N 1402-Vმს-XIმპ - 17/03/2026 - საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 22.01.2003, მუხ. 25) 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა
1. სარკინიგზო ქსელზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთსა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტებს იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) რკინიგზასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ მუშაობას, სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობასა და ხანძრების ლიკვიდაციას უზრუნველყოფს რკინიგზა.
2. იმ ტვირთის ნუსხას, აგრეთვე სარკინიგზო ტრანსპორტის იმ ობიექტებს, რომელიც/რომლებიც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაცვასა და თანხლებას მოითხოვს, ადგენს/განსაზღვრავს რკინიგზა დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვისთვის სათანადო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. იმ ტვირთს, რომელიც განსაკუთრებული პირობებით გადაიზიდება, იცავს და აცილებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა“ და „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის“ შესაბამისად.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს რკინიგზის მიერ ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით კერძო დაცვით ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები ძალაშია მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,17 მარტი 2026 წ.
N1402-Vმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე