ბრძანება N 2721
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2717
14.02.2023
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 30 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2022 წლის 30 აგვისტოს №157790/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №007-205 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშებული დოკუმენტის გარეშე შესყიდული საქონლის თვითღირებულების 25%-ის მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინა ის შესყიდვები, სადაც 100%-იანი ზარალი ჰქონდა მიღებული საწარმოს. დამატებით აცხადებს, რომ საველე მდგომარეობაში უწევდა ხილის შესყიდვა, რის გამოც შესყიდვის დოკუმენტებიც შედგენილი იყო საველე პირობებში და ამ ფაქტობრივმა გარემოებამ გამოიწვია შესყიდვის დოკუმენტების დაკარგვა, თუმცა წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად ასლი ბარდებოდა საბაჟო სამსახურს. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო თავისივე უწყებიდან მიეღო საჭირო ინფორმაცია განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნავს, რომ რეალურად საწარმო მომსახურებას უწევდა ფიზიკურ პირებს, რომელთაც ფაქტობრივად სარეალიზაციოდ ჰქონდათ მომზადებული პროდუქტები, ხოლო საწარმო კი უზრუნველყოფდა მის ექსპორტს. ამ მომსახურების ფარგლებში ერთი სატრანსპორტო საშუალებით პროდუქტის ექსპორტისთვის საწარმო იღებდა 500 ლარს. მის ვალდებულებას წარმოადგენდა ფიტოსანიტარული დოკუმენტების მომზადება და საბროკერო მომსახურეობა. აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ოპერაციის შინაარსი სხვაა, ხოლო ფორმა კი სხვა. ამდენად, მომჩივანი ითხოვს, რომ მოგების გადასახადის გაანგარიშების დროს საერთოდ არ იქნას გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი შესყიდვების დოკუმენტების არ არსებობისთვის. ეს უნდა გამოიყენონ მხოლოდ დანარჩენი მომსახურების გაწევის შესაბამისი დოკუმენტების არ არსებობის შემთხვევაში, რისი საფუძველიცაა ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 იანვრის №1942 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 19 ივლისის №19109 ბრძანება და ამავე თარიღის №007–205 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 430 734 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 442 508 ლარი, ჯარიმა 721 354 ლარი და საურავი 266 872 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი. პირს არ უფიქსირდება ადგილობრივი რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ექსპორტზე გატანილი ჰქონდა 26 151 760 ლარის ღირებულების საქონელი (ხილი და ბოსტნეული). შემოწმებისათვის არასრულად იყო წარდგენილი პირის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, არ სრულდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნები. გადამხდელმა ელექტრონულად (PDF ფორმატით) წარადგინა მხოლოდ 2 902 609 ლარის ღირებულების შესყიდვის აქტები. საწარმოს მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტების ნაწილის გადამოწმებისას „გამყიდველად“ მითითებულმა პირებმა არ დაადასტურეს წარდგენილ შესყიდვის აქტში არსებული ინფორმაცია (230 884 ლარის ღირებულების შესაბამის შესყიდვის აქტებზე), რასთან დაკავშირებითაც წარადგინეს ახსნაგანმარტებები და განცხადებები. ამის შემდგომ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიღრმისეული ანალიზისათვის/შესწავლისათვის შემოწმებამ საწარმოსგან გამოითხოვა შესყიდვის აქტები მატერიალური ფორმით, თუმცა გადამხდელმა ვერ წარადგინა. შესაბამისად, შემოწმებისათვის ვერ მოხდა ხსენებულ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის მართლზომიერების დამტკიცება. ამდენად, შემოწმებამ აღნიშნული შესყიდვის აქტები არ მიიჩნია სანდოდ. შესაბამისად, ვინაიდან, გადამხდელის მიერ არასრულად იყო წარდგენილი ხარჯთან დაკავშირებული დოკუმენტები, პირის მიერ გაწეული ხარჯების განსაზღვრისათვის შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, პირის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტების, მიღებული სასაქონლო ზედნადებების, იმპორტისა და ექსპორტის დოკუმენტაციის მიხედვით გაანგარიშდა საწარმოს მიერ რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 11%. იმ საქონლის ღირებულებიდან, რომელთა შესაბამისი შესყიდვის დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, ზემოხსენებული ფასნამატის მიხედვით განისაზღვრა დოკუმენტის გარეშე შესყიდული საქონლის თვითღირებულება. