გადაწყვეტილება №18470/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2023
№ დოკუმენტი 18470/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18470/2/2022

9.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „------ -ს “19.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18470/2/2022).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 22.07.2020 წლის №20491 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2022 წლის №005-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24735 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 341 662 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 166 866

ჯარიმა - 83 733

საურავი - 91 063

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3.12.2019 წლის №005-439 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.07.2020 წლის №20491 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება/დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) განახორციელოს ამავე კოდექსის 1333 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.07.2020 წლის №20491 ბრძანებით აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 18.01.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 17.02.2022 წლის №005-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24735 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე საკითხის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2.02.2012 წლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც, რეალიზებული შავი ლითონის ჯართის სარეალიზაციო ფასის 75% მიჩნეულ იქნა საქონლის შეძენის ღირებულებად და აღნიშნული მეთოდით მიღებული საქონლის თვითღირებულება დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის საფუძველზე გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 440 179 ლარით, მათ შორის, გადასახადი 293 452 ლარით და ჯარიმა 146 726 ლარით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 22.07.2020 წლის №20491 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა თვითღირებულება განსაზღვრა №0256 მეთოდური სახელმძღვანელოს მიხედვით, რაც უკვე არასწორია და თითქოს საწარმომ მიიღო 25%-იანი მოგება შავი ლითონის ჯართის რეალიზაციიდან.

საწარმომ მუშაობა დაიწყო 14.07.2018 წელს და დაასრულა 10.09.2018 წელს, ე.ი. მთლიანად იმუშავა 58 დღე, ხოლო საწარმო თუ 25%-იანი მოგებით მუშაობდა რატომ შეწყვეტდა მუშაობას?

საწარმომ მთელი ამ დროის მანძილზე მიიღო ზარალი და ამის გამო შეწყვიტა ფუნქციონირება, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს საქონლის თვითღირებულება, რომ დაედგინა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, როგორც ეს მიუთითა შემოსავლების სამსახურმა თავის 22.07.2020 წლის №20491 ბრძანებაში, საწარმო მიიღებდა ზარალს, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს აქვს საკმარისი ინფორმაცია და დოკუმენტები იმის შესახებ, რომ მესამე პირებისაგან აეღო შავი ლითონის შეძენის ფასები დროის იმ პერიოდზე როცა ფუნქციონირებდა საწარმო, რაც პირდაპირ არის მითითებული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილში და ასეთივე მითითება აქვს მეთოდურ სახელმძღვანელოს №0256, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა მაინც აიღო ისეთი ვარიანტი, რომელიც წარმოაჩენდა საწარმოს როგორც მომგებიან საწარმოდ, არადა სინამდვილეში საწარმომ მიღებული ზარალის გამო ვეღარ შეძლო გაეგრძელებინა ბიზნესი.

აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება უნდა განსაზღვროს ისე, როგორც ეს დაავალა შემოსავლების სამსახურმა თავისი 22.07.2020 წლის №20491 ბრძანებით და შავი ლითონის ჯართის შეძენის ღირებულება განსაზღვროს დროის იმავე პერიოდზე როცა ფუნქციონირებდა საწარმო, მესამე პირებიდან მიღებული დოკუმენტალური მტკიცებულებიდან მიღებული მონაცემებით, რაც დაამტკიცებდა, რომ საწარმომ მიიღო ზარალი და მიღებული მოგება, რომელიც ჩაითვალა ხელფასად განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას, ხოლო საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით განხორციელებული დაბეგვრა გადაიანგარიშოს მიღებული ზარალიდან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

შემოსავლების სამსახურის 22.07.2020 წლის №20491 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება/დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) განახორციელოს ამავე კოდექსის 1333 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით.

აუდიტის დეპარტამენტის 18.01.2022 წლის დასკვნით გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება განისაზღვრა №0256 მეთოდური სახელმძღვანელოს შესაბამისად, კერძოდ რეალიზებული შავი ლითონის სარეალიზაციო ფასის 75% მიჩნეულია პროდუქციის შეძენის ღირებულებად და აღნიშნული მეთოდით მიღებული საქონლის თვითღირებულება დაბეგრილია გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, ხოლო სხვაობა, რეალიზებული ჯართის თვითღირებულებასა (არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული) და საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს შორის (რაც ასახულია საბანკო ანგარიშებში და შემდგომ გატანილია ფულად აქტივებზე პასუხისმგებელი პირის მიერ) ჩათვლილ იქნა ხელფასის სახის განაცემად. ხარჯად აღიარებული თანხები ჩაითვალა გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებულ განაცემად და დაბეგრილ იქნა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ შავი ლითონის სარეალიზაციო ფასის 75% მიჩნეულია პროდუქციის შეძენის ღირებულებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 18.01.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 22.07.2020 წლის №20491 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.