გადაწყვეტილება №21074/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.01.2024
№ დოკუმენტი 21074/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21074/2/2023

30 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------------ე (ს/ნ ---------------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------ის 16.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21074/2/2023).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23488 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 1 513.17 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა ვაჭრობა ხე-ტყის მასალებით, რომელიც შემოაქვს -----იდან. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 513.17 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.09.2023 წლის №23488 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2022 წლის 7 ოქტომბერს განაბაჟა ხე-ტყის მასალით დატვირთულ 4 ვაგონი. აქედან სამი ვაგონი ფიჭვის ფიცრებით (ფიჭვის დახერხილი ფიცარი - ნომინალური მოცულობით 98.894 მ 3 ფაქტიური მოცულობით - 112.313 მ 3 და ფიჭვის დახერხილი ფიცარი - ნომინალური მოცულობით 194.878 მ 3 ფაქტიური მოცულობით - 234.16 მ 3 (იხ. საბაჟო დეკლარაციები A---, A----) და ერთი ვაგონი ( ფიჭვის დახერხილი მასალა პროფილური პაგონაჟის სახით 110.082 მ 3 ; ლარიქსის მასალა პროფილური პაგონჟის სახით - 6.924 მ 3 საბ. დეკ. A----) და 17 ოქტომბერს განაბაჟა ერთი ვაგონი ლარექსი 82.287 მ 3 (საბ. დეკ. A----). ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით ძალიან მცირე რეალიზაცია ჰქონდა. ყველა რეალიზაციაზე გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები. 2023 წლის 9 მარტს შემოსავლების სამსახურის №4411 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დროს ფასეულობის დათვლა მოხდა არა ფიცრების ცალობით რაოდენობის (რაც გარკვეულად უფრო რთული იყო), არამედ მოცულობით. აღწერის შედეგად მასალები, რომლებიც შეძენილი იყო უკვე გამომშრალი დანაკლისი არ დაუფიქსირდა (კერძოდ ლარექსი და გამომშრალი ფიჭვი), ხოლო ის მასალა რომელიც მოწოდებულია ჯერ კიდევ არ იყო გამომშრალი და განიცდიდა ბუნებრივ შრობას (სწორედ ამიტომ შეძენის დოკუმენტებში არის, როგორც ნომინალური, ისე ფაქტობრივი რაოდენობა. გადახდა მოხდა ნომინალური რაოდენობით და ორივე განზომილება მოცემულია საბაჟო დეკლარაციაში, ხოლო დღგ-ის დაბეგვრის ბაზად აღებულია ნომინალური ღირებულება). დაუფიქსირდა დანაკლისი 15.7311 მ 3 . აღნიშნული მასალის ფიცრების ცალობით დათვლა, რომ მომხდარიყო დარწმუნებულია, რომ დანაკლისი არ ექნებოდა, რადგანაც ეს სხვაობა გამოწვეულია ბუნებრივი შრობის შედეგად (რაც მითითებულიც არის სტანდარტში), ასევე მოწოდების დროს საბაჟო დეკლარაციაში A --- ფიჭვის ნომინალური მოცულობაა 98.894 მ 3 და ფაქტობრივი 112.313 მ 3 , ანუ ნომინალურსა და ფაქტობრივს შორის სხვაობა 13%-ია, ხოლო საბაჟო დეკლარაციაში A---- ფიჭვის ნომინალური მოცულობაა 194.878 მ 3 და ფაქტობრივი 234.16 მ 3 ანუ ნომინალურსა და ფაქტობრივს შორის სხვაობა 20.15%, მომჩივანი რეალიზაციას ახდენდა ნომინალური რაოდენობის მიხედვით და შენიშვნაში უთითებდა ფაქტობრივსაც.

ვინაიდან არ არის შრობის ნორმა საგადასახადო მიზნებისთვის დადგენილი, მის შეძენილ მასალასაც მოჰყვება სტანდარტი, სადაც შრობის ზღვრული ნორმა 10-12 %-ია მითითებული. შეძენილი მასალა განიცდის ბუნებრივ შრობას და აღნიშნული დანაკლისი არ წარმოადგენს მის მიერ განზრახ ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტს.

მომჩივანმა წარმოადგინა 2023 წლის 7 მარტს გამოწერილ ზედნადები, სადაც მითითებულია 10 ღერი ფიცარი ზომით 35/40, 152/158, 3,985, რომლის ერთი ღერის ნომინალური მოცულობა არის 0,0212 მ 3 და 10 ღერის კი 2,212 მ 3 , ხოლო ფაქტობრივი 0,2518 მ 3 , რაზედაც უთითებს, რომ ეს არის იმის მტკიცებულება, რომ მომჩივნის მხრიდან დამალვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ასევე, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას, ისიც, რომ ეს მასალა მოჭრილია ზაფხულის პერიოდში და ამიტომ მისი ტენიანობა მაღალია, ვიდრე ზამთრის პერიოდში.

ითხოვს 15131.65 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად არ ჩაითვალოს მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და შეფარდებული 10 %-იანი ჯარიმა გაუქმდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი განმარტავს, რომ მასალის ფიცრების ცალობით დათვლა, რომ მომხდარიყო დანაკლისი არ ექნებოდა, რადგან ეს სხვაობა გამოწვეულია ბუნებრივი შრობის შედეგად (რაც მითითებულიც არის სტანდარტში), ასევე საბაჟო დეკლარაციაში A ---- ფიჭვის ნომინალური მოცულობაა 98.894 მ 3 და ფაქტობრივი 112.313 მ 3 , ანუ ნომინალურსა და ფაქტობრივს შორის სხვაობა 13%-ია, ხოლო საბაჟო დეკლარაციაში A --- ფიჭვის ნომინალური მოცულობაა 194.878 მ 3 და ფაქტობრივი 234.16 მ 3 ანუ ნომინალურსა და ფაქტობრივს შორის სხვაობა 20.15%, მომჩივანი რეალიზაციას ახდენდა ნომინალური რაოდენობის მიხედვით და შენიშვნაში უთითებდა ფაქტობრივსაც. ვინაიდან, არ არის შრობის ნორმა საგადასახადო მიზნებისთვის დადგენილი, მის შეძენილ მასალასაც მოჰყვება სტანდარტი, სადაც შრობის ზღვრული ნორმა 10-12 %-ია მითითებული. შეძენილი მასალა განიცდის ბუნებრივ შრობას და აღნიშნული დანაკლისი არ წარმოადგენს მის მიერ განზრახ ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტს.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები“.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში კი საქმეში არსებული მასალებიდან დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული აღნიშნული სადავო საკითხი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23488 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 513.17 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №23488 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9);