდის თარიღი 23.10.2025წ.) 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N 200122900, სახაზიწო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

 

თავმჯდომარე:

გიზო უბილავა

 

მოსამართლეები:

ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე

 

სადავო საკითხი:

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ-ის) საწარმოს მიერ მიღებული მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქალაქო სასამართლომ კომპანიის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გააუქმა საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული რამდენიმე გადაწყვეტილება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს შეცვალა და სარჩელი სრულად არ დააკმაყოფილა. მისი შეფასებით, მეთოდური მითითება მხოლოდ განმარტებითი ხასიათის იყო და კომპანიას არ ჰქონდა საგადასახადო შეღავათის მიღების უფლება, რადგან საქმიანობა ზონის ფარგლებში არ ხორციელდებოდა. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ ფაქტობრივად ახალი რეგულაცია დაწესდა რაც კანონგარეშე იყო. უზენაესმა სასამართლომ საჩივარი მიიღო განსახილველად.

 

გადაწყვეტილება:

სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია. საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

 

დასაბუთება:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით.