ბრძანება N 19704

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.09.2024
№ დოკუმენტი 19704
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19704

03 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 23 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ---------) 2024 წლის 23 ივლისის №122973/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივნისის №056-31 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ჟურნალ ორდერული აღრიცხვის მეთოდით. აცხადებს, რომ თითოეულ საქონელს გააჩნია თავის სააღრიცხვო უნივერსალური კოდი, საქონლის შეძენა 100%-ით ხდება იმპორტის საშუალებით, რაზეც თითოეულ საქონელს გააჩნია ინვოისი და თავისი უნიკალური კოდი, რის მიხედვითაც ხდება საქონლის შემოსავალში აღება, როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად, შესაბამისად, რეალიზაციის მომენტში ხდება მათი ჩამოწერა ანალოგიური მეთოდით, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 22 აპრილის №9184 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად სხვაობა ფაქტიურ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის არ დადგენილა. ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი შეადგენს 8,4%-ს. აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მთლიან რეალიზაციაში, რომელიც შეადგენს 1 500 152 ლარს (დღგ-ის გარეშე) დოკუმენტური რეალიზაციის წილმა შეადგინა 26%, 390 800 ლარი, შესაბამისად დოკუმენტური რეალიზაციიდან შესაძლებელია რეალიზებული საქონლის 100%-ის იდენტიფიცირება. აცხადებს, რომ შესაძლებელია ყველა შეძენისა (იმპორტის) და რეალიზაციის დაკავშირება, შესაბამისად შესაძლებელი იქნებოდა დოკუმენტური ფასნამატის კოეფიციენტის დადგენა და გაანგარიშება. ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 22 აპრილს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და შედგენილია ოქმი №874963. აგრეთვე მიუთითებს, რომ 2019 წლის 10 სექტემბერს დაინიშნა ი/მ --------- საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 01.01.2016-31.10.2019 შესამოწმებელი პერიოდი, რაზეც 2019 წლის 19 დეკემბერს გამოიცა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც დგინდება, რომ შემმოწმებლებმა დოკუმენტური რეალიზაციიდან (რომლის წილი საერთო რეალიზაციაში შეადგენს 19%-ს) მოახდინეს რეალიზებული საქონლის 100%-ის იდენტიფიცირება და აღნიშნული მეთოდის გამოყენებით შესამოწმებელ პერიოდზე გაიანგარიშეს ფასნამატი საშუალოდ 15%, რის საფუძველზეც განისაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს მხოლოდ ერთი საბაჟო ოპერაცია (იმპორტი) 2021 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად, ფაქტიურად შესამოწმებელ პერიოდში საქმიანობდა ძველი საქონლის ნაშთების ამოყიდვით. მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში სამართლიანი იქნებოდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. აცხადებს, რომ გადამხდელის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ყველა დოკუმენტური რეალიზაცია, რომელიც დაკავშირებულ იქნა შესაბამის შეძენებთან (იმპორტი) და გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის კოეფიციენტები, რომელიც საშუალოდ შეადგენს 4,6%-ს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №9229 და 31 მაისის №12875 ბრძანებების საფუძველზე ი/მ ---------- (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 22 აპრილის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივნისის №14353 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №056-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 344 140 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 190 047 ლარი, ჯარიმა 92 015 ლარი და საურავი 62 078 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რაელიზაცია შეადგენს 26%-ს. ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2024 წლის 22 აპრილს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ №9184 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. დადგენილი იქნა სმფ-ს ფაქტობრივი რაოდენობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე მუხლების გათვალისწინებით და გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავებისა და შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში არსებულ პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სმფ-ების თვიღირებულებაზე (საწყისს დამატებული შეძენილი საქონელი და გამოკლებული დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და საბოლოო მარაგი) გავრცელებული იქნა აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური საქმიანობისა და საქონლის იმპორტიორი ----------- ბაზრობაზე საბითუმო რეალიზაციის მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

აგრეთვე, შემოწმების მიერ დადგენილი ერთობლივი შემოსავლებისა და გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინებით დაკორექტირდა 2021, 2022 და 2023 წლების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის საფუძველზე მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად, მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24392 ბრძანებაზე, რომლითაც 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებას დაემატა დანართი №10 და რომლის მე-19 და მე-20 მუხლების მიხედვით განსაზღვრულია ფასნამატების დადგენის წესი, ფასნამატების სახეები და გამოყენების რიგითობა და განმარტავს, რომ განსახილველ შემმთხვევაში შემოწმების მიერ მესამე პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენება არ არის მართებული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ასევე, ფასნამატის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24392 ბრძანების დანართი №10- ის მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----------- (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ); ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ასევე, ფასნამატის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24392 ბრძანების დანართი №10-ის მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. დადგენილი იქნა სმფ-ს ფაქტობრივი რაოდენობა. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა. აგრეთვე, შემოწმების მიერ დადგენილი ერთობლივი შემოსავლებისა და გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინებით დაკორექტირდა 2021, 2022 და 2023 წლების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. . შედეგად, მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ).სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);100(3);102(1);159(1);163(1,2);164(1);