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლით, 982 მუხლისა და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითებით და გადამხდელის მიერ გაცხადებულ და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდებში დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, უდოკუმენტოდ შესყიდული საქონლის თვითღირებულების 25% დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, შემოწმებით, საბაჟო დოკუმენტაციის, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული ხარჯების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის დამუშავების შედეგად ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების ანალიზი. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა განკარგვადი თანხები (2019, 2020 და 2021 წლების ბოლოსთვის პირს უფიქსირდებოდა სალაროს ნაშთი). პირს წარმოდგენილი ჰქონდა ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. ასევე, არ გააჩნდა დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთი. შემოწმების მიერ გაანგარიშდა შესაბამის პერიოდებში პირის მიერ მიღებული და გაწეული საკასო შემოსავლები და ხარჯები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრა შესაბამისი პერიოდების სალაროს გონივრული ნაშთები (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების შესაბამისად), ხოლო თანხის ის ნაწილი, რომელიც აღემატებოდა გონივრულ ნაშთს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ექსპორტზე გატანილი ჰქონდა 26 151 760 ლარის ღირებულების საქონელი (ხილი და ბოსტნეული). შემოწმებისათვის არასრულად იყო წარდგენილი პირის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, არ სრულდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. ასევე, პირის მიერ ელექტრონულად წარდგენილი 2 902 609 ლარის ღირებულების შესყიდვის აქტების ნაწილის გადამოწმებისას „გამყიდველად“ მითითებულმა პირებმა არ დაადასტურეს წარდგენილ შესყიდვის აქტში არსებული ინფორმაცია (წარდგენილია ახსნაგანმარტებები და განცხადებები). ამასთან, გადამხდელმა თავად ვერ შეძლო მატერიალური ფორმით შესყიდვის აქტების წარდგენა. შესაბამისად, შემოწმების პროცესში ხსენებულ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის მართლზომიერება ვერ დადგინდა.
გადამხდელის არგუმენტი, რომ თითქოს იგი მომსახურებას უწევდა ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სარეალიზაციოდ ჰქონდათ გამზადებული საქონელი, ხოლო საწარმო უზრუნველყოფდა საქონლის ექსპორტს, ასევე, მასთან დაკავშირებული ფიტოსანიტარული დოკუმენტების მომზადებას და საბროკერო მომსახურებას, შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ახსნა-განმარტება პირის საქმიანობის შესახებ, სადაც განმარტავს, რომ პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა ხილის და ბოსტნეულის შესყიდვა გლეხებისგან, შესაბამისი საბუთების მოგვარება და შემდგომ ექსპორტზე გატანა.
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ 11%-იან ფასნამატს. მიუთითებს, რომ რეალურად ფასნამატი შეადგენს 8%-ს. აცხადებს, რომ გაანგარიშებაში დაშვებულია უზუსტობები. კერძოდ, შესყიდვებში 3 ცალი 200% და 250% ფასნამატი ფიქსირდება, რაც ამოვარდნილია საერთო სურათიდან, თუმცა აუდიტორებმა გაითვალისწინეს ფასნამატის გაანგარიშებისას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით დოკუმენტის გარეშე შესყიდული საქონლის თვითღირებულების გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%-ის ოდენობით განსაზღვრა, ხოლო უდოკუმენტოდ შესყიდული საქონლის თვითღირებულების 25%-ის მოგების გადასახადით დაბეგვრა კანონშესაბამისია. თუმცა, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის კოეფიციენტის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღოს საშუალო შეწონილ ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი (მაღალი) ფასნამატის მაჩვენებლები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, ფასნამატის საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის კოეფიციენტის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღოს საშუალო შეწონილ ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი (მაღალი) ფასნამატის მაჩვენებლები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.